“მარიამ, თქვენც კაი ნადავლის წაღებას ასწრებთ ხალხის ხარჯზე ბიუჯეტიდან… გულში ჩაიხედეთ და გადაითვალე თქვენი მოხვეტილი ქონება. უფრო მეტი შეგიძლია მიდით და მიდით, თქვენია ეს ქვეყანა. პენსიონერებს ეყოფათ ის 20 ლარი დანამატი;
დევნილებს 45 ლარი ეყოფათ ყოველ თვე;
ხოლო ხელფასები 800 დან 1200 ლარი რომ არის ისევ ეყოფათ ხალხს თვიდან თვემდე.
მთავარია თქვენ გაძღეთ ხალხის დედაც ვატირე … არ გაჩერდე ოქროო”, – ეს კომენტარი, ერთი კვირის წინანდელი თარიღით იძებნება ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისვე გვერდზე, სოციალურ ქსელში. კომენტარისთვის მინისტრს არ უპასუხია.
,,ალია” დაპირებისამებრ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას ეკონომიკის მინისტრის შესაძლო კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და სტატიის მეორე ნაწილს გთავაზობთ.
მარიამ ქვრივიშვილი “ქართული ოცნების” მინისტრებიდან იმითია გამორჩეული, რომ ჯერჯერობით არ არის დასანქცირებული პარტნიორი ქვეყნების მიერ. არადა, სანქციები მისი ოჯახის ბიზნესს პირდაპირ დაარტყამს. ძალიან მოკლედ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მარიამი მუშაობდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დააგროვა შესაბამისი კონტაქტები, ინფორმაცია, რომელიც ხშირად ფულზე მეტად ფასობს, მაგალითად, ავიაბიზნესზე მსოფლიო ბაზარზე. შემდეგ წავიდა სახელმწიფო სამსახურიდან, გახსნა რამდენიმე კომპანია, შემოიყვანა რამდენიმე ავიაკომპანია და დაბრუნდა ისევ სახელმწიფო სამსახურში, ისევ ტურიზმში, სადაც ისევ გააგრძელა ავიაბიზნესის ლობირება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და შეცვლილიყოს, მოსახერხებელი და ჭკვიანურია, არა? წარმოიდგინეთ მისი და მისი ოჯახის სანქცირება რამხელა რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს მათ ბიზნესებს, თუ ბიზნესინტერესებს?
აქტიური განხილავის საგანია მარიამ ქვრივიშვილს მილიონიან ქონებები და ისიც, რომ ფულის მიმართ გულგრილი არაა მინისტრი, ამბობენ, დღემდე საკუთარი ბიზნესის ლობიზმითაცაა დაკავებული. ავიაცია და ტურიზმი მისი საყვარელი სფეროა, საიდანაც დიდ ფულს აკეთებდა და აკეთებსო.
რაც ოფიციალურად აქვს დეკლალირებული, ერთი საკითხია, საინტერესოა, რას არ დეკლარირებს?!ქვეყანაში ნორმალური ანტიკორუფციული სამსახური რომ არსებობდეს, გამოძიება უკვე დაწყებულიც იქნებოდა და დასრულებულიც. უცნაურია ის გარემობაც, რომ მასზე არ იძებნება სერიოზული საგამოძიებო პუბლიკაციები თუ სიუჟეტები, არც ოპოზიციონერები „სწყალობენ“ და ფაქტობრივად, მას არც ახსენებენ. არადა, ქალი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრია რახანია… როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, არც დასავლური სანქციები არ შეეხო… რატომ არ არის დასანქცირებული მარიამ ქვრივიშვილი? იმიტომ ხომ არა, რომ „მოგვარებული“ აქვს?!… „ოცნებაში“, განსაკუთრებულად უნდა აინტერესებდეთ, თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა და რა მეთოდებით გაიკვალა გზები… გახარიასადმი ერთგულებით პოლიტსაბჭოში როგორ დაიკავა მყარი ადგილი და ვისი ერთგულია, მინისტრობამდე რომ დაწინაურდა? ან შემდეგ ვისთან გადაპორტირდება?!
