ოფთალმოლოგია და ოფთალმოქირურგია ისე განვითარდა ბოლო წლებში, რომ თვალის პათოლოგიების დიაგნოსტირება, მკურნალობა ხდება სწრაფად, ხარისხიანად, უმტკივნეულოდ და სარეაბილიტაციო პერიოდიც ასევე სწრაფი და კომფორტულია. მთავარია, კლინიკა აღჭურვილი იყოს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პროფესიონალური გუნდით.
დღეს “ალიას” ესაუბრება ოფთალმოქირურგი, 27-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მაია საგინაშვილი. იგი ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის გუნდის წევრია. ეროვნული ცენტრი უკვე 134 წელია, საუკუნეზე მეტია, თვალის პათოლოგიებს სწავლობს და მკურნალობს, ვითარდება და უზარმაზად ტრადიციასა და გამოცდილებას თაობიდან თაობას გადასცემს. ეს ცენტრი ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია კარლ ცაისისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ ამიერკავკასიის რეგიონალურ რეფრაქციული ქირურგიის ცენტრად.
– სიელმე ანუ სტრაბიზმი არის მხედველობის ანალიზატორის მოტორულ-სენსორული პათოლოგია, რის დროსაც დარღვეულია თვალის კაკლების პარალელურად დგომა და მოძრაობა.
სიცოცხლის პირველ 6 თვეში გამოვლენილი სტრაბიზმი თანდაყოლილია. თანდაყოლილი და შეძენილი სტრაბიზმი არ არის იდენტური. გარკვეული მახასიეთებლებით გვაქვს სხვადასხვა ანამნეზი და კლინიკური სურათი.
– როგორი სიმპტომები ახასიათებს?
– რაც შეეხება სიმპტომებს:
- დარღვეულია თვალის კაკლების სწორი მდებარეობა პირვანდელ პოზიციაში.
- აგრეთვე, მათი პარალელურად მოძრაობის უნარი. შესაძლოა ცალმხრივად, ან ორმხრივადაც.
- შესაძლოა ასევე იყოს სხვადასხვა გენეზის მხედველობის რეფრაქციული ნაკლი. მაგალითად, შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი.
- აგრეთვე თვალის კაკლის ორგანული პათოლოგიით გამოწვეული დაავადებები, მაგალითად, თანდაყოლილი კატარაქტა, ქორიორეტინული ანთება, მხედველობის ნერვის დაზიანება, ბადურას გენეტიკური დაავადებები. ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიური და ტრავმული დაზიანებები.
მანიფესტირების ასაკი, გამომწვევი მიზეზის მიხედვით, სხვადასხვაა. ჩვილობიდან ხანდაზმულობამდე.
– რა შეიძლება იყოს სიელმის განვითარების ძირითადი მიზეზები?
– სიელმის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს რეფრაქციული ნაკლით განპირობებული დაბალი მხედველობა ერთ ან ორივე თვალზე. ხშირად, ცალმხრივი სიელმე გადახრილი თვალის დაბალ მხედველობაზე მიუთითებს.
აგრეთვე თვალის მამოძრავებელი აპარატის ცენტრალურ თუ პერიფერიულ დონეზე დაზიანებამ შესაძლოა სტრაბიზმი გამოიწვიოს. თითოეულ თვალის კაკალს ამოძრავებს ექვსი ექსტრაოკულური კუნთი, რომელთა შეთანხმებული მუშაობა კრანიალური ნერვების საშუალებით ხორციელდება. ცნს ში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, იქნება ეს მოცულობითი, ანთებითი, ტოქსიური, ნეიროდეგენერაციული,- მოულოდნელად სტრაბიზმის განვითარების მიზეზი ხდება ხოლმე.
– რამდენად მნიშვნელოვანია სიელმის დროული დიაგნოსტირება და რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მკურნალობის გარეშე?
