• რეკლამა
  • კონტაქტი
12:03, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ – TI

ალია ავტორი - ალია
16:09 02-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

“ქართული ოცნების” ხელისუფლება რეპრესიული კანონების ახალ სერიას იღებს კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების, აქტივისტების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დასჯის მიზნით – ამის შესახებ “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს. 

TI-ის ცნობით, ცვლილებები შედის საქართველოს 7 საკანონმდებლო აქტში.

  • ცვლილებების შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა 2026 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. მეორე დღეს – 29 იანვარს ცვლილებების ამსახველი კანონპროექტები ივანიშვილის პარლამენტის ბიუროზე ოფიციალურად დარეგისტრირდა. 2026 წლის 3 თებერვალს პარლამენტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილებები არსებითად კრძალავს და, მეტიც, დანაშაულად აცხადებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას, მოქალაქეების ჩართულობას საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიებში, ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ ისეთი მოსაზრებების გავრცელებას, რომელიც ხელისუფლებას შეიძლება არ მოსწონდეს, ან მას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასა ან უკანონო ქმედებების განხორციელებაში ამხელდეს”- წერს ორგანიზაცია. 

TVPIRVELI.GE “საერთაშორისო გამჭვირვალობა საარველოს ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:

  1. სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის წინა მცდელობები

წარმოდგენილი კანონპროექტები ხელისუფლების მორიგი ნაბიჯია, რათა შეზღუდოს ან სულაც მოსპოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია და ოპოზიციური პარტიები, ასევე მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში, რასაც “ქართული ოცნება” წინა თითქმის სამი წლის განმავლობაში მეთოდურად ცდილობდა. წინა მცდელობები, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული პრაქტიკის საფუძველზე, განხორციელდა:

  • 2023 მარტში, როდესაც ხელისუფლებამ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირება მოახდინა, თუმცა მასობრივი პროტესტის გამო კანონი ვერ მიიღო და უკან წაიღო;
  • 2024 წლის მაისში, როდესაც მასობრივი პროტესტის და უკიდურესად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკი დარბევის ფონზე, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულ იქნა;
  • 2025 წლის აპრილში, როდესაც:
  • მიღებულ იქნა ე.წ. „ფარა“, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლითაც ქართული ოცნებისთვის არასასურველი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს უცხოეთის „აგენტებად“ რეგისტრაცია დაევალათ და პოტენციური სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი გახდნენ;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით მაუწყებლებს აეკრძალათ „უცხოური ძალისგან“ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსების მიღება და გამკაცრდა სამაუწყებლო მედიის მარეგულირებელი ნორმები;
  • მიღებულ იქნა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლებითაც აიკრძალა უცხოური გრანტების მიღება ხელისუფლების წინასწარი თანხობის გარეშე;
  • 2025 წლის მაისსა და ოქტომბერში, როდესაც ქართულმა ოცნებამ  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შეტანილი ცვლილებებით გაამარტივა და დააჩქარა პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პროცედურები; შემოღებულ იქნა აკრძალული პარტიის წევრებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის წესიც; აგრეთვე, 2025 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იქნა კონსტიტუციური სარჩელი სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ;
  • 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ხუთჯერ შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში, რომლებითაც ფაქტობრივად მოისპო შეკრების კონსტიტუციური თავისუფლება; 2025 წლის განმავლობაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული იქნა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხასიათის რეპრესიული ზომები, დაყადაღებული იქნა ბევრი მათგანის საბანკო ანგარიშები, ხოლო მათი ლიდერები მაგისტრატ მოსამართლესთან იქნენ დაკითხული ე.წ. საბოტაჟის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვითომდაც ჩადენილი სხვა დანაშაულის გამოძიების საბაბით;
  • 2024-2025 წლების განმავლობაში, როდესაც სასტიკი რეპრესიული ზომების სერია განხორციდელდა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, ასობით პროტესტის მონაწილე იქნა ნაცემი, ათასობით მათგანი მძიმე ფინანსური სანქციებით ან ადმინისტრაციული პატიმრობის სახით რეპრესირებული, მათ შორის, ტროტუარზე დგომის გამო, ხოლო ასზე მეტი პირი იქნა უკანონოდ ბრალდებული და ბევრი მათგანი უკვე მსჯავრდებული;
  • 2025 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციური პარტიების 8 ლიდერი იქნა მსჯავრდებული ე.წ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და, რომლებიც ახლა დამატებით ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულად არიან ცნობილი და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ უკიდურესად შემზღუდველი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა, რითაც აიხსნება სწორედ ისედაც რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების ამჟამინდელი მცდელობა.