რამდენიმე დღის წინ, ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: – “როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?“, მას შემდეგ რედაქციაში ზარები და შეტყობინებები არ წყდება, ყველა რეგიონიდან ერთი და იგივეს გვიყვებიან – ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით ან ასხვისებს, ან ლარად, პრაქტიკულად ჩუქნის, ან იჯარით გადასცემს სხვადასხვა პირებს, თუ ბიზნესს სახელმწიფო ქონებას და ეს მაშინ, როცა ადამიანებს, ათეული წლებია რომლებიც ფლობდნენ მიწას, ან ქონებას, იჯარა არ გაუგრძელა ეკონომიკის სამინისტრომ, მეტიც, იმათაც ჩამოართვა ქონება ვინც ათეულობით წელია რეალურად ფლობს, იხდის გადასახადს. არადა, ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის ივნისში განაცხადა, რომ სახელმწიფო უარს ამბობს უძრავის ქონების პირდაპირი გზით გადაცემის პრაქტიკაზე, კორუფციას შეიცავს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი შესყიდვაო, თქვა. უკაცრავად , მაგრამ კობახიძისვე თქმით, მარიამი კორუმპირებული გამოდის, მაშინ, არა?

გრემში 3607 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი გასხვისდა პირდაპირი მიყიდვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ 1 ლარად ასევე სახელმწიფო ქონება გასხვისდა, 13 ოქტომბერს, 1667–ე განკარგულებით. 1724–ე განკარგულებითაც იგივე მოხდა, ისევ 1 ლარიანი მყიდველი, ისევ გამარტივებული შესყიდვა და ასე შემდეგ უსასრულოდ..
მაგალითად, სამედიცინო ჰოლდინს, სახელმწიფოს კუთვნილი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, პრივატიზებით უბოძა ეკონომიკის სამინისტრომ, საუბარია, ურეკში, საკურორტო ზონაში, 499 კვატრატული მეტრის არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე. გამოიცანით ფასი რა იყო – დიახ, 1 ლარი.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროს სიპსა და შპს კოსტ გრუპს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცოტა ხნის წინ ცვლილება და საპრივატიზაციო პირობების ვადამ გადაიწია.
შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი “კო–ს, ეკონომიკის სამინისტრომ, აუქციონის გარეშე გადასცა 4–წლით, სახელმწიფო ქონება,
და კაფე–ბარი? გგონიათ, კაფე–ბარის გახსნა არაა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტი? – შპს როიალ ფუდს, ეკონომიკის სამინისტრომ, შუა ქალაქში, აუქციონის გარეშე მიაქირავა 13503 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა პირველ სართულზე არსებული 299 კვადრატული მეტრი, თვეში 1347 ლარად. არავის გინდათ რესტორნის გახსნა ქალაქის ცენტრში, სულ რაღაც 1347 ლარად თვეში? – ხო, ალბათ, არავის უნდა სხვას, თორემ, შერჩევით ხომ არ “ულაგებს” მინისტრი მისთვის სასურველ პირებს? – თუ კი, სწორედაც შერჩევით?
შპს “იმედს” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე პირდაპირი შესყიდვით მისცა ეკონომიკის სამინისტრომ, 5997.00 კვ/მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზეა საუბარი.
რა მაგის პასუხია და, ბარემ აქვე ვიტყვი, ერთ მსხვილ ბანკს 27 ფილიალი აქვს სახელმწიფოს შენობებში გახსნილი და მასაც აუქციონის გარეშე, ოღონდ, იჯარით მისცეს ეს ფართები, ჯამში, 38 300 ლარად. არ გინდათ 27 კომერციული ობიექტი საუკეთესო ადგილებში ასე იაფად?
ზოგ შემთხვევაში, გარკვეული პირობებია გათვალისწინებული, მაგალითად, თემურ უგულავას დაფუძნებული აჭარა ჯგუფი, რომლის დირექტორიც მოქმედი ეკონომიკის მინისტრის მეუღლეა, წესით, ახლა სპორტის სასახლეს უნდა არემონტებდეს, ისევე როგორც სპორტის სასახლის წინ არნახულ სივრცეს უნდა აწყობდეს – ხედავთ, ხომ, გამალებით როგორ ,,მუშაობენ”? გზის საფარი რომ შეცვალეს და აქა–იქ მიწის საფარი დააგეს – ეგ კი, ეგ მეც ვნახე. ხედავთ, ხომ, ყოველ დღე როგორ ლამაზდება სპორტის სასახლე? მალე კი უნდა დამთავრდეს რეაბილიტაცია და იმიტომ გეკითხები, მე ვერ ვხედავ მანდ რამე კეთდებოდეს და მაგიტომ მაინტერესებს.
