ევროკომისიამ Temu უკანონო პროდუქტების, როგორიცაა “საშიში საბავშვო სათამაშოები” და გაუმართავი დამტენები, გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ინფორმაციას BBC ევროკომისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს:
“კომპანიამ ვერ შეძლო გამოევლინა, გაეანალიზებინა და შეეფასებინა სისტემური რისკები, რომლებსაც ეს პროდუქტები შეიცავდა და ის ზიანი, რაც მათ მომხმარებლებისთვის შეეძლოთ მიეყენებინათ” , – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, შეძებილი ნივთები შეამოწმეს. დადგინდა, რომ კომპანიიდან შეძენილი დამტენებიზ უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა ელექტროუსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, ბავშვის სათამაშოების უმრავლესობა კი შეიცავდა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა ოდენობა აღემატებოდა ზღვარს, ან შეიცავდა ისეთ ნივთიერებას, რომელიც ალერგიის საფრთხეს წარმოადგენს.
BBC-ის ცნობით, ჯარიმის გადახდის გარდა, Temu-მ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ევროკავშირის ტექნოლოგიების საკითხებში კომისარმა, ჰენა ვირკუნენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება Temu-სთვის „ძალიან მკაცრი სიგნალის“ გაგზავნას ისახავდა მიზნად.
Temu ამ ეტაპზე არა ჯარიმას აპროტესტებს, ან ბრალს უარჰყოფს, არამედ, ჯარიმის ოდენობას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჯარიმა მათი დანაშაულის პროპორციული არ არის.
“ჩვენ არ ვეთანხმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია, რომ ჯარიმა არაპროპორციულია. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გადაწყვეტილებას და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს“ – განაცხადა Temu-ს წარმომადგენელმა
ცნობისთვის, Temu-ს წინააღმდეგ გამოძიება 2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.














კომენტარები