ამბობენ, რომ მალე ადამიანების სამუშაოს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინლექტი. რამდენადაც წინ უნდა წავიდეს ხელოვნური ინტელექტი, ის ყოველთვის იქნება დამხმარე, საშუალება, რომელიც გიმარტივებს ცხოვრებას და ვერ იქნება თავად ამ ცხოვრების შემქმნელი.
ძალიან კარგია, მაგალითად, ჭკვიანი მტვერსასრუტი, მაგრამ როცა ოთახის დაგვას თუ მოწმენდას იწყებს, მისთვის შემოსასვლელში დატოვებული ფეხსაცმელი უკვე წინაღობაა და მას არც სურვილი აქვს და შესაძლებლობა ფეხსაცმელი გადაადგილოს, ან კარადაში შეალაგოს, ან გაწმინდოს და ისე დაალაგოს. კი, რომელიმე რობოტი ამასაც გააკეთებს, იქნებ, გაწმენდით ჩემზე უკეთაც კი გაწმინდოს, მაგრამ არ არსებობს რობოტი, რომელიც მეტყვის, რომელ შარვალთან რომელ ფეხსაცმელში უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს.
მუშის სამუშაოც ზუსტად ასეთი, ვერც დააპროგრამებ. იქნებ, დღეს შენ ვენახში რთველი გაქვს, ხვალ კი ავტოსახელოსნოს დალაგება გინდა. შენი მეგობარია რიგში, სამშენებლო ნაგავი აქვს გასატანი. შენს მეზობელს კი, კერძო სახლში რომ პატარა ბაღი აქვს, ის უნდა დაუმუშავონ, მე ურიგოდ გავივლი, და კარადა მაქვს გადასატანი, ურიგოდ იმიტომ გავივლი, რომ მე ვიცი, სად შემიძლია დავიქირაო მუშა დღეში 100 ლარად, დიახ, მაშინაც კი. თუ უკვე ყველა ნაცნობი, ვინც მსგავს საქმეზე მუშაობს – დაკავებულია.
მუშის სამუშაოს ცოტა ისე უყურებენ ხოლმე, მარტივად, თვლიან, რომ მთავარია დიდი იყოს ტანად, მოსული, კუნთებიანი. დავიწყოთ იმით, რომ კუნთები ვისაც კუბიკებად არ აზის, არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად ძლიერი არაა, მეორე, ის ამბავი ხომ გახსოვთ, წერეთელმა დაგვიბარა ეს ხე ამოვთხაროთ, მაგრამ სად წავიღოთ, ეგ აღარ ვიცითო? მსგავსი მეც შემემთხვა რამდენიმე კვირის წინ. სარემონტო სამუშაოების გამო, გაგვეთიშა უბანში წყალი. ოთხი დღე ვათრევდი წყალს მაღაზიიდან გმირულად. მეოთხე დღის ბოლოს, როცა მივხვდი, რომ მხოლოდ ერთ ნაწილს არ გვაქვს წყალი, წავედი საქმის გასარკვევად. მხრები აიჩეჩეს, უნდა გქონდეს შენ წყალიო. კი, საერთოდაც, ახლა კუნძულზეც უნდა ვისვენებდე და ანგარიშზე მილიონი ევროც უნდა მედოს, ისე, შავი დღისთვის და მე კიდევ, ფერადი დღეებისთვის განკუთვნილ მილიონებს ვხარჯავდე, მაგრამ – არაა. გავიდა ერთი საათი და მომიყვანეს ვიღაც კაცი, ჩვენ მეორე დღესვე ჩავრთეთ წყალი და ახლა ეს კაცი აგიხსნით. კონკრეტულად თქვენ რატომ არ გქონდათ წყალი 4 დღეო და წავიდნენ. ამ კაცმა, იცით, ქალბატონო, 4 დღის წინ, რაღაც უნდა შეედუღებინათ და მთხოვეს მილის გადაკეტვა, რომ მორჩნენ მილის შედუღებას ბიჭები და წავიდნენ, არ უთქვამთ, რომ უნდა გამეხსნა. რომ იწყებდნენ საქმეს, გადაკეტვა მთხოვეს და რომ მორჩნენ, გახსნა არ უთხოვიათ და რა მექნა. ბიჭებიც მეჩხუბნენ და ჩემი გადაკეტილი თუ არ მოსწონთ, აწი თავად გადაკეტონო. ავხედე და კუნთი ქონდა, – კი.