  1. უცხოური გრანტების კრიმინალიზაცია

„გრანტების შესახებ“ კანონში 2025 წლის აპრილში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, იმავე კანონში წარმოდგენილი ახალი ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან შესაბამის ცვლილებებთან ერთად, ერთი მხრივ, აბსურდამდე აფართოვებს უცხოური გრანტების ცნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ახდენს ამ გრანტების, როგორც გაცემის, ისე მიღების კრიმინალიზაციას, თუ ამის თაობაზე არ არსებობს შესაბამისი უწყების წინასწარი თანხმობა.

ა) გრანტის ცნების არაგონივრული გაფართოვება

კანონის მოქმედი რედაქციით, გრანტად მიიჩნევა  გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების ან სოციალური პროექტის, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამის განხორციელებისთვის.

წარმოდგენილი ცვლილება არაგონივრულად აფართოვებს „გრანტის“ ცნებას. ამიერიდან გრანტად ასევე მიიჩნევა:

  • ვითომდაც „პოლიტიკური“ დანიშნულების ფულადი ან ნატურალური სახსრები:
  • რომლის დონორია:
    • სხვა სახელმწიფო;
    • სხვა სახელმწიფოს მოქალაქე;
    • სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი;
  • რომლის მიმღებია:
    • საქართველოს მოქალაქე;
    • საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირი;
    • სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა „არსებითად მოიცავს  საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“;
  • რომელიც „ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს“:
    • საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ;
    • ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
  • ასეთივე საქმიანობის განხორციელების მიზნით და ტექნიკური ან საექსპერტო მომსახურების შესაძენად გაცემული სახსრები: ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ  ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
  • ასეთივე საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ტექნიკური დახმარება: უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
  • ფილიალისთვის გადაცემული სახსრები: სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული თავისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები.

ბ) უცხოური გრანტების მისაღებად წინასწარი თანხმობის მოპოვების ვალდებულება

უცხოური გრანტების დონორის ვალდებულება შესაბამისი უწყებისგან გრანტის გაცემაზე წინასწარი თანხობის მოპოვების შესახებ, ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილის ცვლილებით იქნა დადგენილი. იმავე ცვლილების თანახმად, ამ ვალდებულების დარღვევით გრანტის გაცემის შემთხვევაში გრანტის მიმღები ჯარიმდებოდა მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ეს მკაცრი ადმინისტრაციული სანქცია კვლავაც ძალაში რჩება. ამასთანავე, ამავე ვალდებულების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც ისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, კოდექსის იმ თავს, რომელიც მოიცავს „საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“ გათვალისწინებულ დანაშაულს, ემატება 3191 მუხლი, რომლითაც დანაშაულად ცხადდება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, როგორებიცაა:

  • უცხოური გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან ასეთი გრანტის გამოყენება;
  • თანხმობის გარეშე სათანადო დოკუმენტში მითითებული მიზნისგან განსახვავებული მიზნით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ უცხოური გრანტის გამოყენება;
  • თანხმობის გარეშე ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ თანხმობის გარეშე გრანტის პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან ასეთი გრანტის გამოყენება;
  • ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომელიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით;
  • სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა.

თითოეული ზემოთ ჩამოთვილი ქმედება ისჯება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.

ახალ მუხლს ასევე თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად,  საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობად მიიჩნევა პირის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

გარდა ამისა, „პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განხორციელების მიზანთან დაკავშირებული საქმიანობა“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ დამამძიმებელ გარემოებად არის მიჩნეული და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კანონპროექტების განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ზომები „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის“ მიზნით არის განპირობებული.

გ) საკანონმდებლო ცვლილებებისთვის უკუქმედების ძალის მინიჭება

  • „გრანტების შესახებ“ კანონში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და ეს გრანტი არ გამოუყენებია, იგი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად მიმართოს შესაბამის უწყებას.
  • იგივე ვალდებულება აქვს პირს, რომელმაც გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული და ეს გრანტი არ გამოუყენებია.
  • იგივე ვალდებულება წარმოიშობა, თუ პირს მიღებული აქვს ისეთი გრანტი, რომელიც გრანტის მიღების დროს თანხმობას არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეს გრანტი ასეთ თანხმობას საჭიროებს. თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის გამოყენება. მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
  • სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებითაც თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იურიდიულ პირს ეკრძალება მიღებული გრანტის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განსახორციელებლად გამოყენება. ამ აკრძალვის დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3191 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
  • იგივე შედეგი დგება, თუ პირს გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აქვს მიღებული, ეს გრანტი არ გამოუყენებია  და შესაბამისი თანხმობა არ მიუღია. ასეთ შემთხვევაშიც მიღებული გრანტის გამოყენება იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3191 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დ) ზემოაღნიშნული ცვლილებების შეფასება

ძირითადი უფლებების შემზღუდველი ნორმების ბუნდოვანება და განუჭვრეტადობა

ზემოაღნიშნული ცვლილებები გაუმართლებლად და უკიდურესად ზღუდავს და ფაქტიურად სპობს კიდეც აზრის, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებს, რომლებსაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 22-ე მუხლები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები.

