არქიმანდრიტი, დოროთე ყურაშვილი:
“მოგმართავთ წმინდა სინოდს, რომ განიხილოთ მეუფე შიოს ეს სწავლება: “წმინდა ეკლესია მიაპყრობს ჩვენს სულიერ მზერას გრიგოლ პალამას სწავლებისადმი, რომელმაც გასცა პასუხი კითხვას, თუ რა არის ეს ხატება ღვთისა ჩვენში, როგორია ის? მან თქვა, რომ ღვთის ხატება – ეს არის შუქი, სინათლე ჩვენში, მაგრამ არა ფიზიკური შუქი, არამედ სწორედ ეს შუქია, რომლითაც გაბრწყინდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თაბორის მთაზე, როდესაც ფერი იცვალა. ეს არის ღმერთის დიდების შუქი. ხატება ღვთისა ჩვენში არის ამ საღვთო დიდების შუქის სხივი. …ხატება ღვთისა არის სწორედ ჩვენში საღვთო ენერგია, ანუ მადლი, როგორც ჩვენ მას ვეძახით”. წმინდა წერილი მოგვითხრობს: “და თქვა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად… და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი” (დაბ.1, 26-27).
ადამიანი არის ქმნილება და შექმნილია ღვთის ხატად. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის დაუსაბამო ღმერთი, რომ ადამიანის სული არ არის დაუსაბამო ღმერთის ნაწილი, არამედ ის არის შექმნილი. მეუფე შიო კი ამტკიცებს, რომ ადამიანში ღვთის ხატება არის სწორედ ის შუქი, რომლითაც გაბრწყინდა უფალი იესო ქრისტე თაბორის მთაზე. მისი სწავლებით გამოდის, რომ ის ნათელი, რომელიც მოციქულებმა იხილეს თაბორზე, არის ხელთქმნილი ნათელი, რადგან ხატება ჩვენში არის ქმნილება. ხოლო ჩვენ ვიცით ეკლესიის ურყევი სწავლება, რომ თაბორზე მოციქულებმა იხილეს უფლის ხელთუქმნელი ნათელი. მეუფე შიოს სწავლებით კი გამოდის, რომ ან უფლის ნათელია ქმნილება, ან ჩვენში ხატება არის უქმნელი; გამოდის, რომ ადამიანი არის ღმერთის არსის ნაწილი, ანუ დაუსაბამო ღმერთი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობა და უვიცობაა. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: “ბევრი უგუნური და წმინდა წერილის უმეცარი გაკადნიერდა და გაბედა თქმა იმისა, რომ ადამიანის სული შექმნილია ღვთის არსიდან”.
ასევე მეუფე შიო ამბობს: “ღვთის ხატებას ჩვენში ვაბნელებთ, ვაზიანებთ”. თუ ჩვენში ღვთის ხატება თაბორის შუქია, რომელიც არის ღმერთის ხელთუქმნელი ენერგია, მაშინ როგორ შეიძლება ჩვენ, “დაუსაბამო ღმერთები” ვბნელდებოდეთ, ანუ ვაბნელებდეთ ჩვენში ღვთის ხატებას?! ამ და სხვა მრავალი უგუნურების მქადაგებელი მოსაყდრე შიო მუჯირი თავს იწონებს ბათუმის სემინარიის ნაჩუქარი დიპლომით და ზაგორსკის კგბ-ს დიპლომით და საპატრიარქო ტახტის კანდიდატობიდან ხსნის ღვაწლმოსილ, პატრიარქის მიერ ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოებულ მიტროპოლიტებს, მეუფე დანიელს და მეუფე ისაიას, რომლებიც, როცა რუსეთი საქართველოს ებრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებთან იყვნენ, მათ ანუგეშებდნენ, დაღუპულთა ცხედრებს აგროვებდნენ და აპატიოსნებდნენ. ხოლო, როდესაც 2008 წელს რუსეთის ტანკები დასავლეთ საქართველოში შემოვიდა, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სასწრაფოდ დატოვა თავისი ეპარქია – სამწყსო და თბილისს მიაშურა. მეუფე ესაია კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე დარჩა თავის შეშინებულ, დამცირებულ სამწყსოსთან ერთად და ქართველ დაღუპულ გმირთა ცხედრებს აპატიოსნებდა.
ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი სინოდის ღირსეულ მამულიშვილებს რუსეთი სჯის იმათი ხელით, ვინც გვიცხადებდა, რომ ანწუხელიძისთვის სჯობდა, თავის ოჯახთან დარჩენილიყო. ისინი დღეს მეუფე ესაიას იმავეს ეუბნებიან, რომ მოქცეულიყო მეუფე შიოს მსგავსად, მიეტოვებინა განსაცდელში მყოფი თავისი სამწყსო და თბილისისთვის შეეფარებინა თავი.
რუსეთ-საქართველოს ომი გრძელდება და, როგორც ჯერჯერობით ჩანს, რუსეთი მოიგებს, ამჯერად მოსაყდრე შიოს გაპატრიარქებით საქართველოს მრავალჭირნახულ და ნატანჯ ეკლესიაზე. აფხაზეთი ოკუპირებულია, სამაჩაბლო ოკუპირებულია, საპატრიარქო ოკუპირებულია”
















კომენტარები