ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ყველაფერი, რასაც გრიგოლ ლილუაშვილს ედავებიან, სიმართლეც რომ იყოს, ერთი რამის გამო მაინც იმსახურებს პატივისცემას – როგორც ჩანს, მან ძალიან კარგად იცის განსხვავება ორ რამეს შორის: რისთვის დაიჭირეს და რა „ბრალი“ დაუმტკიცეს. ეს ერთი და იგივე ყოველთვის არ არის. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ლილუაშვილმა იცის, რატომ აღმოჩნდა ციხეში. და სწორედ ამიტომ არ აღიარებს იმას, რასაც ედავებიან – მისთვის სასამართლოში წარდგენილი ბრალდება და მისი დაჭერის რეალური მიზეზი ერთი და იგივე არ არის.
მაგრამ აქ კიდევ უფრო საინტერესო სხვა რამეა.
ხელისუფლებაში თუ ვინმე რამეს იპარავს, ყოველთვის მხოლოდ პირად სიხარბეზე ხომ არ არის საუბარი? არა, განა სიხარბე არ სძლევს მავანს და ბევრსაც. მაგრამ სისტემურ ხელისუფლებაში კორუფცია ხშირად მხოლოდ ინდივიდუალური დანაშაული აღარ არის. ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იცოდა, ვინ აძლევდა საშუალებას, ვისთან ნაწილდებოდა გავლენა და რატომ გახდა კონკრეტული დანაშაული „დანაშაული“ მხოლოდ კონკრეტულ მომენტში?
სწორედ ეს არის ჩემთვის ლილუაშვილის საქმის პოლიტიკური ნაწილი.
თუ ადამიანი წლების განმავლობაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზეა, შემდეგ კი იმავე ხელისუფლების პირობებში კორუფციისთვის ასამართლებენ, მხოლოდ კითხვა — „აიღო თუ არა ქრთამი?“ — აღარ კმარა.
უნდა იკითხო კიდევ: თუ იღებდა — როდიდან იცოდნენ? თუ იცოდნენ — რატომ ითმენდნენ? და თუ წლების განმავლობაში ითმენდნენ — რატომ გადაწყვიტეს მისი დასჯა სწორედ ახლა?
აი, აქ იწყება განსხვავება სისხლის სამართლის ბრალდებასა და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლო მიზეზს შორის.
და როცა შენ თვითონ იცი, სინამდვილეში რას გედავებიან, მაგრამ სასამართლოში სულ სხვა რამეს გიმტკიცებენ, ბევრი რამ მართლაც უფრო ნათელი ხდება.”











კომენტარები