ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც „შაბათის ფორმულას“ კითხვებს ციხიდან პასუხობს:
„ინტერვიუ დავით ქაშიაშვილთან „შაბათის ფორმულაზე“
სალამი ნიკა, როგორ ხარ? თავისუფლებაზე ვერ ჩავწერ შენთან ინტერვიუს, ვერც სტუმრად მოგიწვევ. მიყვარს როდესაც ეთერში ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ახლა ისეთი ბოროტი ზღაპრის გმირები ვართ, რომ კითხვების დასმა ამ ფორმით მიწევს -ციხეში გიგზავნი
1. როგორ ჩანს საკნიდან თბილისში მიმდინარე ამბები?
სალამი ქაშიკ იმედია, კარგად ხარ, თუ შენნაირი ადამიანებისთვის კარგად ყოფნა საერთოდ შესაძლებელია ქოცურ ჯოჯოხეთში. საკნიდან, ზოგადად რთულია იყო რაციონალური და ბოლომდე ადეკვატური – ასეთია იზოლაციის ( და არა თავისუფლების დაკარგვის) ფასი. რაც ცალსახად ჩანს, ხალხი მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ მიზანს, გადაარჩინოს სამშობლო და ასხივებს მზაობას, რომ ამ ისტორიულ ამოცანას ბოლომდე მიიყვანს. ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან ეს ყველაფერი. რაც დრო გადის, ვხვდები რომ ალბათ გადაჭარბებულია ჩემი სიფრთხილე თუ შიში ფრუსტრაციის თაობაზე. სიფრთხილე და რაციონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზოგჯერ ამ მიმართულებით გადაჭარბება დამაზიანებელი შეიძლება იყოს, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, მაგრამ სიფრთხილე ყველაფრის თავი არ არის.
2. თქვენ დაგაკავეს და შესაბამისად ჩამოგაცილეს მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებს – ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ველი მოასუფთავა – ამით გადადგა ნაბიჯი წინ თუ პირიქით?
ივანიშვილი ნაბიჯებს წინ ვეღარ დგამს, უკვე კარგა ხანია, ასეა. ამის მიზეზი ორია: პირველი – მისი რეჟიმის უკიდურესი დასუსტება და მისი პირადი ინსტინქტების დაბლაგვება და მეორე – ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის სიხისტე და სწორხაზოვნება. ის, ვინც ისტორიის წინსვლას და გლობალურ სიკეთეს ეწინააღმდეგება, წინ ვერ წავა 21-ე საუკუნეში. მით უფრო, თუ ისე დასუსტებულია პირადად და გარემოცვითაც, როგორც – ივანიშვილი. ასე, რომ ჩვენი დაჭერაც და ყველაფერი სხვაც, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ჭაობში ფართხალია, ჭაობში მოფართხალე კი ზემოთ კი არა, ადგილზეც ვერ დგას დიდ ხანს, უეჭველი ფსკერისკენ მიდის.
3. ქუჩის პროტესტის, ბოიკოტისა დაა სანქციების მიღმა – თქვენ კიდევ რა გამოსავალს ხედავთ რეჟიმი რომ დაეცეს?
პროტესტის, ბოიკოტისა და სანქციების მიღმა კიდევ უფრო მეტი პროტესტი, კიდევ უფრო მეტი ბოიკოტი (რაშიც მე დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობას ვგულისხმობ) და კიდევ მეტი სანქციაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი თარიღები მოდის წინ – 27 სექტემბერი, ჩემთვის ალბათ ყველაზე მძიმე, სოხუმის დაცემის დღე; რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი, როცა ეჭვი არ მეპარება უამრავი ხალხი იდგება გარეთ, მიზანდასახულად და შეუპოვრად. მათ რიგებში იქნებიან ჩვენი კოალიციის წევრებიც, აქტივისტებიც და ამომრჩევლებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე მინიმუმ ახალი უმძლავრესი იმპულსი იქნება საპროტესტო მოძრაობისთვის და უდიდეს ზიანს მიაყენებს რეჟიმს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
4. ახლა რომ გარეთ იყოთ რის გაკეთებას შეძლებდით?
