ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ 4 კომისია შექმნა, რომელთაც ფასები უნდა დაერეგულირებინათ ქვეყანაში – სამთავრობო, საპარლამენტო, სუს-ის საგამოძიებო და ეროვნული ბანკისაც….
– მეხუთე კომისიის შექმნასაც აპირებდნენ, უცხოეთიდან უნდა ჩამოეყვანათ სპეციალისტები, რომ გაერკვია რა განაპირობებს ფასების განუხრელ ზრდას (იცინის).
– კიდევ კარგი, ეგ კომისიაც არ შექმნეს და ბიუჯეტის ფული არ გადაყარეს წყალში. ახლა ვნახოთ, რა ხდება. წინასწარ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს კომისიები ვერაფერს გააკეთებდნენ, ვერაფერს შეცვლიდნენ, რადგან თუ ვინმეს მსხვილი და საშუალო ბიზნესი აქვს საქართველოში ან „ქართული ოცნების“ სხვა და სხვა დონის პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები არიან, ან მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები და თან „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები… ცხადია, ეს კომისიები ისეთს არაფერს გააკეთებდნენ, რაც მათთან დაახლოებულ ადამიანებს და მათ მშობლიურ პარტიას შემოსავლებს შეუმცირებდა. ჩემი ეს სიტყვები, „ქართული ოცნების“ ფავორიტმა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ საქართველოში რაც ბიზნესში ფული ტრიალებს, 86 პროცენტი არის ადგილობრივი ანუ საქართველოს მოქალაქეებისაო. რა მაიმუნობა იყო ამ კომისიების შექმნა, რისთვის სჭირდებოდათ?
– ამ კომისიების შექმნა იგივე იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფაშისტებს რომ შეექნათ ჰოლოკოსტის შემსწავლელი კომისია, თუ რამ გამოიწვია ებრაელთა გენოციდი. ესენი თავად არიან საქართველოში გენოციდის ავტორები, მათი ბიზნესები მთლიანად არის ოლიგარქიული. ერთი დიდი ჯგუფის ხელშია ყველა მსხვილი და მომგებიანი ბიზნესი და ეს ხალხი, ზოგი სამთავრობო კომისიაში იჯდა და ზოგი საპარლემენტოში. კობახიძე და მდინარაძე დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩევიან, მაგრამ ეტყობა, ბიძინა ივანიშვილის ნებართვით, შექმნეს ეს კომისიები. იფიქრეს, რომ ხალხს მაღალი ფასები ძალიან აწუხებს და იქნებ ოდნავ მაინც დავაწევინოთ ფასები ბიზნესს და ხალხის გულს მოვიგებთ, ქულებს ჩავიწერთ, თუ არადა, პიარი შეგვრჩებაო. ხომ ნახეთ, პირველ ეტაპზე სუს-ი რომ შევარდა რამდენიმე სუპერმარკეტში ფასების შესამოწმებლად, თითქოს სუს-ს რა ფუნქციებიც აკისრია, ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებს და აი, ფასების დაწევაღა ჰქონდათ დარჩენილი. ამან შედეგად არაფერი გამოიღო, გარდა იმისა, რომ კვერცხის მწარმოებლებმა 5 თეთრით გააიაფეს კვერცხი, რომელიც კომისიების შექმამდე 5 თეთრით ხელოვნურად გააძვირეს და ძველ ფასზე დასწიეს რეალურად. ეს საჩვენებელი „ფასდაკლებაც“ რამდენიმე დღე გაგრძელდა. ვინ არის ფასების დამწევი? არავინ! მერე, ამ კობახიძეს და მდინარაძეს შემოუტრიალდნენ მსხვილი „ქოცები“, რომელთაც დიდი ბიზნესები აქვთ – აბა, ბიძიკოები, თქვენ ერთი ადგილი მოიფხანეთ, რა ფასების დაკლება, ჩვენ ხალხს ვატყავებთ, რადგან თქვენ და თქვენისთანებს წილები მოვუტანოთ, „ქართული ოცნებაც“ შევინახოთ და ათას კოორდინატორს, სოც-ქსელებში ტროლებს, „ოცნების“ „ზონდერერებს“ ფული ვუხადოთ და კიდევ ბევრი რამ გავაკეთოთო. ესენი იყვნენ „ქოცებთან“ შეკრული როგორც ბიზნესმენები, ასევე ხელისუფლებაში მყოფი მილიონერები. ეგ იყო სულ, დამთავრდა ფასების დაკლების კომისიებში ვითომდა არსებული ენთუზიაზმი. თავიდანვე ხალხისთვის თვალებში ნაცრის შესაყრელად შექმნეს კომისიები და არც კი უფიქრიათ ფასების დაწევაზე.
