გამოცემა “ბათუმელების” ცნობით, კობახიძის სიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტზე მყოფი დავით ფაცაცია 6 წელია საქორწინო საჩუქარს იღებს ფულის სახით. კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე ის 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა:
დავით ფაცაციას ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, მას არ აქვს სახლი ან რაიმე ქონება. ერთადერთი, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე შევსებული დეკლარაციებიდან ჩანს, მას 2019 წლიდან საქორწინო საჩუქარი მიუღია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება.
2019 წლის დეკლარაციაში წერია, რომ დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 54 ათასი ლარი და 14 500 დოლარი.
მომენტში სხვა ქონება არ აქვს. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ ის ქონება, რომელიც მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ საჩუქრის სახით მიიღო. კერძოდ, 2013 წელს, ქეთევან კობახიძეს მშობლებისგან, თამარ ზაალიშვილისგან და გიორგი კობახიძისგან საჩუქრად მიუღია წყნეთში მდებარე 567 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2016 წელს საჩუქრად მიღებული აქვს ავტოფარეხი და ბინა.
2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ისევ ჩანს ქეთევან კობახიძის საჩუქრები – მიწის ნაკვეთი, ბინა და ავტოფარეხი. ხოლო ნაღდი ფულის გრაფაში წერია, რომ დავით ფაცაცია ფლობდა 54 000 ლარს და 14 000 დოლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა საქორწინო საჩუქრის სახით.
2021 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციამ მიუთითა, რომ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 69 ათასი ლარი და 17 000 დოლარი.
2021 წლის დეკლარაციაში, მინისტრს ისევ თავისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება აქვს მითითებული. თუმცა დეკლარაციიდან ქრება 2013 წელს ნაჩუქარი 567 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში და ჩნდება 2019 წელს ნაჩუქარი 2 270 კვ. მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, იგივე მისამართზე
2023 წელს დეკლარაციაში ფაცაციას ნაღდი ფულის გრაფაში ისევ მითითებული აქვს რომ 2023 წელს საქორწინო საჩუქარი მიიღო – 79 000 ლარი და 26 000 დოლარი.
2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქარი მიიღო – 91 000 ლარი და 29 000 დოლარი.
წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ 2025 წელსაც მიიღო საქორწინო საჩუქარი. ამჯერად 105 ათასი ლარი და 34 000 დოლარი… – წერს გამოცემა ბათუმელები











კომენტარები