არ ვიცი შევძლებდი თუ არა, მაგრამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მეტ კოორდინაციას და უფრო სწრაფი გადაწვეტილებების მიღებას შევეცდებოდი. ამას ხშირად „ოპოზიციის გაერთიანებას“ ეძახიან რატომღაც, რაც სხვა თუ არაფერი, კოორდინაციის პროცესის შეუძლებელ ნიშნულზე დაყვანას გულისხმობს (რაც არაერთხელ მოხდა უკვე) და, ამას გარდა, გაერთიანება შიდა პარტიული დეტალია და ვის აინტერესებს ახლა პარტიული/კოალიციური სტრუქტურების საკითხები? პრაგმატულად და იდეურადაც ხელის შემშლელი კონცეფციების აჩემება ყველაზე გონივრული არაა, რბილად რომ ვთქვათ. სწრაფი და ეფექტიანი შედეგია მნიშვნელოვანი, ახლა – განსაკუთრებით. გარეთ რომ ვიყო ასევე უზარმაზარ ძალისხმევას დავხარჯავდი „მეგობარ აქტზე“, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა!
5. თქვენი კოალიციის ოთხივე ლიდერი ახლა ციხეშია. ასეთი მძიმე სურათი დამოუკიდებელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა – ოცნების ამ ქმედებებს რა ახსნას უძებნი?
მარტო ჩვენი კოალიციის ლიდერები კი არა, უამრავი პოლიტიკოსია ციხეში. უფრო მარტივი იმათი ჩამოთვლა გახდა, ვინც გარეთაა. კარგია ეს თუ ცუდი? სინამდვილეში, პირველ რიგში, ის უნდა გვაინტერესებდეს, რისი სიმპტომია ეს. რეჟიმის დასასრული სტადიის – ასე ყოფილა ყველა დიქტატურაში, ასეა ჩვენთანაც. არ მახსენდება დიქტატურა, რომელიც ისტერიული რეპრესიების გარეშე წასულიყოს. რაც ძლიერდება ისტერია, მით უფრო მკაფიოა დასრულების სიმპტომები, ანუ უფრო მძიმეა რეჟიმის სასიკვდილო დაავადება. 2*2=4
6. გაიცვალა თუ არა გაკულაკებაში – არჩევნებში შეყოლა იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან – ვინც ვიცით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოცნებას მიყვება
ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და პირდაპირი მტკიცებულების გარეშე არ მივცემ თავს უფლებას საერთოდ რამე ვთქვა ამ საკითხზე. ერთი რამ ცხადია: უზარმაზარი შეცდომაა, უზარმაზარი. მეეჭვება, რასაც და როგორც არ უნდა ეცადონ ეს პარტიები, საკუთარი თავის რეაბილიტირება შეძლონ. ძალიან მეეჭვება და ძალიან ვწუხვარ – ძალიან ბევრ ჩემთვის ძვირფას და დემოკრატიული პროცესებისთვის უაღრესად საჭირო ადამიანებზე ვსაუბრობთ. ცუდია, ძალიან ცუდი. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ამ მხრივაც აუცილებლად მივმართავდი ჩემს ძალისხმევას. არ ვიცი, გამომივიდოდა თუ არა შეცდომაში გაჯიუტებულთა გადარწმუნება, მაგრამ ძალიან ვეცდებოდი.
7. გიორგი გახარიას ციხე ემუქრებოდა, თუმცა ის ამბობს, რომ ქვეყნის მიღმა ყოფნით პროცესში დიდი წვლილი შეაქვს – რას ფიქრობ, რა ფორმა-ზომა-წონისაა ეს წვლილი?
გიორგი გახარიას რაც შეეხება, ერთ პოლიტიკურად დევნილზე მეორე პოლიტიკური პატიმარი ან კარგს ამბობს, ან – არაფერს. ამიტომ – „არაფერი“. თუ ის მართლა პარლამენტში შევიდა, მერე უკვე ყველას მოგვიწევს მასზე ლაპარაკი.
8. რომელ არხს უყურებ საკანში ყველაზე ხშირად, და როგორ ხედავ მედიის როლს მიმდინარე პროცესებში? (მედიის ყველა მხარეს ვგულისხმობ – პროპაგანდისტულს, კრიტიკულს, დამოუკიდებელს)
ვცდილობ, ყველა არხს ვუყურო. კრიტიკულ არხებს (სამწუხაროდ კავკასია და პალიტრა აქ არ არის, მხოლოდ ფორმულა და ტვ. პირველი) იმისთვის, რომ პროტესტის მაჯისცემა მესმოდეს; პროპაგანდისტულ არხებს კი იმისთვის, რომ გამოვთვალო, რას აპირებს, ანტიქართული ოცნების რეჟიმი. არაა რთული, სხვათა შორის.
9. ოცნება საკუთარ გარემოცვას პარსავს. საჯაროდ არაერთი მასშტაბური კორუფციული საქმე გამოვიდა, რომელიც ძირითადად ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ბრუნავს – წარმოგიდგენიათ ირაკლი მეზობელ საკანში ან თანამესაკნედ და თუ კი რაზე დაელაპარაკებოდი მას?
