როგორია სასამართლოსადმი ნდობა საქართველოში? ჯერ კიდევ 2018 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 58 % ფიქრობდა, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 51 % კი მიიჩნევდა, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80 %-ის აზრით, სასამართლო სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში, ზეწოლის შედეგად, უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. დღეს, როცა საზოგადოების პროტესტი ბევრად დიდია, ალბათ, მსგავსი კვლევა კიდევ უფრო სავალალო სურათს გვაჩვენებდა.
ახლა ოცნების მომხრეები მეტყვიან, რომ ასე არაა და სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდა, ვეტყვი მათ, რომ ისინი არ არიან პირველები, ვინებმაც ამის თქმა მოიფიქრეს, 2011 წელს, როცა უკმაყოფილება წინა ხელისუფლების მიმართ პიკში იყო, მმართველი გუნდი და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაზრდილია.
გუშინდელი დღე უკვე წარსულია და რა ელით მოსამართლეებს, რომლებიც შორეულ თუ ახლო წარსულში უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ?
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გახმაურებულ საქმეებს, მაგალითად, ყველამ ვიცით, მოსამართლის მანტიიანი იმ პირის გვარი, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეზე მუშაობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში პრობლემები კიდევ უფრო მეტია და იქაურ აქტივისტებს კიდევ მეტი წინაღობა ხვდებათ.
ასევე ყველამ ვიცით, დასანქცირებულ მოსამართლეთა გვარები, მაგრამ ამბობენ, რომ მათი რიგები გაიზრდება,
დღეს ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეზე, ციცინო მოსიძეზე მოგიყვებით, იმას, რაც საჯარო წყაროებით იძებნება და იმასაც, რასაც ქუთაისლები გვიყვებიან. მე არ ვიცი როდესმე ის და მისი ოჯახი მოხვდება, თუ არა, სანქციების ქვეშ, მაგრამ იმედი მაქვს, ოდესმე, ობიექტური გამოძიება დაინტერესდება, მისი გადაწყვეტილებები რამდენად დამოუკიდებელი იყო პოლიტიკისგან და რამდენად სამართლიანი.
იგი ბაღდათში დაიბადა, 1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში და ალბათ, თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის ოპონენტი რომ იყოს, ეტყოდნენ – 1989 წლის 9 აპრილის მერე, მტერ ქვეყანაში როგორ წახვედი სასწავლებლადო.
1997 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ბაღდათში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საკრებულოშიც, 2005 წლიდან იყო ბაღდათის სასამართლოს მოსამართლე. 2010–2012 წლებში საგარეჯის სასამართლოს მოსამართლე. ციცინო მოსიძე მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძის ოპონენტი რომ იყოს, ალბათ, პირველ რიგში იმას წამოაძახებდნენ, რომ ნაცების მოსამართლე იყო, მეორე რიგში წამოაძახებდნენ, რომ მიშას მოსამართლე იყო, მესამე რიგში იგივეს წამოაძახებდნენ, მაგრამ ის არაა მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის ოპონენტი, არც ნინო წილოსანის.
ციცინო მოსიძეს, მისი საქმიანობით მადლიერმა ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2018 წელს უვადოდ გამწესებულის სტატუსი მისცა.
ციცინო მოსიძე ორი სკანდალური საქმით გახდა ცნობილი, სასამართლოს საქმეებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის, პირველად, 2023 წელს, როცა „ბათუმელებმა“ მისი 2021 წლის განაჩემი მოიპოვა. განაჩენის მიხედვით, კაცი სქესობრივ კავშირს ამყარებდა თავის სახლში 12 წლის მოზარდთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. კაცს მიესაჯა 4 წელი და ისიც პირობით გამოსაცდელი ვადით. სექსუალური მოძალადე, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა სექსუალური კავშირი 12 წლის გოგოსთან, და ეს ფაქტი სასამართლომაც დაადგინა, – ციხეში არ გაუშვეს.
რამდენიმე პრაქტიკაა, რომელსაც, როგორც ჩანს სათავისოდ იყენებს სისტემა. მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საქმეები, დახურულ სხდომებზე განიხილება, განაჩენი ერთი შეხედვით საჯაროა, მაგრამ თან არაა საჯარო – რადგან სასამართლო ამბობს, რომ ის არ მუშავდება და მედიას ვერ მიაწვდიან.
შესაბამისად, ზუსტად რამდენი სექსუალური მოძალადე გამოუშვეს გარეთ, ქუჩაში, უცნობია.
