გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩმა რეზა ნაჯაფიმ განაცხადა, რომ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
მისი თქმით, თავდასხმა განხორციელდა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ კომპლექსზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება.
„ისინი გუშინ კვლავ თავს დაესხნენ ირანის მშვიდობიან, დაცულ ბირთვულ ობიექტებს“, – აღნიშნა ნაჯაფიმ IAEA-ს მმართველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დაზიანების ნიშნები არ ფიქსირდება.
„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავის ციკლის ობიექტები დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – განაცხადა გროსმა.














კომენტარები