– ლეიბორისტებს ძალიან ბევრი წარმატებული სოციალური პროექტები გქონდათ და თქვენ ამიტომ გეკითხებით – რა უნდა გაკეთდეს, რომ ფასები დარეგულირდეს?
– ძალიან, ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, უნდა მოისპოს მონოპოლიები, ერთი და იმავე ადამიანების ხელში არ უნდა იყო კონკრეტული ბიზნესები, სადაც ცხვირს არავის აყოფინებენ და თუ ვინმემ მოინდომა, მაგალითად, სამშენებლო მასალის ან გაყინული თევზის შემოტანა უცხოეთიდან, იმას ფინანსურ პოლიციას მიუქსევენ, დარღვევებს „აღმოუჩენენ“, ჯარიმებს დააკისრებენ იმდენს, სახლ-კარსაც გააყიდინებენ მათ დასაფარად და ისეთ დღეში ჩააგდებენ, ცხოვრებაში ბიზნესისკენ აღარ გაიხედავს, თუ დაჭერას და სხვა უბედურებას გადაურჩა. ბიზნესში უნდა შემოუშვან ახალი ხალხი, ბიზნესის ნაწილი მათზე უნდა გადანაწილდეს და ეს შექმნის კონკურენციის პირობებს. ასევე, უნდა მოისპოს კარტერული გარიგებები. ყველა სფეროში, სადაც შეიხედავ, თუ 10 კომპანიაა, ყველას ყველა პროდუქტზე ერთნაირი ფასები უდევს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა და სხვა ქვეყნიდან შემოაქვთ, სხვა და სხვა ფასი უჯდებათ მათი ყიდვაც, ტრანპორტირებაც და ბევრი სხვაც. კონკურენცია არ არის, შეთანხმებულად ერთნაირ და მაღალ ფასებს აწესებენ, რათა გაძარცვონ ხალხი. ეს შეთანხმებები ფასებზე, რასაც კარტერული გარიგება ჰქვია, უნდა მოისპოს. ასევე, ხალხს, ვისაც ბიზნესის დაწყება უნდა, დაბალპროცენტიან სესხებზე არ მოუწვდება ხელი, ისევ მსხვილი ბიზნესმენები იღებენ შეღავათიან სესხებს. ეს უკვე საბანკო მაფიის ბრალია. აქ ეროვნული ბანკიც უნდა ვახსენოთ, რომელიც იმაზე მეტ ფულად ემისიას ანხორციელებს, ვიდრე საჭიროა. ეს იწვევს ინფლაციას, ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას – ჯამში ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას. ეს მავნებლობაც უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დასწიოს ან გააუქმოს აქციზის გადასახადი საწვავზე და სხვა პროდუქტებზე, რომელთაც ეს გადასახადი ეხებათ. უნდა დაიწიოს სხვა სახის გადასახადებმა ბიზნესზე. არის კიდევ ერთი მიზეზი, რაც სასურსათო პროდუქტზე ფასებს ზრდის. ეს არის სოფლის მეურნეობის, ფაქტიურად, მთლიანად