კიდევ ერთი პრაქტიკაა ის, რომ ბრალდებული ბრალს როცა არ აღიარებს მტკიცებულებებს სხდომაზე არ იკვლევენ. შესაბამისად, მოსამართლეს შეუძლია თქვას, რომ მას არ მოუსმენია მოწმეების ან დაზარალებულის ჩვენებები, მაგრამ ის იცნობს საქმეს, რომელიც მასთან პროკურატურამ გადააგზავნა, ყოველ შემთხვევაში, ევალება, რომ იცნობდეს.
რომ არ გეგონოთ, თითქოს ყველა მოსამართლე ერთნაირად განიხილავს მოზარდზე სექსუალური ძალადობის საქმეს, გეტყვით, რომ თბილისში, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ, ბრალდებულს, რომელმაც ბრალი აღიარა და ამ შემთხვევაშიც, სხდომაზე აღარ მოუსმენიათ მოწმეებისა და დაზარალებულისთვის, 7 წლიანი ციხე მიუსაჯა.
მაშინ, რა შემთხვევაში შეიძლება საპროცესო შეთანხმებით გამოძვრეს მოზარდებზე სექსუალური მოძალადე? – როგორც საქმეებიდან ირკვევა, იმ შემთხვევაში, როცა საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა ითხოვს. არადა, წესით, მოსამართლემ უნდა სცადოს იმის დადგენა რამდენად კანონიერი, რამდენად სამართლიანია შეთანხმება და სად არის დაცული მოზარდთა ან მართლსაჯულების ინტერესები?
საქმის მასალებიდან არ ჩანს, მოსამართლემ თუ სცადა ამის გარკვევა, მხოლოდ შაბლონური ჩანაწერია.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა, პროკურატურის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს მოსამართლე? კითხვის დასმის, გარკვევის გარეშე?
კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება ციცინო მოსიძემ დაუმტკიცა კაცს, რომელსაც სექსუალური კავშირი ქონდა 14 წლის გოგოსთან და ამტკიცებდა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაშია. პირი, ნასამართლევი იყო ქურდობისთვის და ისედაც პირობითი მსჯავრით იყო ციხის გარეთ. ეს პირიც, ციცინო მოსიძის წყალობით, ახალი დანაშაულის შემდეგ გარეთ აღმოჩნდა.
შეიძლება, მამუკა მდინარაძე კი შემეკამათოს ახლა და მითხრას, რომ კანონი აძლევდა მოსამართლეს საშუალებას საპროცესო შეთანხმება დაემტიკიცებინა, მაგრამ ასე მარტივად არაა საქმე, საპროცესო შეთანხმების დასტური მოსამართლემ უნდა მიიღოს კანონის საფუძველე და უნდა განმარტოს, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ამ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, მოსამართლე პროკურორის ყველა მოთხოვნას არ უნდა თანხმდებოდეს და თუ ასე არაა, გვაჩვენეთ განჩინებები, რამდენჯერ არ დაამტკიცა მოსამართლემ პროკურორის საპროცესო შეთანხმება?
მეორე ხმაურიანი საქმე, რომლითაც ციცინო მოსიძე კიდევ მეტად ცნობილი გახდა, ესაა სამოქალაქო აქტივისტების, მუსიკოსების, ჟურნალისტების, პედაგოგების, ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმე.
საქმე ისაა, რომ ქუთაისში მოსამართლის სახლთან, ადამიანები 30 წუთით შეიკრიბნენ, მზია ამაღლობელის პატიმრობის გასაპროტესტებლად.
მაია ცირამუა, ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, ლადო აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი, გივი ცინცაძე – 9 პირი, მოსამართლის მანტიიანმა მოსიძემ, რომელსაც მინიმუმ ორი სექსუალური მოძალადე ჰყავს ციხიდან „დახსნილი“, პროკურატურის საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით, 5–5 ათასი ლარით მხოლოდ 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო დააჯარიმა.
პრინციპში, აქაც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მაქსიმუმი ჯარიმა გამოუწერა საქართველოს 9 მოქალაქეს, 5 –5 ათასი ლარი.
აქვე, რაკი ფულზე ჩამოვარდა საქმე, მოსამართლე მოსიძის ქონებასა და ფულზეც მოვყვებოდი, მაგრამ დეკლარაციების ხომ აღარ იძებნება, მოგეხსენებათ, ქართულმა ოცნებამ დეკლარაციების „გადამალვა“ და სასამართლო სხდომების გადაღების აკრძალვაც ხომ მოახერხა და ამიტომ, ქონებასა და ფულზე, სხვა მასალაში გიამბობთ.