– სიელმის დროულ დიაგნოსტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების მკურნალობის სწორად დაგეგმვისთვის. თუ ეს პრობლემა განპირობებული არის რეფრაქციული მანკით, მაშინ ამ შემთხვევაში გართულება შესაძლოა იყოს “ზარმაცი თვალის” განვითარება, დაბალი მხედველობა და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ ეს პრობლემა განპირობებული არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე რაიმე პათოლოგიური პროცესით, მაშინ მისი დროულად დიაგნოსტირების სიმწვავე უფრო აქტუალურად დგება.
– რა მეთოდებით ხდება დღეს სიელმის დიაგნოსტირება? რამდენად მარტივად, რამდენად დისკომფორტის გარეშე და რამდენად ხარისხიანად?
- სიელმით პაციენტის მომართვის შემთხვევაში, კვლევა იწყება რუტინული კვლევით. განისაზღვრება მხედველობა – რეფრაქცია კლინიკური, განისაზღვრება სათვალეების საჭიროება ან არსაჭიროება. რამდენად კორეგირებს მხედველობას სათვალის საშუალებით. ხდება თვალის კაკლის სტრუქტურების დათვალიერება, ოპტიკური შრეების, ბადურა გარსის, მხედველობის ნერვის. შემდეგ უკვე გადავდივართ სპეციფიურ კვლევებზე, რომელიც მოიცავს თვალის კაკლების მდებარეობის კვლევას, მათ მოძრაობის კვლევას, სიელმის კუთხის გაზომვას და ასე შემდეგ.
პროცესი არ არის დაკავშირებული პაციენტისთვის რაიმე სახის დისკომფორტთან, თუმცა, საჭიროებს ექიმის მაღალ პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებთან გვიწევს მუშაობა. ექიმი სრულყოფილად უნდა ფლობდეს კვლევის მეთოდებს, რათა ბავშვთან კომუნიკაციის დროს ისე მიიღოს ზუსტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ბავშვისთვის დამღლელი და რუტინული არ გახდეს კვლევა.
– როგორ იგეგმება მკურნალობის ტაქტიკა თითოეული პაციენტისთვის? შესაძლებელია თერაპიული მკურნალობა?
- მკურნალობის ტაქტიკა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იგეგმება. გამომდინარე იქედან,, რა არის მიზეზი, ეტიოპათოგენეზურად რამ გამოიწვია სიელმის განვითარება. თუ არის წამყვანი რეფრაქციული ანომალია, მაშინ ვიწყებთ სათვალით კორექციით, თუ არის წამყვანი კუნთოვანი დისბალანსი, ასეთ შემთხვევაში უკვე ნელ-ნელა მივდივართ ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვამდე.
როცა სათვალეებით მკურნალობა ან ფუნქციონალური აპარატურული მკურნალობა არ გვაძლევს სასურველ შედეგს, მხოლოდ მაშინ იგეგმება ქირურგიული მკურნალობა.
რაც შეეხება ბავშვთა ასაკს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა ბავშვის თავის ტვინი მოცულობით, ანუ ბინოკულურ, – ორივე თვალით ერთდროული მხედველობის უნარს სწავლობს თვალის კაკლების სწორად დგომის პირობებში. თუ ეს უნარი, თავიდანვე არა ექნა ბავშვს განვითარებული, ასეთ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც ადამიანს არა აქვს ბინოკულური მხედველობა.
მოკლედ რომ შევაჯამო, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
– როგორია დღეს ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიური ცენტრის შესაძლებლობები?
– ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი წარმოდგენილია პროფესიონალ ექიმთა გუნდით და მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სადიაგნოსტიკო თუ ქირურგიული აპარატურით. ეს ყველაფერი კი იძლევა საშუალებას დროულად და სწორად დაისვას დიაგნოზი, ინდივიდუალურად გაიწეროს მკურნალობის პროცესი. მოხდეს დიფერენცირება ეტიოპათოგენეზურად და შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური მეთოდი. იქნება ეს კონსერვატული თუ ქირურგიული გზა.
(R)













კომენტარები