საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი მივიდა, რომელიც უწყებაში დაიბარეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლამდე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.














კომენტარები