ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიან პატიმრობაში გაუშვა 23 წლის გიორგი ჩხაიძე, რომელსაც გამოძიება, მეზობლის გიორგი მჟავიას განზრახ მკვლელობას ედავება.
გურიაში მოკლული კაცის ნათესავები ტვ პირველთან ამბობენ, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი.
ამ ბავშვის სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა. მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამას ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმიეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის გიორგი იყო და მეუღლესაც დანანახი ჰყავს.
პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იცი როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ”- ამბობს ადგილობრივი.
მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 25 მარტს მოხდა. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














კომენტარები