სექსუალური მოძალადეები ციხის გარეთ და მოქალაქებს – ჯარიმები, სექსუალური მოძალადეების ციხის გარეთ და მოქალაქეები, ჟურნალისტები, აქტივისტები – ციხეში.
მოსამართლეს კი არა, რომელიც სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, დიახ, არ მოგესმათ, პირველ რიგში სიმართლეს და მხოლოს შემდეგ კანონს, ნებისმიერ პატიოსან მოქალაქეს გაგიჩნდება პროტესტის გრძნობა, როცა იცი, ჟურნალისტი ჯერ სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს, მერე აგინეს, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ქონდა სისხლნაქცევები სხეულზე და პოლიციის ფორმიანი პირისთვის სილის გაწვნას ედავებიან, ამის გამო, წლობით ციხეში გამოკეტვას უპირებენ და იმავე ქვეყანაში სექსუალურ მოძალადეებს მოსამართლე საპროცესო გარიგებებს უმტკიცებს.
და კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, ფიქრობთ, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენებით მოქმედებს და პროკურატურის დაკვეთებს ასრულებს, თუ არა? – შეგიძლიათ კომენტარებში გვიპასუხოთ.
კიდევ ერთი მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროსაც ვებრძოდით, ეს იყო, იმ მისამართზე გზავნილის მიტანა სასამართლოდან, სადაც პირი რეალურად არ ცხოვრობდა, შემდეგ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაშიც, ციცინო მოსიძემ, რომელსაც მხარემ სარჩელში ჩაუწერა, რომ მეორე მხარესთან ვერ შეთანხმდა და საჭირო საკითხზე უარი მიიღო, ანუ, პრაქტიკულად უთხრა, რომ მასთან კონტაქტი ჰქონდა – დაუსწრებელი განჩინება გამოიტანა და ფორმალურადაც კი არ ჰკითხა მოსარჩელეს, როგორ დაკავშირებოდა მოპასუხე მხარეს.
თუ გზავნილების უგზო–უკვლოდ ჩაბარების პრაქტიკა ისევ აქტიურად არაა სასამართლოებში დამკვიდრებული, მაშინ, გვითხარით სტატისტიკა, დაუსწრებელი განჩინებების როგორია, მზარდია? კლებადი?
ერთი რაც ზუსტად ვიცი, ქუთაისის შსს–ს მეოთხე განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა აქვს შესაცვლელი, რადგან მათი კლავიატურიდან აშშ ასე იწერება: – „ამერილის სეერთებული შტატები“
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ციცინო მოსიძე IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მომზადებულ ანალიზში მოხვდა. კველვა ეხებოდა იმ მოსამართლეებს, რომელთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულნი. IDFI წერდა, რომ მისი ქმარის ბაღდადის მუნიციპალურ მერიის წარმომადგენელია, კერძოდ სოფელ დიმში.
9 მოქალაქის 5–5 ათასი ლარით დაჯარიმების შემდეგ, “ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა მასალა, მედიის ინფორმაციით, მოსამართლის ქმარი, ეზეკი ჭრელაშვილი აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში და ოქტომბერში ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერას კარდაკარ ითხოვდა. ეზეკი ჭრელაშვილი მერიის წარმომადგენელია სოფელ დიმში.
ჟურნალისტი:
-როგორც სოფელ დიმში გვეუბნებიან, არჩევნების დროს თქვენ აქტიურად იყავით ჩართული “ქართული ოცნების” სააგიტაციო სამუშაოებში.
ეზეკი ჭრელაშვილი:
– რა სამუშაოებში?
ჟურნალისტი:
-მოსახლეობასთან მიდიოდით, ხვდებოდით, ეუბნებოდით, რომ შემოეხაზათ 41. ანუ, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არ გიმუშავიათ, ბატონო ეზეკ?
ეზეკი ჭრელაშვილი:
– „ტყვილი“, ყველაფერი „ტყვილი“, აღარ მინდა მაგაზე საუბარი.
სხვათა შორის, ტყუილად არ მიხსენებია ზემოთ, რომ ციცინო მოსიძე 1997 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ბაღდათში, მათ შორის საკრებულოშიც, იქნებ, ბატონი ეზეკიც მოგვევლინოს ერთ დღეს მოსამართლედ, ვინ იცის?