ნებისმიერ საქმეში ლომის წვლილი მიუძღვის დაგეგმარებას, დაორგანიზებას. ხერხი სჯობია ღონებაო, ხომ გაგიგიათ? მაგალითად, გინახავთ, როგორ იკეტება საზაფხულო კურორტებზე კაფეები? ჯერ იცლება მაცივრები და კარადები. შემდეგ უნდა დაელოდო, რომ ყინული არ დარჩეს მაცივარში, უნდა გაწმინდო, მჭიდროდ მიადგა კარადებს. უნდა გაასუფთავო ლუდის, წვენის, ნაყინის ჩამოსასხმელი თუ კარტოფილის შესაწვავი აპარატები და შეფუთო. კარგად შეფუთული ჭურჭლის, თუ ტექნიკის განთავსება გამორთულ, ამომშრალებულ მაცივრებშიც შეგიძლია. მერე თიშავ ყველა კომუნიკაციას, რომელიც გამოსასვლელ კართან არაა დამონტაჟებული. წინასწარ მოიმარაგებ წყალს, წვენს, საკვებს, ყავას რომელიც შეიძლება მუშაობის პროცესში დაგჭირდეს. ამის შემდეგ იწყებ მაგიდების მაგიდაზე და სკამების სკამებზე განლაგებას მჭიდროდ. ბოლოს შეალაგებ შეზლონგებს და მოხსნი განათებას და აბრას. თუ თანმიდევრობას აურევ, აუცილებლად მოგიწევს გამოლაგება და თავიდან შელაგება, რაც ორმაგი შრომაა.
ფასი ყოველთვის იმის მიხედვით განისაზღვრება, რა საქმე რა დროში, რამდენად ეფექტურად კეთდება. მაგალითად, კარადა რომ მაქვს გადასატანი, შეიძლება შენ თვლი, რომ კარადის გადატანაში ერთი მუშისთვის 100 ლარი ძვირია და ალბათ, იმასაც ფიქრობ, რომ ერთი მუშა არ ეყოფა ერთი კარადის გადატანას. კი, 2 წლის წინაც მომიხდა კარადის და მაგიდის გადატანა. კარადა დაშალა და გადაიტანა იმდენმა ადამიანმა, რომ ხელის მოსაკიდებელი ადგილი არ იყო დარჩენილი, სამაგიროდ, წესიერად ვერ ავაწყვეთ, რადგან მეხუთეს არ ახსოვდა, მესამეს მისცა კარის სამაგრის ხრახნი, თუ არა? აღმოჩნდა, რომ უჯრები ისე დაშალეს არ დანომრეს და ნუ იტყვით, ყველა ფიცარი ერთი ზომის სულაც არ ყოფილა, ამიტომ იმდენჯერ დაშალეს და ააწყვეს ნაწილები, რომ ზოგი ხრახნის ბუდე, იქვე, ჩემს თვალწინ გაუბედურდა. მაგიდის ზედაპირი კი დაიფხაჭნა, იმიტომ რომ, აბა, რად უნდა შეფუთვა, ამდენნი ვართ და უცებ ამოვიტანთ, აბა, რა საჭიროა ახლა ამის შეფუთვაო? – მართლაც რა საჭიროა, შეუფუთავადაც კარგად გადავაგდე.
მეორე ჯერზე პროფესიონალი მუშა დავიქირავე, კი, მუშა დღიურად 100 ლარად, დაშალა, ფანქრით რომ დააწერა ნაწილებს ნომრები, მეგონა იმ ფანქარს ყურის უკან გაიკვეხებდა, მაგრამ არა, გულის ჯიბეში დააბრუნა. ყველა ხრახნი, ასევე დანომრილ პატარა პარკებში მოათავსა. სარკეს რომ მიადგა, იყოს, მუხლზე დავიდებ–თქო, ისე შემომხედა, ისე საწყალი მეგონა თავი იმწამს, ის დღე გამახსენდა, პირველად რომ დამპატიჟა ბიჭმა კინოში, – ცალ ხელში რომ ბატიბუტი მეჭირა, მეორე ხელში, კოლა ჭიქით და დადე, ჭიქა, რატომ წვალობო და სად, იატაკზე–თქო და არა, აი, აქაო და მშვიდად, დინჯად რომ ჩადო სკამის სახელურის ჭიქის სპეციალურ სამაგრში, ისე, რომ ეკრანს მზერა არ მოაშორა. შეფუთა, მოკლედ, ეს ჩემი სარკე, ისე კარგად შეფუთა. შეფუთვასაც სცოდნა ჭირდება, თურმე. სარკეს ადრე ვფუთავდით ქურთუკში, საწოლის გადასაფარებელში, პლედშიც, კი ბატონო. პროფესიონალურად შეფუთვა სულ სხვაა და მართლა უსაფრთხოა მეხუთე სართულის აივნიდან თუ არ ისვრი პირდაპირ მანქანის ძარაზე. მერე მშვიდად, დინჯად, დაშლილი ნაწილები ისე დაალაგა, რომ მარტივი ჩასატანი ყოფილიყო, ზოგი შეკრა, ზოგს არ დასჭირდა.