ჩაკვლა. მწვანილი, ხახვი, ნიორი, პომიდორი, კიტრი, სტაფილი, ჭარხალი, კარტოფილი ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. ქვეყანაში მხოლოდ 5 პროცენტია ადგილობრივი წარმოების აგრარული პროდუქტი, 95% უცხოეთიდან შემოდის. აგერ, ზაფხული მოდის, ხილი შემოვა და იმ ხილის უდიდესი ნაწილიც უცხოური იქნება. ქართველ გლეხს აღარ უღირს პროდუქციის მოწევა, რადგან უცხოური უფრო იაფია, მაგრამ უხარისხო. იაფი იმიტომ არის, რომ იქ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ სოფლის მეურნეობაში. ჩვენთან ისევ ბარით და თოხით მუშაობს გლეხი. არავინ ყავთ პატრონი, რომ იაფი სესხები მისცენ, რომ საჭირო, თანამედროვე ტექნიკა იყიდონ. ამას არც გააკეთებენ, გიჟები არიან? მშვენივრად აქვთ აწყობილი საქმე, ჩაკლეს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა, დასვეს ხალხი უცხოურ პროდუქციაზე და ამ ბიზნესიდან მიდის წილები „ქართულ ოცნებაში“. ეს არის დანაშაული, ეს არის ერის გენოციდის კიდევ ერთი მაგალითი. რას შვრება იცით, მერე უიმედოდ მყოფი გლეხი? ყიდის ამ თავის ვენახს, ბაღს, ზოგი სახლ-კარსაც და მიდის უცხოეთში სამუშაოდ, უმეტესობა ოჯახით და იქ პოულობენ სამსახურს, იქ იწყობენ კერას და მათგან მცირედი შეიძლება დაბრუნდეს უკან.. ნაწილი საქართველოს ქალაქებში მიდის სამუშაოდ. თავადაც ხედავთ, რეგიონებში რაც ხდება, ყველა რეგიონში და რაიონში ხალხის კლებაა, დაიცალა ათასობით სოფელი და უამრავია ისეთი, სადაც აღარავინ ცხოვრობს, სოფლებია, სადაც შარშან და იმის წინა წლებში, ერთი და ორი ბავშვი მივიდა სექტემბერში, 1-ელ კლასში სკოლებში. მეტი რა ტრაგედია გინდა? აი, ამის საფასურად ვიღაცები მილინერები და მილიარდერები გახდნენ. ამათი მიზანი ის არის, თავად იყვნენ კარგად, დიდი ფული იშოვნონ და დანარჩენი მოსახლება დაიყენონ მსახურებად. არ სჭირდებათ ამდენი ადამიანი ქვეყანაში-ჩაკლეს საყოველთაო განათლება, მედიცინა, ყველა დარგი გააპარტახეს, რადგან არაფერში სჭირდებათ. „ქართული ოცნების“ ხელში არც ფასები დაიწევს და არც არაფერი შეიცვლება ხალხის სასიკეთოდ. ესენი უნდა მოშორდნენ ხელისუფლებიდან და მერე შეიძლება რაიმე სიკეთეზე რეალურად ფიქრი. ესენი იმ ხეს არ მოსჭრიან, რომელზედაც სხედან. არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ.