“რადიო ქალაქი” უნდა გამხდარიყო, როგორც ასევე აჭარა ჯგუფი ამტკიცებდა, “უნიკალური მიზიდულობის” ადგილი. 2024 წელს გვითხრეს, რომ იქ უკვე იყო რესტორანი და პადელის კორტები, კიდევ 100 კაციანი საკონფერენციო დარბაზი – ჰა, მიგიზიდათ? სოციალურ ქსელში ერთი გვერდი იძებნება ამ სახელით და ბოლო პოსტით, აგვისტოში ბურგერსა და ღვინოზე ეპატიჟებოდნენ ხალხს. ბურგერს თეთრი ღვინო უხდება, თუ წითელი? მშრალი, თუ ნახევრადტკბილი? არადა, უზარმაზარი ტერიტორია, 12 ჰექტარი “აჭარა ჯგუფის” შვილობილმა კომპანიამ “ინდუსტრიული ქალაქმა” შეიძინა იმ პირობით, რომ ინვესტიციით შემოქმედებითი, საგამოფენო, კულტურული და გასართობი სივრცეები შეექნა, რომლითაც, მოიზიდავდა როგორც “ადგილობრივ მოსახლეობას, ისე შესაძლებლობას გააჩენდა ემასპინძლა საერთაშორისო კონცერტებისთვის, გამოფენებისა და კონფერენციებისთვის”. შიგადაშიგ, 2019 წლიდან დღემდე, მედიაში გამოჩნდება ხოლმე სათაურები – როდის დასრულდება პროექტი?
„აჭარა ჯგუფის“ კომპანიებს, ეკონომიკის მინისტრის ქმარი ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს, „აჭარა ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის. ასევეა აბასთუმანშიც, სადაც, შპს „არაზინდოს“ ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს.

სანატორიუმი “არაზინდოს” ტერიტორიაზე, აჭარა ჯგუფმა სასტუმროს მშენებლობა დაასრულა. ეს ის სანატორიუმი იყო, რომელიც 1924 წელს აშენდა და მთელს კავკასიაში იყო განთქმული. ისტორიული შენობა 2021 წელს, ,,ოცნებამ”, გუნდის პოლიტიკური საბჭოს წევრის მეუღლის კომპანიას პირდაპირი წესით მიყიდა, განკარგულება არ გასაჯაროებულა, ამიტომ, ფასი უცნობია. ცნობისთვის, სწორედ, 2021 წლიდან გადავიდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან, ეკონომიკის მინიტრის მოადგილედ ქვრივიშვილი.
ასევე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიასხვისა ოცნების“ მთავრობამ “სითი ლოფტს” „საგრენაჟო ქარხანა“, ასევე 2021 წელს, 5 926 კვადრატული მეტრის ფართობი. სითი ლოფტის მფლობელი ასევე თემურ უგულავაა, მისი უფლებამონაცვლე “ქუთაისის ქარხანაა”, რომელსაც “აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის” კომპანია ფლობს, კომპანიის დირექტორი, ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის ქმარი, ოთარ ბერიშვილია. წესით, კომპანიას აქ 5 მილიონიანი ინვესტიცია უნდა ჩაედო, თუმცა, მეორედ ითხოვს 2021 წლის მერე. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების გადავადებას.
ყურადღება – ოთარ ბერიშვილის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების გადავადება უნდა განახორციელოს, ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ. ეკონომიკის მინისტრი კი არის მარიამ ქვრივიშვილი, ოთარ ბერიშვილის მეუღლე – მშვენიერია. არა, რა ინტერესთა კონფლიქტი? საიდან? ზუსტად მიხვდით, დიახ, გადაუვადეს კომპანიას ინვესტიციის შესრულების თარიღი.