არადა, პირველ ჯერზე მეხმარებოდნენ უფასოდ, ეცადნენ გულით, გადასაგდები გახდა მაგიდაც და კარადაც. სავარძელი აივანზე გავიტანე, ცოტას ირწევა, მაგრამ აივანს უხდება. ეს უფასო გადატანა დამიჯდა მთელი ცხოვრების მადლიერებად, კარგ ვახშმად, ახალ კარადად და მაგიდად, მეორე კი – 100 ლარად. პირველ ჯერზე, რომ დაიშალა „ნადი“, ცალკე ნამსხვრევებს ვაგროვებდი, ცალკე მაგიდას ვალაგებდი, მეორედ – დავწმინდე, ყავა გავიკეთე, მუსიკა ჩავრთე და ტანსამცლის დახარისხება–შელაგება დავიწყე.
ამ ორ შემთხვევას თუ შევადარებთ, 100 ლარი ძალიან, ძალიან, ძალიან იაფია.
ერთხელ ჩემი მეგობრის დედამ გადაწყვიტა რომ ოთახი შეღებოს და ანტრესოლის კიბე გალაქოს.
–ოჰ, ნუნუ დეიდა, ჩვენ რისთვის ვართ, რას ნიშნავს, ხელოსანს და მუშას გამოიძახებთ? – ორი კვირა ვღებავდით, რამდენჯერმე ფუნჯებით და საღებავებით ვითამაშეთ, ფუნჯები 7 ჯერ გვიყიდა ორ კვირაში და ერთხელ საღებავიც გავაფუჭეთ, არ მოვყვები როგორ. კარგად გავერთეთ, კი, განსაკუთრებით ის ნაწილი მომწონდა, სადაც ბრიგადირის როლი მქონდა, დავიდგამდი წვენს, მივჯდებოდი სავარძელში და მითითებებს ვიძლეოდი. ბოლოს ნუნუ დეიდამ გამოგვყარა სახლიდან და პროფესიონალი მიიყვანა, დაუჯდა სამმაგი, გაფლანგა ორი კვირა ტყუილად. ჩვენ კი გავერთეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ორ კვირაში, როგორმე უკეთეს გასართობსაც კი მოვიგონებდით.
შესაბამისად, ალბათ, უკვე მიხვდი, რომ 3 ნიშნით უნდა შეარჩიო პროფესიონალი, ვისაც შეგიძლია ანდო სახლი, ნივთები, აგარაკი, ვენახი, ავტოფარეხი:
-
უნდა შეეძლოს დაგეგმვა და ორგანიზება.
-
ხარისხი – უნდა იცოდეს სამუშაოს სპეციფიკა, რომ არაფერი დაგიზიანოს.
-
დრო – მაქსიმალურად ოპტიმალურ დროში უნდა ჩაეტიოს.
ამას თუ ბონუსად მოჰყვა კარგი კომუნიკაციის უნარი, მაგას რა სჯობს.
მე ახლა დაგიტოვებ საიტს, სადაც რეკომენდაციებია, კონკრეტული პროფესიონალი ადამიანებს, მათი, ვინც უნდა გამოიძახეს სერვისით მუშა 100 ლარად. საქმე ისაა, რომ ამ გვერდზე, პროფესიონალთა ბაზაა, საკონტაქტო მონაცემები. სახლიდან, ინტერნეტით და ტელეფონით შეგიძლია არჩევა, მაგრამ ჩემი რჩევაა, პირველ რიგში კომენტარებს გაეცნო. იმ ადამიანთა რჩევები, ვინც უკვე ისარგებლა მათი მომსახურებით, არჩევნის გაკეთებაში ძალიან წაგადგება.
და თუ მუშა არ გჭირდება, მაგრამ გჭირდება სამსახური, შეაბრუნე ის სამი კრიტერიუმი საშენოდ, ანუ, შენ მოირგე, შენ შესთავაზე, შენ განათავსე შენი განცხადება, შენ დაუმატე შენი საკონტაქტო მონაცემი, პირველივე კლიენტს სთხოვე, არ დაავიწყდეს დაკომენტარება, საკუთარი აზრის გაზიარება სხვებისთვის.
კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებზე, პირად გამოცდილებებზე, მაგრამ დაშალა უკვე კარადა პროფესიონალმა, ახლა დანომვრას დაიწყებს. დღეს პერანგი არ აცვია, ჰუდითაა და რაკი გულის ჯიბე არ აქვს ახლა, ისე მაინტერესებს ფანქარს ყურს უკან გაიკვეხებს, თუ არა, ისე მაინტერესებს, ამას ვერ გამოვტოვებ…
დაწერე კომენტარებში საკუთარ გამოცდილებაზე, ცუდზეც, კარგზეც და საუკეთესოზეც:
(R)
კომენტარები