ანტიკორუფციული ეს საქმეები, რა თქმა უნდა, არ არის, ეს არის შიდაკლანური ბრძოლა ბიძინას მემკვიდრედ გამოცხადებისთვის. ზედმეტი მოუვიდა ორივე კლანს, ფალსტარტისთვის ორივე დაისჯება ბიძინას მიერ: კობახიძის კლანის ხელით ისჯება ღარიბაშვილ-ლილუაშვილი (და უკვე ჩანს რომ გომელაური ჩამოშორდა ამ კლანს) და კობახიძე სხვისი ხელით დაისჯება, სულ არაა გამორიცხული, რომ პირველი კლანის ხელით. გარდა იმისა, რომ რეჟიმის დასუსტების სიმპტომად ჩავთვალოთ და ადეკვატური დასკვნები გავაკეთოთ, მეტი ფუნქციის მინიჭება ამ შიდა დაჭმისთვის დიდი შეცდომა მგონია. საწყენად არ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ოპოზიციაც და კრიტიკული მედიაც ამ მიმართულებით სცოდავს. „ჩემი ოქრო ჩემთან“, – როგორც კი იტყვის ბიძინა, ისევ ყველა ერთად იქნება ხალხის წინააღმდეგ! ზოგჯერ მეჩვენება, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მეპროტესტეებს გულწრფელად სჯერათ, რომ დამარცხებისთვის განწირული კლანის ცალკეული წევრები პროტესტის მხარეს აღმოჩნდებიან სხვადასახვა მიზეზების გამო; ან პროტესტით დასუსტებული ბიძინა, ღარიბაშვილ-ლილუაშვილის მეშვეობით თუ შუამავლობით დაუბრუნებს ხელისუფლებას ხალხს. დიდი შეცდომაა და გაუმართლებელი გულუბრყვილობა, რაზეც რეჟიმის დამხობის სტრატეგიის დაშენება, რეჟიმისთვის კი არა, პროტესტისთვის საშიშ პოტენციალს უფრო შეიცავს. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი არაა გენერალი ფრანკო – ჯერ ერთი, მასავით სიკვდილის პირას არაა ფიზიკურად, მეორეც – სამშობლოსთვის ნაბრძოლი სამხედრო არაა, პირიქით, სძულს საქართველოც და ქართველებიც, საკუთარი სამუდამო და სრული ბედნიერების გზაზე ერთადერთ შეფერხებად მიიჩნევს (სწორადაც), ამიტომ გაურიგდება ყველას და ყველაფერს, რაც დემოკრატიზაციის მიმართულებით კი არა, მისი პირადი უსაფრთხოებისა და უსაზღვროდ გამდიდრების მიმართულებით სვლას არ შეუფერხებს. ცხადია, ამ „ყველაში და ყველაფერში“ პროტესტს და ქართველ პატრიოტებს არც და ვერც მოიაზრებს, სამართლიანადაც. ამიტომაც როგორც ერთ ანეგდოტშია, „ რუჩკებს არ ენდოთ“. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი და არა პირიქით.
10. ლევან ხაბეიშვილის დაკავება – იყო სხვათა დასაშინებლად, თუ ოცნებამ საკუთარი შიშები დააცხრო?
ლევანის დაკავება პირველ რიგში უკანონო იყო, რამაც ახალი პოლიტპატიმარი გააჩინა. თანაც, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ლევანი დღეს ყველაზე შევიწროებული პატიმარია – მას პრაქტიკულად ყველა უფლება აქვს წართმეული, სხვა პატიმრებისგან განსხვავებით. საკუთარი შიშების დასაცხრობად პატიმრობა არ ვიცი, რას ნიშნავს. ლევანის დაპატიმრების მიზანი, პირველ რიგში, მისი ნეიტრალიზაცია იყო, მეორე – სხვების შეშინება. პოლიტიკურ პატიმრად ადამიანის შერჩევა არასდროს არაა შემთხვევითი, ლევანი თავადაც ასხივებდა ენერგიას და რწმენას და სხვებსაც გადასდებდა. ამიტომაც გამორიცხული იყო, მისი იზოლირება არ გადაეწყვიტა რეჟიმს.
11. სუსი მდინარაძის ხელში?
სუსი მდინარაძის ხელში უფრო სუსტია, ვიდრე სუსი ლილუაშვილის ხელში, მდინარაძე პროპაგანდის მეგაფონია და სუსშიც ამ როლით მიავლინეს. მდინარაძე კიდევ ბევრის ლაპარაკს აპირებს, კოჭებში ეტყობა:))
12. თუ ხვდებით მანდ ციხეში თანამოაზრეებს ან თანაპარტიელებს, მათ ვინ შესაძლოა არ იყო შენი თანამოაზრე. გაგვიზიარე ციხის ამბები და მანდ მყოფი ადამიანების აზრები – მიმდინარე მძიმე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში?
