ქართული ოცნების პარლამენტარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიაზე ისაუბრა:
“ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ, თუ სახელმწიფო უუნარობას გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი, ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი არჩევნები 2003 წელს ვიხილეთ, როცა უცებ, 17%-იანი პარტია 90%-იანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი. ამიტომ, თუ სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს დაიცავს, მაშინ ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს.
შემდეგ, სპეკულაცია იწყება, რომ ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარღვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს… უკაცრავად, თავისმა ოთხმა შვილმა დედამისს მოჰკითხოს“
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის დატანების გამო, ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.














კომენტარები