პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
სურდა თუ არა პატრიარქს მიტროპოლიტი შიო მომავალ პატრიარქად?
რატომ სჭირდებოდა პატრიარქს მოსაყდრე 2017 წელს? მითუმეტეს იმ ფორმით, რაც ქრისტიანული დოგმატიკის სივრცეში არ არსებულა? ამის ერთ-ერთი პასუხია ის „ინტრიგა“, რომელიც პატრიარქის ხმის გარშემო არსებობდა მოსაყდრეობასთან დაკავშირებით და რაც 2017 წელს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის შესაძლო საფუძველი უნდა ყოფილიყო. არსებობს ვერსია, რომ პატრიარქს დამატებითი ფუნქციების დამხმარე სჭირდებოდა და ამისათვის გამოარჩია მოსაყდრე 2017 წელს, მაგრამ მიტროპოლიტი შიო ისედაც იყო მისი ქორეპისკოპოსი და ამ მხრივ დამხმარეც. სინამდვილეში, პატრიარქმა სასიცოცხლო რისკები რომ შეიგრძნო, პირველივე ქორეპისკოპოსი წარმოადგინა მოსაყდრედ. ისიც საგულისხმოა, რომ მის მაშინდელ განჩინებაში საპატრიარქო ბეჭედიც კი ძველი იყო გამოყენებული და არა ის, რომლითაც იმ დროს სარგებლობდა. მოსაყდრის დასახელებით პატრიარქმა ეს რისკი მოიხსნა იმით, რომ დანიშნა ეს მოსაყდრე. ამ „გამორჩევაში“ რაიმე პიროვნული ან პატრიარქის შინაგანი ფაქტორი კი არ იყო, უბრალოდ ორიდან ერთი ქორეპისკოპოსი დანიშნა ტექნიკურად და საკითხი დახურა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ადასტურებს რომ პატრიარქი არ ცდილობდა მიტროპოლიტი შიოს გაპატრიარქებას არც სიცოცხლის შემდეგ არის ის, რომ მინიმუმ 5 თუ 6 ეპარქია დარჩენილია მღვდელმთავრის გარეშე ან ერთი ეპისკოპოსი ითავსებს სხვა და სხვა ეპარქიების მმართველობას. პატრიარქის სურვილი რომ ყოფილიყო, პატრიარქი სულ ცოტა, მიტროპოლიტ შიოს მისცემდა შესაძლებლობას, ამ ეპარქიებისთვის თავისთვის სასურველი ეპისკოპოსები გამოერჩია და ამით, სამომავლოდ, 5-6 ეპისკოპოსით მეტი მხარდამჭერი ჰყოლოდა სინოდში, მაგრამ ეს პატრიარქ ილია მეორეს არ გაუკეთებია, არც მიტროპოლიტი შიოსთვის მიუცია მსგავსი უფლება ან შესაძლებლობა. ეს ასევე ადასტურებს, რომ პატრიარქს სინამდვილეში მიტროპოლიტი შიოს გაპატრიარქების სურვილი არ ჰქონია და არ ეხმარებოდა მას.
კიდევ ერთი ფაქტორი იმისა, რომ პატრიარქი მიტროპოლიტი შიოს მხარდაჭერას არ ცდილობდა სინოდშიც კი, არის ის ფაქტი, რომ პატრიარქი არასდროს ცდილობდა სინოდის წევრები ჩაეყენებინა მოსაყდრის სამსახურში. იმის გამო, რომ სინოდის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მიტროპოლიტ შიოს არ ჰქონია, მან შექმნა სინოდალური კომისია, რითიც ცდილობდა წმინდა სინოდის ჩანაცვლებას და სადაც მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსი უმაგრებდა ზურგს მოსაყდრის ქმედებებს. ეპისკოპოსების უმრავლესობამ მასთან თანამშრომლობა არ ისურვა და პატრიარქის სიცოცხლეში, პატრიარქისადმი მოკრძალების გამო, ნეიტრალურობა არჩია, თუმცა მიტროპოლიტ შიოსთან არ უთანამშრომლიათ. პატრიარქი მიტროპოლიტ შიოს ამ არ დახმარებია ურთიერთობების დონეზეც კი. ეს ყველაფერი პატრიარქმა არ ჩათვალა საჭიროდ.














კომენტარები