ვერა, ეს ამ ციხის შინაგანაწესს ეწინააღმდეგება, ნიკას და ზურას ვეხმიანები ხოლმე მიმოწერით და მამხნევებს მათი სიმტკიცე და რაციონალური განსჯის უნარი, იმედია, ჩემი წერილებიც ეხმარება მათ. ახლა უკვე ელენეც შეემატა მიმოწერის ჯგუფს. ნუ ეგაა გამძლე თუა, გამხნევება მაგან რომ იცის, ეგეთი უნდა:))
13. ხედავ თუ არა ახალი ძალის საჭიროებას და მიმდინარე პროცესებში ხომ არ გამოჩენილან ასეთები?
ახალი ხალხი პოლიტიკაში საჭირო კი არა, აუცილებელია. ამ რეჟიმის ერთ-ერთი ბოროტება ახალი თაობის პოლიტიკისგან მიზანმიმართული განრიდებაა, რაც სავსებით ბუნებრივია მათი მხრიდან: რაც მეტია პოლიტიკაში ისეთი, ვისაც ძველს ვერ გაუხსენებ, ვისთანაც ვერ „დალაგდები“, ვისაც საბჭოთა კავშირი ტვინის არც ერთ უჯრედში არ აქვს – მით ნაკლებია ოლიგარქიული დიქტატურის შენარჩუნების შანსი, ამიტომაც ვისაც ოლიგარქიული დიქტატურის დამარცხება უნდა, ზუსტად ახალი ხალხის მოსვლაზე უნდა იზრუნოს და არა – საკუთარ როლზე და განუმეორებლობაზე პოლიტიკაში. ოლიგარქია აუცილებლად დაემხობა და მცირე გარდამავალი პერიოდის შემდეგ ქვეყანას სრულიად გადაიბარებს დამოუკიდებელი საქართველოს თაობები. საქართველოში საბჭოთა კავშირის მარცხია ჩემთვის ახალი რესპუბლიკის დაბადების ათვლის წერტილი და არა – ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილება სხვა ხელისუფლებით.
ბოლოს კი ვიტყვი, რომ გამარჯვების წინაპირობა მხოლოდ ხალხის შეუპოვრობა და უშიშრობა მგონია, იმ ხალხის, ვისაც სამშობლოს დაცვის ინსტიქტი ამოძრავებს, ვინც მოქმედებს გეგმაზომიერად. ასეთი ხალხის წარმატების მჯერა, ასეთი ხალხი შედეგს ყოველთვის დებს. ასეთი ხალხის სამშობლო ყოველთვის წინ მიდის.
რაც შეეხება „ მშვიდობიან რევოლუციას,“ რომელიც თურმე არ არსებობს, ოქსიმორონია და ა.შ. როგორც ქოცები გვეუბნებიან – სრული, სრული, სრული სისულელე. დემოკრატიული რევოლუცია ბოლო საუკუნეში ლამის უფრო მეტი მოხდა, ვიდრე – ძალადობრივი. რევოლუციას მხოლოდ ფილმებით თუ არ იცნობ, კი უნდა იცოდე, რომ მყისიერ ცვლილებას ნიშნავს და არაფრით არ გულისხმობს იმთავითვე ძალადობას. მეტიც, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, როგორც უმაღლესი მოქმედი სამართალი, დიქტატურის წინააღმდეგ ამბოხების უფლებას გვაძლევს. სიტყვა ამბოხება კი ნამდვილად უფრო მძიმეა ვიდრე რევოლუცია. ამით ეს დეკლარაცია ძალადობის წამქეზებელი აქტი ხდება?:))
ასე რომ მორჩით, ქოცებო, ბოდვას, ცვლილება სწორედ დემოკრატიული რევოლუციით დადგება, რადგან ევოლუციისთვის დრო და სივრცე თქვენ არ დატოვეთ. ქართველ პატრიოტებს კი სამშობლოს გადარჩენის ვალდებულება დაბადებიდანვე გვაქვს: თანდაყოლილი, მშობლების მიერ ნასწავლი, დიდი ქართველის გმირობებით შთაგონებული. ეს ვალდებულება ბევრად მეტია, ვიდრე შიში, დაღლილობა ან გაჭირვება ანუ ყველაფერი ის, რითაც ანტიქართული ოცნება იბრძვის.“
კომენტარები