“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ქოცები თუ ნაცები? არცერთი!
ტერმინი „სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი“ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა და „განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ქონება“ უწოდა. საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გაიყიდა. ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე არ იქნა გათვალისწინებული არსებული საფრთხე, ხშირ შემთხვევაში მყიდველებად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოგვევლინენ. მათი მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდა ჩვენს ქვეყანაზე. ასე აღმოჩნდა თბილისის აეროპორტი თურქული კომპანიის (2005 წელი), ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (2007 წელს), ბათუმის პორტი (49 წლიანი იჯარით) ყაზახური კომპანიის, წყალკანალი (2007 წელს) ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანის ხელში, ენერგო პრო ჩეხური კომპანიის, თელასი რუსული კომპანიის ხელში… სცადა ოცნებამ რამის გამოსწორება ამ კუთხით? არაფრის, არანაირად არ შეუცვლია მიდგომა, პირიქით, კვირიკაშვილის დროს თურქულ კომპანიას თბილისი აეროპორტის იჯარა გაუგრძელეს;
“სასურსათო უსაფრთხოება” სახელმწიფოს არც ნაცების დროს გააჩნდა და არც ახლა გააჩნია. სასურსათო პროდუქტების იმპორტი მზარდია და დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან იმის შესაძენად, რისი მოყვანაც აქ თავისუფლად შეგვიძლია;
მთლიანი საგარეო ვალი სააკაშვილის პერიოდში 13,4 მილიარდი დოლარი იყო, 2013 წლის შემდეგ პერიოდულად გაიზარდა და ახლა 20,3 მილიარდი დოლარია;
სიახლე არაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად არაფერს აწარმოებს, დამოკიდებულია ტურიზმზე და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე. ყოველწლიურად მზარდია ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო, რომელმაც 2025 წელს 11,2 მილიარდი დოლარი შეადგინა! ნაცების დროს 2012 წელს უარყოფითი სალდო 5,4 მილიარდი დოლარი იყო;
აზარტული თამაშების ბიზნესის, რომელმაც მრავალი ოჯახი გააღატაკა და დაანგრია, წლიური ბრუნვა ახალ რეკორდებს ამყარებს, ნაცების დროს, 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო 2024 წელს კი 76 მილიარდი ლარი და დიდი ალბათობით 2025 წელს (ჯერ მონაცემები არ გამოქვეყნებულა) კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა. გარდა ამისა, სიონსა და ანჩისხატს შორის ჩაკვეხებულ და თბილისის სახედ ქცეულ სამორინე “შანგრილას” გადატანაზე არც ქოცებს გაუკეთებიათ რაიმე;
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა, ძალიან მაღალი პროცენტის წყალობით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საბანკო კაბალაში ჩაფლა. მათი ყოველწლიური მოგებაც მზარდია. ნაცების დროს, 2012 წელს ბანკების წლიური წმინდა მოგება მხოლოდ 134 მილიონი ლარი იყო და ახლა 3,3 მილიარდი ლარია;
ნაცებმა 2006 წელს მიიღეს კანონი: უცხოელთა სამართლეობრივი მდგომარეობის შესახებ.” რითაც სავიზო ლიბერალური პოლიტიკა გატარდა, კერძოდ 100–ზე მეტი ქვეყანის მოქალქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა შეეძლოთ 1 წლის მანძილზე. ეს ყველაფერი ტურიზმის ხელშეწყობით იყო გამართლებული. აღნიშნული პრაქტიკა არც ოცნების ხელისუფლებამ შეცვალა, უფრო მეტიც, უძრავი ქონების შეძენის მსურველი უცხოელი ბინადრობის მიცემით წაახალისა და ამით ჯერ ირანული (2017–2019 წლებში) მიგრაციული საფრთხე დაგვემუქრა, შემდეგ ბათუმში სლავური (2019 წლიდან დღემდე);
სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა ნაცების დროს დაიწყო, ეს გამართლებული იყო ინვესტიციების მოზიდვით. 2015 წელს ოცნების კოალიციიაში შემავალ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში ჰქონდა შემოტანილი კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის და საფინანსო ინსტიტუტებისთვის შეუზღუდავად აპირებდა სასოფლო მიწების მიყიდვას, თუმცა ჩვენი აქტიურობით ეს კანონპროექტი არ განხორციელდა და უფრო უკეთესიც, პროტესტის შედეგად, 2017 წელს კონსტიტუციაში ჩანაწერით, უცხოელებს აეკრძალათ სასოფლო–სამეურნეო მიწების ყიდვა. თუმცა აქაც იპოვეს გამოსავალი და მიწას უცვლიდნენ დანიშნულებას, საქართველოს მოქალაქის ხელით, სასოფლო მიწები გადაჰყავდათ არასასოფლოდ და ამის შემდეგ ყიდულობდა უცხოელი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში 2–ჯერ შევიტანე კანონპროექტი, 2018 და 2023 წლებში თუმცა ორივეჯერ უარი მივიღეთ. 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა „მიწის მართვის დეპარტამენტი“. მას შემდეგ ზუსტად აღარ ვიცით რამდენი და რა კატეგორიის მიწა გვაქვს და ვის ხელში რამდენია. დაგვიანებით, მაგრამ 2020 წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ შექმნის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ მოსაჩვენებლად, რეალურად ამ სააგენტოს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. არც მიწის კოდექსის მისაღებად უმოქმედია, შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტ–საბჭოთა სივრცეში, რომელსაც “მიწის კოდექსი” არ გააჩნია;
უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაშინაც მილიონები იხარჯებოდა და ახლაც იხარჯება. უფრო მეტიც, მომღერლების გარდა, ბიუჯეტს შეკვეთილის “Black Sea Arena”–ს ყოველწლიური შენახვა 1 მილიონი უჯდება;
დემოგრაფია ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, გადაუჭარბებლად ერი გადაშენების პირას ვართ. ამ პრობლემის გამოსასწორებლად, მნიშვნელოვანი არც ნაცებს გაუკეთებიათ რაიმე და არც ოცნებას. ერთადერთი 2016 წელს მიღებული კანონი მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიური 150 ლარიანი (200 ლარი მთაში) დახმარებაა. დემოგრაფია მხოლოდ შობადობა არ არის, ამის გამოსწორება წასული ემიგრანტების დაბრუნებითაც შესაძლებელია. თუმცა რა დაბრულებაზეა საუბარი, როდესაც ოცნების ხელისუფლების პირობებში ასიათასამდე ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ბოლო 5 წელიწადში კი მოსწავლის სტატუსი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასვლის გამო 22 736 ბავშვს შეუწყდა! გარდა ამისა, ხელისუფლება არა თუ მოქალქეობაზე, ბინადრობის სტატუსზე უარს ეუბნება ფერეიდნელ და ჰერელ ქართველებს, უამრავ ემიგრანტ ქართველს კი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. ეს იმ ფონზე როდესაც ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა აქვს და უცხოელებს საქართველოში დაფუძნება ძალიან მარტივად შეუძლიათ;
11) მწარმოებელი სახელმწიფო.
საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები ძირითადად სახელმწიფოს სიღარიბეს უკავშირდება. სახელმწიფო ფაქტობრივად არაფერს არ აწარმოებს. ქვეყანა ახდენს მუშახელის ექსპორტს და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მათ მიერ ფულად გზავნილებზე. სახელმწიფოში არ არსებობს შიდა ბაზრისა და ადგილობრივი წარმოების დაცვის პოლიტიკა. ინდუსტრიალიზაცია, ფაბრიკა–ქარხნებზე გახსნა არც ნაცების იდეოლოგიაში ჯდებოდა და არც ქართული ოცნების, ორივე აქცენტს მხოლოდ ტურიზმმზე აკეთებდა. საქართველოს საზღვაო ფლოტი 62 გემისგან შედგებოდა. სანაოსნოს ნგრევა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ხოლო 2009 წლის 25 ნოემბერს დასრულდა. ის 15 გემი, რომლებიც აბაშიძეს გადაურჩა, სააკაშვილმა გაყიდა. ქოცებს არც სანაოსნო აღუდგენიათ და დღეს ქართულ წყლებში თურქული გემები იჭერენ თევზს. ანომალიაა, როდესაც სომხეთი ჩვენზე 17–ჯერ მეტ თევზს აწარმოებს, არადა არც ზღვა გააჩნია და მდინარეებიც ჩვენზე ბევრად ნაკლები აქვს;
12) რეფერენდუმი.
ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ფორმის, რეფერენდუმის უფლება ქართველ ხალხს წართმეული აქვს საკანონმდებლო ხარვეზების შედეგად. რეფერენდუმი საქართველოში ჩატარდა მხოლოდ 2-ჯერ: 1991 და 2003 წლებში. ხალხს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აზრს არც სააკაშვილი ეკითხებოდა და არც ქართული ოცნება ეკითხება.
13) ძეგლები და მონუმენტები.
