ჟურნალისტი ელისო კილაძე, ამ წუთებში, გენერალური პროკურატურაში იკითხება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ელისო კილაძის სახლში. ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცველები სახლში ჩხრეკას ატარებენ, რომელსაც თავად ესწრება.
„ელისო კილაძე ჯერ არსად არ არის გადაყვანილი, იკითხება გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.
რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას“, – აცხადებენ პროკურატურაში.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების – ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.














კომენტარები