• რეკლამა
  • კონტაქტი
15:45, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ – შიო მესამე

ალია ავტორი - ალია
14:05 05-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი ურყევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი.

„დამოუკიდებლობის მოპოვებისა და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნული გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია, არამედ ის, უპირველესად, ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება.

დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს. მათ, ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად.

წელს აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის, ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაცდელის ჟამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით განმსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქარტეხილს და ქრისტეს რწმენით განმტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არათუ გადარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიო სულიერების და კულტურის საგანძურში.

დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას.

ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს მომავალ თაობას. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ ხმობილნი, თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი განმტკიცებისთვის. დაე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობასა და მშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის მსახურებაზე, რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

თეგები: შიო მესამე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved