ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზეა საუბარი.
განცხადებაშუ ვკითხულობთ, რომ არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში“.
ევროპარლამენტარები გმობენ იმ ფაქტს, რომ “ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება“.
„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება – ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.
„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.
ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, “ქართული ოცნების“ განზრახვა, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით, ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება”.
ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივი განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე),მუნირ სატური (ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე),სერგეი ლაგოდინსკი (Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე) რასა იუკნევიჩიენე (საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი).
კომენტარები