წარმოიდგენს ახლა ვინმე პატივცემული ინტრიგანი, ვახშმობს ცოლ–ქმარი:
–მარიამ, ხომ მომცემ სამინისტროდან “არაზინდოს” და “საგრენაჟო ქარხნებს” პირდაპირი მიყიდვით და ფასის გასაიდუმლოებით?
–დიახ, ძვირფასო.
4 წლის შემდეგ, ისევ საღამო:
–მარიამ, ხომ გადამივადებ ინვესტიციის შესრულების თარიღს?
–ეგ რა არის არ ვიცი, მაგრამ, კი, ძვირფასო.
ამის შემდეგ, გამოვა მარიამი და იტყვის, რომ “ინვესტიციების ექსპერტია”, რომ ინვესტიციებს ებრძვიან ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნე ხალხი, თორემ…
მარიამ ქვრივიშვილმა გახარიასადმი ერთგულებით პოლიტსაბჭოში მყარი ადგილი დაიკავა, ნეტავ, რას მოელის, რა სურს კობახიძისგან? ამბობენ, რომ ყველანაირ ადამიანს შეუძლია მოერგოს, თუმცა, რეალურად, არავისი ერთგული არ არის, არც ერთ ყოფილ პრემიერს, როგორც მისი გუნდის წევრი, არ გაჰყოლია. ან, სად გაჰყვებოდა და ვის გაჰყვებოდა, ამბობენ, რომ პრემიერობას უმიზნებს სულაც.
ისეც არ გეგონოთ, რომ მარიამს მხოლოდ მიწები და სასტუმროებიო, მიწები და ავიაბილეთები, მიწები და რესტორნები აინტერესებდეს, მას უყვარს ძვირადღირებული ტანისამოსი. არაფერი ცუდი ძვირადღირებულ ტანისამოსში არაა, ღატაკი ქვეყნის მინისტრი რომ არ იყო, თან მაშინ, როცა კობახიძე ამტკიცებს, კორუფციას ვებრძვიო.
საჯაროდ დადებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთი ლუქი რომ ავიღოთ „ჰაბიბი გოგოსი“ (როგორც გვიყვებიან ასე იმიტომ ეძახიან რომ ადამიანებს მისალმების ნაცვლად ჰაბიბის უბნება) – მესიკას ბრენდის ერთი ყელსაბამი 13 000 ლარი ღირს, როგორც ჩანს, ეს მისი ფავორიტია, რადგან თუ დააკვირდებით, ხშირად უკეთია.

კარტიეს ბეჭედი 15 000 ლარი, ვან კლიფის საყურეები 14 000 ლარი, კარტიეს სამაჯური ბრილიანტის თვლებით 35 000 ლარი. მესიკას საყურეები 13 000 ლარი. 10 000 დოლარიან ჩანთაზე ნაკლები არ უჭირავს ხელში, აცვია ბრენდული პიჯაკები დოლჩე გაბანა, რალფ ლორენი, ბალმეინი, არმანი.
მაგალითად ერთ-ერთი პიჯაკი billionaire -ში აქვს ნაყიდი, ეტყობა სახელიც ძაან მოეწონა. მისი ფასი 6 000 ლარია.
ალიევთან შეხვედრაზე, მარიამ ქვრივიშვილს დოლჩე გაბანას პიჯაკი აცვია, რომელიც 6950 დოლარი ღირს.

ისე, მეგობარ მინისტრზე, მაკა ბოჭორიშვილზე არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავი გარდერობი აქვს, ისეთი პირი უჩანს, მისი ძვირადღირებული „ლუქებიც“ მალე „გამოეფინება“.
უამრავ სხვა კითხვის ნიშანს შორის, რომელიც არაბულად მისალმების მოყვარული მინისტრის მიმართ შეიძლება არსებობდეს, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღემდე მედიაში ნაკლებად გახმაურებულა – მარიამ ქვრივიშვილის კავშირი უკრაინელ მილიონერთან, ლეონიდ ჩერნოვეცკისთან და მის პოლიტიკურ მიზნებთან საქართველოში, რომელიც 2016 წელს აქტიური განხილვის საგანი იყო.
დღემდე რეალურად გაურკვეველია რა კავშირი ჰქონდა ჩერნოვეცკის 2016 წლის უცნაურად, ფეისბუქ პოსტებით წარმართულ „საარჩევნო კამპანიასთან“ მარიამ ქვრივიშვილს, მაშინ როცა უკრაინელი ბიზნესმენი საქართველოში ქობულეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
ქვრივიშვილმა ამის ახსნა 2019 წელს 17 თებერვალს, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდგომ „იმედის კვირაში“ სცადა, თუმცა, მხოლოდ მას მერე, რაც აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის „ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“ მსხვილი შემომწირველია“.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილ-მაისში ქვრივიშვილმა „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ ანგარიშზე ჯამში 28 888 ლარი ჩარიცხა.“- წერდა პირველი არხი მაშინ.
როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია იმდენად არასასიამოვნო აღმოჩნდა, რომ იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია სათაურით „ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ჩერნოვეცკის ფონდთან კავშირს ხვალ განმარტავს“. თუმცა ამის შესახებ ერთგვარი განმარტება ქვრივიშვილმა მხოლოდ 17 თებერვალს გააკეთა და მაშინაც კითხვა მეტი დატოვა, ვიდრე – პასუხი,
მან ოსტატურად აუარა გვერდი ამ თემის მთავარ პოლიტიკურ და სკანდალურ შინაარსს და თქვა, რომ ჩერნოვეცკის ფონდში მისი ოჯახის წევრი მუშაობდა და „შენატანიც“ (ანუ შემოწირულობა) ამას უკავშირდება, თუმცა მას „გამორჩა“ ის, რომ „შენატანი“ 28 888 ათასი ლარი არა ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, არამედ „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ ანგარიშზე, რომელიც იმ დროისთვის პოლიტიკური აქტივობით იყო დაკავებული. ასევე ქვრივიშვილს „შემთხვევით დაავიწყდა“ იმის თქმა, რომ მისი ოჯახის წევრი ანუ ძმა – გიორგი ქვრივიშვილი უბრალოდ საქველმოქმედო ფონდის დირექტორი კი არ იყო იმ პერიოდში, არამედ ჩერნოვეცკის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და ქვრივიშვილების მშობლიურ კასპში კენჭს იყრიდა.
ასევე, როგორც საერთაშორისო გამჭირვალობის პოლიტიკური შემოწირულობების პორტალზე საჯაროდ არის გამოქვეყნებული 2016 წელს გიორგი ქვრივიშვილი აიპ „ლეონიდ ჩერნოვეცკი-ქართული მომავალი“-ს და გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“ დირექტორი იყო, პარალელურად ამავე გაერთიანების მსხვილი შემომწირველიც. მან 118 247 ლარი შესწირა ააიპ „ბედნიერ საქართველოსთვის“.

რა მიზნები ქონდა ფონდს „ბედნიერი საქართველოსთვის“? რაში დასჭირდა მილიონერად ცნობილ უკრაინელს, 26 წლის მარიამ ქვრივიშვილის შემოწირულობები? თავად მარიამის ინტერესი რა იყო?ცნობისთვის, კიევის ყოფილ მერზე, მილიარდერ ჩერნოვეცკიზე, უკრაინაში ძებნა იყო გამოცხადებული. სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას, მარიამის ძმა, გიორგი ქვრივიშვილი არაერთგან, მათ შორის, ინტერვიუში ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობდა, რომ იმ ყველა დაპირებაზე, რომელსაც გასცემდა, პირადად იყო პასუხისმგებელი და ერთი წუთით მაინც რომ ეპარებოდეს ეჭვი თავის შესაძლებლობებში, ასეთ დაპირებებს არ გასცემდა:
„ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით უზრუნველვყოფ ხანდაზმული, ოჯახის არმქონე მარტოხელა ადამიანებისთვის უფასო მოვლის ორგანიზებას, რომელიც გათვლილია ყველა პენსიონერის მომსახურებაზე, ვისაც ის სჭირდება. მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, რაიონში სრულად მოგვარდება საკვების პრობლემა. ასევე, გავაკეთებ ყველაფერს, რომ კასპში ჩაიდოს ინვესტიციები სამუშაო ადგილებითვის.“ – დღემდე უცნობია, როგორ აპირებდა ამ დაპირებების შესრულებას.
მაშინ ის წუხდა, რომ ადგილობრივ მთავრობას “ეარჩევნება, როცა ხალხი შიმშილით უკვდება. იმის მაგივრად, რომ ადგნენ და რეგიონისთვის თანხები მოიზიდონ, 5-10 სამუშაო ადგილი მაინც შექმნან. ღამე არ უნდა ეძინოთ, უნდა ეძებდნენ ხალხს, ვინც კასპში ინვესტიციებს ჩადებს. ესენი კიდევ იმაზე დაობენ, ვისი ხალხი იმუშავებს მათ სამსახურებში.“ -ამბობდა ქვრივიშვილი.
მან კასპში საარჩევნო შტაბიც გახსნა, და მოქალაქეებს ხვდებოდა, ასევე კასპში ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტიც დააორგანიზა, თუმცა ამ და სხვა მცდელობების მიუხედავად მან და ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 2016 წლის არჩევნებზე საკმარისი ხმები ვერ დააგროვეს, „ბედნიერმა საქართველომ“ კი არსებობა მალევე შეწყვიტა.
მაშინ როცა, “ოცნება” უცხო პირების მიერ ქვეყნის საქმეში ჩარევაზე საუბრობს, ამ გუნდის მინისტრმა, იქნებ, ახლა მაინც გასცეს პასუხი კითხვას, რა იყო მისი ინტერესი ჩერნოვეცკის პროექტში, რა როლი ჰქონდა და ჰქონდა თუ არა, რაში დასჭირდა მილიონერ ჩერნოვეცკის ან მასთან მომუშავე პირს მარიამ ქვრივიშვილის შემოწირულობები და რატომ დატოვა ასეთი ბუნდოვანება 2019 წელს ამ საკითხზე პასუხის გაცემისას იმდროინდელი ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა?
ზემოთ მოყვანილ თემაზე, რამდენიმე თვის წინ ფეიბუქსზე მხოლოდ ერთი პოსტი იძებნება, რომელიც აქტივისტ სალომე სიმონიას ეკუთვნის, მან იქვე და-ძმა ქვრივიშვილების მიერ „ბედნიერი საქართველოსთვის“ გაკეთებული შემოწირულებების შესახებ კითხვებიც ღიად დასვა. კომენტარებში მედიასაშუალებებიც „მოთაგა“ და ითხოვა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება, თუმცა, უშედეგოდ.
საინტერესოა ისიც, მარიამ ქვირივიშვილის ძმა 2016 წელს თუ თვლიდა რომ კასპში არც სამუშაო ადგილებია, არც ბიუჯეტია სწორად დაგეგმილი, ხანდაზმული ადამიანები მოუვლელია, ადამიანები შიმშილობენ, დღეს, როცა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, მისი და, როგორც ეკონომიკის მინისტრი კი ამტკიცებს რომ ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი კარგადაა, რას ამბობს გიორგი ქვრივიშვილი? კმაყოფილია? ახლა მის დას რომ ,,ებრენდება”, ხალხი აღარ შიმშილობს?
არა, ცხადია, რაღაცები იზრდება, როგორ არა, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროს სახელფასო ფონდი, 2024 წელს თუ 8 მილიონი იყო, წელს 10 მილიონია, მივლინებების ხარჯი უკვე მილიონს გადასცდა – ისიც 9 თვეში, პრემიები, დანამატები 7 მილიონს აღწევს უკვე 9 თვეში, მხოლოდ 9 თვეში.

ერთ მნიშვნელოვან დეტალს მინდა ყურადღება მიაქციოთ – ეკონომიკის სამინისტროს სახელფასო ფონდი ხომ 10 მილიონი ლარია და მეწარმეობის განვითარება – საკრედიტო საგარანტიო სქემა ფინანსდება 10 მილიონით! ანუ, ქვეყანაში ამხელა სქემა რომ ფინანსდება ისიც 10 მილიონია და სამინისტროს ხელფასებშიც 10 მილიონი იხარჯება.