ამასთან, ეს უკიდურესად შემზღუდველი და ზემოხსენებული უფლებების არსებითად მომსპობი ნორმები მოიცავს ბუნდოვან, არაგანჭვრეტად ტერმინებსა და ფრაზებს, რომელთა საფუძველზეც ადამიანს გაუჭირდება თავისი ქცევის რეგულირება და ხელმძღვანელობა. მაგალითად, ფრაზები – „საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“, ან „რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“ – იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია მოიფიქრო რაიმე ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ ფრაზების შინაარსს არ მიესადაგება.

მაგალითად, საქართველოს „საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“, ან „რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან“ გამომდინარე საქმიანობად შეიძლება იქნეს და იქნება კიდეც კვალიფიცირებული:

  • ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული საქმიანობა;
  • ხელისუფლების ორგანოთა არაკონსტიტუციური და უკანონო გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თაობაზე ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელება და დისკუსიის წარმოება;
  • საკანონმდებლო ინიციატივების, უკვე მიღებული კანონებისა და მთლიანად გაუარესებული კანონმდებლობის ანალიზი და ამის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
  • ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა მხილება უკანონო საქმიანობაში, მათ შორის, კორუფციულ დანაშაულში ჩართულობის თაობაზე;
  • არჩევნებზე დაკვირვება, საარჩევნო დარღვევების დაფიქსირება, გენერალიზაცია და ამის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და სხვ.

სასჯელის არაპროპორციულობა და მსუსხავი ეფექტი

ზემოაღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად, რამდენადაც საქართველოს „საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“, ან „რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან“ გამომდინარე  საქმიანობა, თუ ის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხორციელდება, სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება, თანაც, მათ შორის, ისეთი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულით კვალიფიცირდება, როგორიცაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.

მკაცრი სისხლისსამართლებრივი ზომების დაწესება ისეთ საქმიანობაზე, რომელიც გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, არაპროპორციულია ნებისმიერი ვითომდაც „ლეგიტიმური მიზნის“ მიმართ, როგორიც არის, მაგალითად, „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა“.

გარდა ამისა, ასეთი ზომები გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს, შიშს და თვითცენზურას და ადამიანებს უბიძგებს იქითკენ, რომ თავი შეიკავონ ისეთი ძირითადი  უფლებებით სარგებლობისგან, როგორებიცაა გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებები.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ქმედებისთვის, რომელიც არ ჩადენილა

როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი ცვლილებებით კრიმინალიზებულია გრანტის გაცემა და მიღება „საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობისთვის“, „რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“.

ამ წინადადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფრაზა „განხორციელებული და განსახორციელებელი საქმიანობა“. როგორადაც უკანონო და თვითნებური არ უნდა იყოს თავისთავად სრულიად კანონიერი ქმედების კრიმინალიზაცია, თუ ქმედება განხორციელებულია, ანუ უკვე ჩადენილია, მაშინ მისი ჩამდენი პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ქმედების არსებობის კუთხით მაინც არ წარმოშობს კითხვებს.

სხვა საკითხია, რომ როდესაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება „განსახორციელებელი საქმიანობისთვის“, აქ პრობლემა იმ კუთხითაც წარმოიშვება, რომ პასუხისმგებლობა დგება ქმედებისთვის, რომელიც ჯერ არ ჩადენილა.

სამართლის საყოველთაო პრინციპია, რომ სისხლის სამართლის კანონი ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობას და დასჯადობას ადგენს და არა ჩაუდენელი ქმედებისას. სწორედ ამ საყოველთაო პრინციპის დარღვევას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება „განსახორციელებელი საქმიანობისთვის“.

გამოხატვის/შეკრების თავისუფლებით სარგებლობა უშედეგო (ფორმალური) დანაშაული ხდება

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს ახალი “დანაშაული” არ მოითხოვს საზიანო შედეგის დადგომას, ის ფორმალური დანაშაულია. იმისათვის, რომ იგი “დასრულებულად” იქნეს მიჩნეული, საკმარისია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე “რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით” განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა.

სხვა სიტყვებით, თუ ადამიანს, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქისგან – თუნდაც ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი იყოს – რაღაც მატერიალური დახმარება მიიღო და, ამასთანავე, ამ ადამიანს არ მოსწონს ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა და ამას მეორე ადამიანს უზიარებს, ან ტროტუარზე დგომით მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს, მისი მხრიდან ამ ე.წ. დანაშაულის ჩადენა დასრულებულად მიიჩნევა, რადგან სახეზე იქნება ამ ახალი “დანაშაულის” სრული შემადგენლობა: ა) უცხოეული დონორისგან მიღებული სახსრები; ბ) საქართველოს მოქალაქე მიმღები; გ) განზრახვა ან რწმენა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე ან თუნდაც “საზოგადოების რაღაც ნაწილზე”.

ყველასთვის ცხადია, რომ უშედეგო დანაშაულის შემთხვევაში ბრალდების მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე შედეგიანი (მატერიალური) დანაშაულის შემთხვევაში, რადგან უშედეგო დანაშაულის დროს ბრალდების მხარეს არ აკისრია ვალდებულება, დაამტკიცოს ზიანი და მიზეზობრივი კავშირი შერაცხულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

მაშასადამე, ხელისუფლებამ ამ კუთხითაც იოლი გახადა ნებისმიერი ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა უბრალოდ გამოხატვისა და/ან შეკრების თავისუფლებით სარგებლობის გამო.

სისხლის სამართლის კანონისათვის უკუძალის მინიჭება

როგორც უკვე აღინიშნა, ზემოაღნიშნული ნორმები ფაქტიურად ნიშნავს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

იგივე უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლიც.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

ანალოგიურად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამ აკრძალვების შესახებ „ქართულ ოცნებას“ კარგად მოეხსენება. ამის ნიშანია ის, რომ ორივე კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ამასთანავე, ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან აშკარად იკვეთება ის, რომ პირს ეკისრება ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, რომელიც ამ ცვლილებების ამოქმედებამდე არ წარმოადგენდა არც ადმინისტრაციულ და არც სისხლის სამართალდარღვევას.

საკუთრების უფლების დარღვევა

როგორც ზემოთ ასევე აღინიშნა, პირი, რომელმაც გრანტი ამ ცვლილებების ამოქმედებამდე სრულიად კანონიერად მიიღო, ვალდებულია მაინც მოიპოვოს შესაბამისი უწყებისგან თანხობა, ხოლო ასეთი თანხობის მიუღებლობის შემთხვევაში, ვალდებულია არ გამოიყენოს გრანტი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, როგორც ასევე აღინიშნა, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

სისხლის სამართლის კანონისათვის უკუძალის პრობლემასთან ერთად, რაზეც ზემოთ უკვე ითქვა, ეს ვალდებულება არსებითად სპობს საკუთრების უფლებას და მესაკუთრეს – გრანტის მიმღებს – უკრძალავს საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლებას, რასაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი.

  1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების გაიგივება პოლიტიკურ პარტიებთან და მათზე პარტიების შემზღუდველი ნორმების გავრცელება

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე ამ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

იმავე კანონის 71 მუხლის თანახმად, განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებას ორჯერ ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი „განცხადებული საარჩევნი მიზნის მქონე“ სუბიექტებად მიეჩნია და, შედეგად, მათზე პოლიტიკურ პარტიებზე დაწესებული მკაცრი ფინანსური შეზღუდვები დაეწესებინა.

ამიერიდან, ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“ და სწორედ ასეთი მიზნის „მქონე“ სუბიექტი დაექვემდებარება პარტიებზე დაწესებულ ფინანსურ შეზღუდვებს, უცხოური დაფინანსების აკრძალვის ჩათვლით.

კანონის 71 მუხლის ახალი რედაქციით, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად მიიჩნევა  სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა  თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას.“

ასეთი განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტი, მათ შორის, ფიზიკური პირიც, ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიას აკისრია – არ მიიღოს აკრძალული შემოსავლები, წარადგინოს ქონებრივი დეკლარაციები და სხვ. ამ ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამ სუბიექტის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

  1. პოლიტიკური პარტიებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსების შემდგომი შევიწროვება

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში 2025 წლის 13 მაისს შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს არა მხოლოდ ისეთი პარტია, რომელიც კონსტიტუციით აკრძალულ მიზნებს ემსახურება (კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის პროპაგანდა, ეროვნული, რელიგიური, სოციალური ან სხვა შუღლის გაღვივება), არამედ ისეთიც, რომლის „გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).“ ასეთი „მსგავსი“ პარტიის აკრძალვა სულ რაღაც 14 დღეში უნდა მოხდეს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში 2025 წლის 16 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, სხვა შედეგებთან ერთად, იწვევს  შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებული პირისთვის“ შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა, პოლიტიკური პარტიის შექმნა, მისი წევრობა, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა, სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და სხვ.