ბოლო პერიოდში, ციცინო მოსიძემ, რაც ასე „გაითქვა სახელი“ არაერთი ქუთაისელი და ბაღდათელი გვიყვება, რომ მის ვაჟს, ვაჟა ჭრელაშვილს, რომელიც ადვოკატია, აქვს საადვოკატო ბიურო. მოქალაქეების თქმით, სწორედ მისი საადვოკატო ბიუროდან იგზავნება ადვოკატები დედამისის, ციცინო მოსიძის სასამართლო პროცესებზე. გვიყვებიან იმასაც, რომ მოსამართლის ვაჟმა, ადვოკატ რობინზონ ხურცილავასთან გაიარა პრაქტიკები და გვთხოვენ, გადავამოწმეთ, რამდენი საქმე აქვს მოსამართლე ციცინო მოსიძესთან ხურცილავას მოგებული.
მოგეხსენებათ, საქმეები კი არა, კითხვებზე პასუხის გამცემი არავინაა ხშირ შემთხვევაში, საჯარო უწყებებში და დეკლარაციებს ვეღარ ვპოულობთ, ღია სასამართლო პროცესების გადაღება აგვიკრძალეს. შებამისად, რამდენი საქმე აქვს მოგებული ბატონ რობინზონს, ციცინო მოსიძის მოსამართლეობით განხილული, ვერ გეტყვით, ისევე როგორც ვერც იმას, იყო თუ არა მის პროცესზე ადვოკატად წარმოდგენილი მაშინ, როცა მის ბიუროში პრაქტიკებს გადიოდა მოსამართლის ვაჟი.
რაც შეეხება იმას, მოსამართლის ვაჟის საადვოკატო ბიუროს ფარგლებში იდება თუ არა სიტყვიერი, თუ წერილობითი შეთანხმებები ადვოკატებსა და კლიენტებს შორის და მერე ეს ადვოკატები ხომ არ ხვდებიან ციცინო მოსიძის პროცესებზე – ამ ეტაპზე ჩვენ ამის გადამოწმება არ შეგვიძლია. თუმცა, ვიცით ვის შეუძლია, თუ მოინდომებს – შსს-ს.
ძალიან მარტივია, ადვოკატმა თქვას, რომ კერძო პრაქტიკას ეწევა და რომ კლიენტი მისი ახლობლის ახლობელია და არანაირ ბიუროსთან კავშირი არ აქვს, თუმცა, თუ გამოძიება დაინტერესდება და საქმის ფიგურანტი პირების და მათი ოჯახის წევრების მობილურ ტელეფონების ურთიერთკავშირს ან მის არარსებობას გამოიკვლევს, სიმართლის დადგენა არ უნდა გაჭირდეს.
ერთ–ერთ ბოლო პროცესზე, სადაც მოსამართლე მოსიძე განიხილავდა თ. კბილაშვილის საქმეს, ადვოკატი იყო იზა ბერიშვილი – სწორედ ამ ადვოკატზე მოგვაწოდეს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საქმიან კავშირშია ვაჟა ჭრელაშვილის საადვოკატო ბიუროსთან.
პირველ რიგში დავურეკე თ. კბილაშვილს, რომლის ადვოკატიც იყო იზა ბერიშვილი, მან თავიდან გვარიც არასწორად მითხრა ადვოკატის – თქვა რომ ბერიძეა და მხოლოდ მესამე ზარზე მითხრა, რომ ბერიშვილია.
თ. კბილაშვილი უარჰყოფს რომ საერთოდ იცნობს ვაჟა ჭრელაშვილს და ამბობს, რომ არც კი გაუგია ვინაა.
ადვოკატმა იზა ბერიშვილმა ჩემს არც ზარებსა და არც მესიჯებს არ უპასუხა.
ამის შემდეგ, დავუკავშირდი ვაჟა ჭრელაშვილს. ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი და პირველ ჯერზე ვუთხარი, რომ ვარ მოქალაქე, მინდა მასთან და იზასთან შეხვედრა და რომ მისი ტელეფონის ნომერი, იზა ბერიშვილმა მითხრა. რადგან, ვფიქრობდი, რომ ლოგიკურად, ჩემი ზარის შემდეგ, ის იზას დაურეკავდა და ჰკითხავდა, მისცა თუ არა ვინმეს მისი ნომერი.
ვაჟა ჭრელაშვილმა პირველი საუბრისას მითხრა, რომ მას ქუთაისში აქვს მხოლოდ ოფისი და რომ იზას არ უთქვამს, რომ ვინმეს მისცა მისი ნომერი.