ქვრივიშვილი 2021 წლიდან იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და წელს დაწინაურდა მინისტრობამდე, თუმცა, არც მინისტრის მოადგილის პოსტზე ჰქონდა ნაკლები უფლება და პასუხისმგებლობა.
უცნობია ამჟამად რამდენი ავტომანქანაა სამინისტროს ბალანსზე, მართალია, ირაკლი კობახიძე ამბობს, ყველა განკარგულება, ყველა სტატისტიკური მონაცემი, ყველა ხარჯი ღია და საჯარო იყოსო, მაგრამ შეუძლია თავად ნახოს რა ხდება ეკონომიკის სამინისტროს ვებ. გვერდზე, ზოგი ინფორმაცია განახლებულია, ზოგი, – არა. 2023 წელს სამინისტროს ბალანსზე იყო 46 ავტომობილი, იგივე წელს, სამინისტროს ავტომობილებში საწვავის ჩასასხმელად, ქვეყნის ბიუჯეტიდან გადავიხადეთ 249 788 ლარი, ხოლო, ამ ავტომობილების შესაკეთებლად, 95 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, იგივე წელს, სამინიტროს თანამშრომლებს რომ ტელეფონებით ესაუბრათ, სატელეფონო ხარჯი იყო 72 000 ლარზე მეტი. ოღონდ, ამ სამინისტროს მაინც არასოდეს არაფერი არ ჰყოფნის – გასულ 2024 წელს, სარეზერვო ფონდიდან წაიღო სამინისტრომ 4 მილიონ 632 ათასი ლარი.
საჩუქარი, ჩურჩხელა, სასაჩუქრე ჩანთები, ღვინო, შაქარი, ყავა, ჩაი, რძე, ნაღები – ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ მათთვის, ხალხი და ქვრივიშვილს, რომელსაც, გვეგონა, რომ ტურიზმი მაინც იცოდა, ცოტათი მაინც, წლობით რომ მართავდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, გიდი დაუქირავებია ივნისში და მაგაშიც ხალხის ფული გადაუხდია.

28 ნოემბერი ახლოვდება და 2024 წლის 28 ნოემბერს, კობახიძის იმ ცნობილი განცხადების შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ერთ გვერდზე ლამის 3 კვირით გაქრა და მეორე გვერდიდან სულაც თვეზე მეტი ხნით გვადევნებდა თვალს უბრად. პარალელურად, ავატარიდან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო წაშალა. როგორც გვიყვებიან, “ქართული ოცნების” მხარდამჭერდა ჟურნალისტმა ღიად დაუსვა კითხვა, რატომ წაშალე ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო, რისი შეგეშინდაო. რაღა რისი, მისი სანქციები მისი ოჯახის ბიზნესებს ჩამოაქცევს. მალევე ჟურნალისტმა პოსტი წაშალე, ქვრივიშვილმა კი, ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო, ცოტა ხნით დააბრუნა და უკვე მეორედ წაშალა ავატარიდან. ამბობენ, რომ ქვრივიშვილი შეუთანხმდა ჟურნალისტს, პოსტი წაშალე და ფოტოს დავდებო, ოღონდ, მანდაც მოიტყუა და ფოტო აღადგინა, თუმცა, ხანმოკლედ. გავიდა დრო და მარიამი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს, უცნობია, რის ფასად, რა გაარკვია ამ პერიოდში, რა დაპირება მიიღო და ვისგან, რა მოხდა ისეთი, რითიც გული მიეცა?
პარალელურად, კომპანიამ, სადაც ადრე მარიამი მუშაობდა 2 წელი მაღალ თანამდებობაზე და ახლა მისი ქმარია გენერალური დირექტორი, “აჭარა ჯგუფმა” 2024 წლის 29 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების მეორე დღეს, განცხადება გაავრცელა:
“საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რაც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების იდეალებს. ეს ღირებულებები ჩვენი ისტორიის ნაწილია.
ქართველი ხალხი და ქართული ბიზნესი ბუნებრივად იზიარებს ამ ფასეულობებს. ევროპასთან სიახლოვე არის ჩვენი სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი გზა. ჩვენ მტკიცედ ვემხრობით საქართველოს ევროინტეგრაციას და ვგმობთ ძალადობას!”