ორივე ცვლილება, ცალ-ცალკე და განსაკუთრებით ერთობლივად, სხვა შედეგებთან ერთად, გაუმართლებლად ამცირებს იმ პირთა წრეს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეურთდნენ და, შესაბამისად, ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის, იყარონ კენჭი არჩევნებში, დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობა და სხვ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ პირობებში, როდესაც ე.წ. პარლამენტის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიციის ცვლილებებისთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით. ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება წაერთმევა ათობით ათას აქტიურ, პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც რომელიმე აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებული პირია“. თავისთავად „დაკავშირებული პირი“ იმდენად ფართო ცნებაა, რომ შეიძლება მოიცავდეს აკრძალული პარტიის არა მხოლოდ აწ უკვე ყოფილ წევრს, არამედ წევრის ოჯახის წევრს, მეგობარს, თანამოაზრეს და სხვ.

მეტიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში წარმოდგენილი ახალი ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში ეკრძალება ისეთ პირს, რომელმაც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე რაიმე შემოსავალი მიიღო. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ კი მიჩნეულია ყველა ის პირი, რომელიც 2024 წლის მაისში მიღებული „რუსული კანონის“ თანახმად, თავისი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური წყაროსგან იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია და სხვ.

მაშასადამე, ამიერიდან პოლიტიკური პარტიების პოტენციური ადამიანური რესურსი კიდევ უფრო მცირდება და პარტიაში გაერთიანებას უკრძალავს არა მხოლოდ პარტიულ აქტივისტებს, არამედ ყველა ისეთ პროფესიონალს – იურისტს, ეკონომისტს, ჟურნალისტს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, მედიკოსს, სხვა დარგების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოდესმე, თუნდაც მცირე შემოსავალი მაინც მიუღია რომელიმე სამოქალაქო საზოგადოების ან მედია ორგანიზაციისგან. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ  პოლიტიკური პარტიების შექმნის და საქმიანობის თავისუფლება არსებითად ისპობა. პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე კი არც საარჩევნო დემოკრატია არსებობს.

  1. პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური სახსრების მიღების კრიმინალიზაცია

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი მისი მიღებისთანავე კრძალავდა პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური წყაროსგან სახსრების მიღებას. ამ წესის დარღვევა შედეგად იწვევს პარტიის დაჯარიმებას აკრძალული შემოსავლის ორმაგი ოდენობით.

ეს წესი კვლავ ძალაშია. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებით ხდება კრიმინალიზაციაც. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3192 მუხლი, რომელიც დანაშაულად აცხადებს პოლიტიკური პარტიის მიერ ნებისმიერი სახის უცხოური შემოწირულების მიღებას, რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. ამასთან, ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს.

  1. სამეწარმეო იურიდული პირების შევიწროვება

წარმოდგენილი ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი 15313 მუხლი – „მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა“, რომლითაც მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას − 20 000 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა, კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტით, იწვევდა პირის დაჯარიმებას − 40 000 ლარის ოდენობით. თუმცა, საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვისას, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით გადაწყდა, რომ ქმედების განმეორებით ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„პოლიტიკურ აქტივობად“ მიიჩნევა „საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის  მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.“

უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ამგვარი „პოლიტიკური აქტივობის“ მაგალითებია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისათვის პირბადეების, საქართველოს და ევროკავშირის დროშების, ბანერების, მეგაფონების და სხვა ამგვარი საშუალებების შეძენა.

დასკვნა

ზემოთ აღწერილი ცვლილებები არა უბრალოდ წინააღმდეგობაშია ადამიანის რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებასთან, მათ შორის, აზრის და გამოხატვის თავისუფლებებთან, საკუთრების უფლებასთან, კანონის გარეშე სასჯელის არარსებობის უფლებასთან, არამედ ამ უფლებებით სარგებლობის კრიმინალიზაციას ახდენს.

ასეთი კანონები სრულიად შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებთან და ქვეყანაში დიქტატურის განმტკიცების მორიგ მცდელობაზე მიუთითებს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved