ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,მე ოპოზიციაში დაპირისპირებას სასარგებლოდ მივიჩნევ. წყლის ამღვრევას ბოლოს მაინც მისი დაწმენდა მოჰყვება. ამ ყველაფერზე ჩემი აზრიც მაქვს. თან მაშინაც ვსაუბრობდი, როდესაც ბევრი დღევანდელი „მოვიშვიშე“ სრულიად საპირისპირო, მკვეთრად ჩამოყალიბებულ პოზიციებს არანაკლები აპლომბით აფიქსირებდა. ახლა მირჩევნია დამკვირვებელი ვიყო.
მხოლოდ ერთს ვიტყვი: ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის. რაც სათქმელია, ხვალ თუ ზეგ მაინც ითქმება და ჯობია ბოლომდე ითქვას. თორემ დაწმენდილი წყალი ძალიან მალე ისევ აიმღვრევა.
არც ის მაღელვებს, რომ „ახალი ლიდერები“ არ ჩანან. არც ის არის ჩემთვის ახალი აღმოჩენა, რომ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი ლუბიანკაზე იწერება და უკანასკნელი გოიმებივით კენწლავენ – „ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც. ზახაროვა რომ გამოგიცხადებს, ერთ ადგილას გაიკეთე შენი ახალი ტრაქტატიო , ტეხავს. პერსონალურ პრიზმაში მკიდია; სახელმწიფოებრივ პრიზმაში – ტეხავს.
და კიდევ ერთი. ოპოზიცია რომ წუწუნებს – ფული არ გვაქვსო: ბობოლა ბიზნესმენების ამბავი გასაგებია, მაგრამ 14 წელია საშუალო ბიზნესისთვის მხარში დასადგომად ხმა არ გაგიღიათ. იმ ბიზნესისთვის, რომელიც დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. ახლა რატომ გიკვირთ, რომ მისგან არც ფული მოდის და არც განსაკუთრებული ენთუზიაზმი?
და ბარემ მედიაზეც: აქ არასოდეს იცოდით, ვინ იყო თქვენი ნამდვილი, ღირებულებითი მოკავშირე – არა ფულის, არა გრანტის, არა კონკრეტული პოლიტიკური მომენტის გამო, არამედ სწორედ ღირებულებების გამო. ჰოდა, ახლა კი ხართ იმ დღეში, რაშიც ხართ.“











კომენტარები