სააკაშვილის დროს დაიდგა უსახური ძეგლი და მონუმენტი, მაგალითად: რეპუბლიკის მოედანზე არსაით მიმავალი ველოსიპედი, შლოპანცები კვერცხებზე, თამარის მონუმენტი მესტიაში და სხვა… ამ ნაკლოვანების გამოსწორება არც ხელისუფლებას უცდია, არც ეს “შედევრები” აუღია და პირიქით გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის დადგმისას იგივე გაიმეორა, რაც მესტიაში თამარის ბიუსტის შემთხვევაში… თუ ალის და ნინოს ქანდაკება გზავნილი იყო საქართველოს დამცირების (რატომ ალი და ნინო და არა მაგალითად ზეზვა და ფატიმა?), ოცნების ხელისუფლება ამაშიც არ ჩამორჩა და ჯერ თემურლენგის ძეგლი შეამკო გვირგვინით, შემდეგ ყაველშვილი დიდიგორობაზე თურქეთში წაბრძანდა, ახლახანს კი ქართველების ფერეიდანში გადასახლება იზეიმა ირანის საელჩოში;
14) ფილმები.
პატრიოტული მხატვრული ფილმების გადაღება არც ნაცებს უცდიათ და არც ქოცებს. თუ სააკაშვილმა ფილმი “აგვისტოს 5 დღე” გადაიღო, სადაც პირადი პიარი ნაჩვენები და არა ქართველი მებრძლების წარმოჩენა, ოცნების დროს ბიუჯეტიდან ფილმის “იარე ლიზა” გადაღება დაასპონსორეს, რომელიც ქართველი მებრძოლების სულში ჩაფურთხება იყო, არადა რამდენია გადასაღები, აღმაშენებელზე, დიდგორზე, ბასიანზე, შამქორზე, ხალდეს გმირობაზე და სხვა მრავალი;
15) მმართველობის მოდელი.
სააკაშვილს პრეზიდენტად დარჩენა მესამე ვადით აღარ შეეძლო, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინა და პრემიერის პოსტი ქვეყნის პირველი პირის რანგში აიყვანა, რა თქმა უნდა ეს თავისთვის გააკეთა. ეს მოდელი ივანიშვილს ძალიან მოეწონა, რადგან მისი მმართველობისთვის ზედგამოჭრილი იყო, ამიტომ მისი შეცვლა არც უფიქრია. არადა დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრობლემა სახელმწიფოს მმართველობის არსებული მახინჯი მოდელია. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რაზეც ვართ. ეს იგივეა, მაგალითად კომპანიაში ხელმძღვნელმა ვერ ივარგა და ამიტომ კომპანია კოლექტიურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, ან სუფრაზე თამადა არ ვარგა და თამადობის ინსტიტუტი გავაუქმოთ. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში განკარგულებებისა და იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. ეს აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან დღევანდელი სისტემა მუდმივი ქაოსის გარანტიაა, ხოლო საპრეზიდენტო სისტემით გვაქვს შანსი, სათავეში ხალხის მიერ მხარდაჭერილი ძლიერი ლიდერი მოვიდეს, რომელიც ძირეულად შეცვლის და კრიზისიდან გამოიყვანს სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპრეზიდენტო მოდელზე როგორც კი გადავალთ, პირველივე პრეზიდენტი აუცილებლად გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელით ამის შანსი გვაქვს, დღევანდელი მოდელით კი შანსი არ გვაქვს. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი წინსვლა ყოველთვის ძლიერ მეთაურს უკავშირდება. ქვეყანას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი, არა ვინმეს მიერ დანიშნული, არამედ ხალხის მიერ არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი;
16) პარლამენტი.
საქართველო ევროპაში ერთ–ერთი მოწინავეა პარლამენტის რიცხოვნობასა და მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით. 3,7 მილიონიან ქვეყანას არაფერში სჭირდება 150 კაციანი პარლამენტი. პარლამენტართა რიცხოვნობის შემცირებაზე არც ნაცებს უზრუნვიათ და არც ქოცებს. სამაგიეროდ, ორივემ იზრუნა იმაზე, რომ პარლამენტარებს შეეთავსებინათ სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელთა პოსტებიც;
17) დაკარგული ტერიტორიები.
ნაცების დროს ოკუპირებულ ტერიტორიებს ახალგორი და კოდორის ხეობა დაემატა. თუმცა ოცნებას 14 წლიანი მმართველობის დროს არანაირი მცდელობა არ ჰქონია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, მხოლოდ ბოდიშის მოხდა გვახსენდება, იმათზე, ვინც მიწა წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა და 300 000 კაცი დევნილად გვიქცია.
ორივე ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივი იყო და ოცნება არაფრით ჯობია ნაციონალურ მოძრაობას.ხელსაყრელი გეოგრაფიული მდეობარების და რესურსებით მდიდარი, 3,7 მილიონი ქვეყნის ფეხზე დაყენებას მხოლოდ სურვილი და მონდომება სჭირდება, ამისთვის კი სათავეში პატრიოტი კაცია საჭირო!
















კომენტარები