კარგი, ბიზნესზეც ვთქვით და იმ მიზეზებზე, ბიზნესის გამო რატომ იწევს ფასები, მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს, რომ ხალხს სხვა სფეროებში მაინც მისცეს შეღავათი? არაფერს და მეტიც, ახრჩობს. საჯარო რეესტრში ყველა სახის მომსახურება გაძვირდა, ელეტრო ენერგიის საფასური გაძვირდა, 1-ლი მაისიდან რამდენიმე კანონი შევიდა ძალაში, მათ შორის, გაიზარდა და გაორმაგდა ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. სამჯერ გაიზარდა დაჯარიმებული მძღოლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, მძღოლებს ახრჩობენ. არადა, ბევრისთვის ავტომობილი გადაადგილებისა თუ ფუფუნების საშუალება კი არა, ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. თავად ეს არ ადარდებთ, უზარმაზარი ხელფასები და მსხვილი ბიზნესები აქვთ, გადაიხდიან, მათთვის სასაცილოდ მცირეც არის ეს გაზრდილი გადასახადები. კანონი მიღეს, ადგილობრივი მმართველობისგან უნდა აიღოს ადამიანმა ნებართვა, რომ საკუთარ ეზოში ვაზი ჩაყარო. ვისი რა საქმეა, მე მინდა ვაზს დავრგავ, მინდა ტყემლის ხეს და მინდა პალმას. ამას ხელისუფლებას რატომ უნდა ვეკითხებოდე? პირველად საქართველოში დაიწურა ღვინო და ღვინის ქვეყანა ვართო და ხალხს ვაზის გაშენებას, ფაქტიურად, უკრძალავენ. ასევე, აიკრძალა ქალაქებში გაზგასამართი სადგურები, ქალაქგარეთ უნდა გაიტანონ მფლობელებმა. რატომ? იმიტომ, რომ გაზი ბევრად იაფია და კონკურენციას უწევს ბენზინს, მძღოლებისთვის გაზი დიდი შეღავათია, მაგრამ რაც მეტი გაზი იყიდება, მით უფრო ნაკლებ ბენზინს ყიდიან იმპორტიორები. მიზეზად ის მოიდეს, რომ ეს გაზგასამართი სადგურები საფრთხის შემცველია და დასახლებულ პუნქტებში არ უნდა იყოს, რომ აფეთქდეს, ხალხს დიდად დააზარალებსო. კი, ეს ასეა, მაგრამ მარტო მაგათ რატომ ეხებათ? გავიდეთ თბილისში და განახებთ უამრავ ბენზინგასამართ სადგურს, რომლებიც სკოლებიდან, ბაგა-ბაღებიდან, კორპუსებიდან, სხვა ხალხმრავალი შენობებიდან კერძო 50 მეტრითაც არ არის დაშორებული. ესენი ამით გვიმტკიცებენ, თუ გაზგასამართი სადგური აფეთქდა, სახიფათოა და თუ ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, ეგ არაფერიაო. ესენი ახლა სრულ ჭკუაზე არიან? გაზგასამართი სადგურების ქალაქგარეთ გატანას, ახლის აშენებას დროს სჭირდება და თანაც, მერე მძღოლები უნდა არბენინონ ქალაქგარეთ. ისიც ვთქვათ, რომ ზოგიერთი ვერ მოახერხებს გატანას ქალაქგარეთ და უზარმაზარი რიგები დადგება მანქანებისა სხვა სადგურებზე. ნაბთობიმპორტიორთა მაფია რომ ძლიერია და დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, ეს მაგის ბრალია. მონღოლებმა დაახრჩვეს საქართველოს მაშინდელი მოსახლეობა, 40-ზე მეტი გადასახადი დაუწესეს ხარკის სახით და ესენი მონღოლებზე უარესები არიან, სული ამოხადეს ხალხს. თან რა არის ახლა. ნახევარი საქართველო უცხოეთშია, წლიურად 5 მილიარდ დოლარს რიცხავენ ემიგრანტები, ესეც იციან და ახლა ეს ფული მაქსიმალურად ხომ უნდა ამოიღონ, შეტენონ ბიუჯეტში, რომ მერე თავად მიოპარონ. ეს არის მოსახლების სოციალური გენოციდი, ხალხის ჩუმი მკლელობა და თუ ასე გაგრძელდა, მიაღწევენ მიზანს – საქართველოში დარჩებიან თავად და მილიონამდე თუ ნახევარ მილიონამდე ადამიანი, რომლებიც მათ მოემსახურებიან. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდიტების ქვეყანა. საქართველო ივანიშვილისთვის არის ბიზნეს- აქტივი, რომელსაც უნდა გაჰყიდის, უნდა დააგირავებს და რასაც უნდა, იმას უზამს.
















კომენტარები