როგორც ვხედავთ, პრაქტიკულად მოძალადე უწოდა კობახიძეს და მის მთავრობას. ოდესმე, ბიძინა ივანიშვილი კითხვას დასვამს ქვრივიშვილზე და კობახიძე, ალბათ, იტყვის, მე რა ვქნა, ეგა დიფ სთეითსმა ჩანერგაო, კალიფორნიაშია რომ გაიარა რაღაცა მოკლე კურსი, მაგ დროს გადაიბირებდნენო, ეგა კორუფციონერიც იყოო და ნეპოტიზმის სწამდა, სულაც აკაცუკის ცოლი ყოფილაო…
არ დაგვივიწყებია ის 130 მილიონი, რომელზედაც რამდენიმე წყარო ერთნაირად გვიყვება, რომელიც ქვეყნის ტურიზმის განვითარებას უნდა მოხმარებოდა და აორთქლდა, როგორც გვეუბნებიან და მაგ მიმართულებით ჟურნალისტური გამოძიება გრძელდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე გამოგვეხმაურა, სდუმან საგამოძიებო უწყებები და არ იმჩნევენ. ეტყობა, კორუფციაც შერჩევითაა, რა გითხრათ.
ძალიან ბევრი მასალაა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე, ლარად მიწების გასხვისებაზე და პარალელურად, უბრალო ადამიანების გამწარებაზე, მოქალაქეები “ალიასთან” ამბობენ, რომ ქვრივიშვილი, და ზოგადად ეკონომიკის სამინისტრო ფულიანებს, ბიზნსმენებს ლარად აძლევს მიწას, ან კაპიკებად აძლევს იჯარით სახელმწიფო ქონებას, მაშინ როცა რიგით მოქალაქეს ან ოთუსბირს უფასებს, ან უმრავლეს შემთხვევაში სულაც უარს ეუბნება. თან იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც არც ფული აკლიათ და არც ქონება, უმეტესად აუქციონის გარეშე აძლევენ სახელმწიფო მიწას და ქონებას ეკონომიკის სამინისტროდან, რომ რიგით მოკვდავს, დავუშვათ და ფული რომც ჩაუვარდეს ხელში, მაინც არ შეეძლოს მონაწილეობა.
კიდევ ერთი სტატიის თემაა ენერგო მდგომარეობა ქვეყანაში და ეკონომიკის სამინიტროს სრული უმოქმედობა.
ცალკე მასალის თემაა აგრეთვე რკინიგზა, რომლის მოდერნიზაცია არაერთხელ დაანონსა სამინისტრომ, თუმცა, რკინიგზაზე პრობლემები იმატებს, პირიქით, კომენტარებში, სოციალურ ქსელში, მოქალაქე ქვრივიშვილის პოსტის ქვეშ, წერს, “რკინიგზის მოდერნიზებაც ვერ შეძელით და რვაჯერ დააანონსეთ პროექტი? შუა დერეფანი კი არა მოსახვევიც არაა თქვენს ხელში ეს ქვეყანა!”
კომენტარზე გამახსენდა, ერთი უცნაური კომენტარია მინისტრის გვერდზე:

“ქურდი ვარ, მარა ყველაზე უფრო მიყვარხარ” – წერია მინისტრის გვერდზე და “ქურდი ვარ’, ცუდად მენიშნა, მარიამ, სიმბოლური არ იყოს, იფრთხილეთ,
ისე, მაინც, ნეტავ რას უნდა გრძნობდე, როცა იცი, შენი მეუღლის კომპანიას არაერთხელ უსარგებლია პირდაპირი მიყიდვით შენივე გუნდის მთავრობისგან, პირდაპირი გაგებით არაერთხელ, მეტიც, ფასიც კი გასაიდუმლოებული იყო და გამოდის კობახიძე, რომელიც ამბობს: “ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს”, – შიშს, თუ სიამაყეს? შიშს, კორუმპირებული ღიად არ გიწოდონ, თუ სიამაყეს, რომ აი, ამდენ პირდაპირ მიყიდვაში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ჯერაც მშრალად ხარ გამომძვრალი? რომელი გრძნობა ჭარბობს?
თამო კეშელავა, “ალია”















კომენტარები