შსს-ს ცნობით, 2 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი ადამიანი – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები, გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე. სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს.
ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ძმები ფეიქრიშვილები კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები არიან. მათი სახელები არაერთ საქმეში ფიგურირებდა. წარსულში ისინი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაც იყვნენ დაკავებულები.“











კომენტარები