მეორე დღეს, ისევ დავუკავშირდი ვაჟა ჭრელაშვილს, რომელიც ცდილობდა, პრაქტიკულად, ჩემთან ერთად, ერთ ხმაში ესაუბრა და რომელმაც, საბოლოოდ, ისე დაასრულა საუბარი, მთავარ კითხვას არ უპასუხა.
ჟურნალისტი:
–რამდენიმე კითხვა მაქვს
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ინტერვიუებს არ ვიძლევი.
ჟურნალისტი:
–მხოლოდ 2 კითხვა.
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ინტერვიუებს არ ვიძლევი და ჟურნალისტებთან არ მაქვს კომუნიკაცია
ჟურნალისტი:
–დედათქვენის პროცესზე იყავით წარმოდგენილი, თქვენი ბიუროდან ადვოკატით? თუ არ გინდათ კომენტარი, კი ბატონო.
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–დედაჩემის პროცესზე როგორ ვიქნებოდი ადვოკატად?
ჟურნალისტი:
–ანუ, გსურთ ჟურნალისტთან კომუნიკაცია? ამ კითხვაზე პასუხი თქვენს ინტერესშია. ადვოკატი იზა ბერიშვილი…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ჩემს ინტერესებში არა… რა არის ჩემს ინტერესებში? დედათქვენის პროცესზე თუ იყავითო მეკითხებით და…
ჟურნალისტი:
–არა, როგორ გეკადრებათ, ეგ კითხვა არ დამისვამს…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ჩემი ნომერი საიდან გაქვთ?
ჟურნალისტი:
– მე გითხარით, ადვოკატი, თქვენი ბიუროდან…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ჩემი ნომერი საიდან გაქვთ?
ჟურნალისტი:
–არ მჯერა, რომ მაგას მეკითხებით, კიდევ ერთხელ რომ მკითხოთ…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–მართლა საიდან გაქვთ ჩემი ნომერი?
ჟურნალისტი:
–ფეისბუქზე გიწერიათ, სარეკლამო ტექსტიც გიდევთ, თქვენი ნომერი ყველგან გიწერიათ, ბატონო ვაჟა…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–არა, გასაგებია, მაგრამ, გუშინ მითხარით იზამ მომცა ნომერიო.
ჟურნალისტი:
–კი, გითხარით…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–რასთან დაკავშირებით რეკავთ.
ჟურნალისტი:
–კითხვა დავსვი… თუ არ მომისმენთ ვერ გაიგებთ, ნომრის არ იყოს, გუშინაც არაერთხელ მკითხეთ, დღესაც, გამეცინა…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–მომისმინეთ, გაგეცინათ თუ არ გაგეცინათ, სულ არ მაინტერესებს, მეორედ ჩემთან დარეკვცა არ გაბედოთ…
ჟურნალისტი:
–ანუ, არ მეტყვით, თქვენი ბიუროდან იყო თუ არა ადვოკატი პროცესზე?
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ჩემი ბიუროდან ვინ უნდა ყოფილიყო?
ჟურნალისტი:
–იზა ბერიშვილის, სახელი გითხარით, გვარიც, გუშინაც გითხარით, მაგრამ თქვენ ამაზე პასუხის ნაცვლად ყველაფერზე საუბრობთ, მუქარაც იყო, რომ აღარ გავბედო დარეკვა, თორემ… ამხელა ბრალდებას პასუხობთ, – ჩემი ნომერი მითხარი საიდან გაქვს!
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–რა ბრალდება გაქვთ? მომისმინეთ ახლა, რა ბრალდება გაქვთ?
ჟურნალისტი:
–თუ თქვენი ბიუროს წარმომადგენელი იყო დედათქვენის პროცესზე ადვოკატად, თქვენ ეს ნორმალური გგონიათ?
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–მირეკავთ მე და მეუბნებით, რომ თუ ვიყავი დედაჩემის პროცესზე როგორც ადვოკატი…
ჟურნალისტი:
–მე ეს კითხვა დავსვი? რამდენჯერმე გკითხეთ, თქვენს ბიუროსთან შემხებლობაში მყოფი ადვოკატი იყო თუ არა დედათქვენის პროცესზე, თქვენ თუ ახლა ისევ ეცდებით ჩემი ხმა გადაფაროთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე ეს კითხვა არ დამისვამს? საუბარს, ვიწერ, ცხადია…
მოსამართლე მოსიძის ვაჟი, ადვოკატი ვაჟა ჭრელაშვილი:
–ხოდა, თუ საუბარს იწერთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
უცნობია, რატომ იფიქრა ადოკატმა, რომ ჟურნალისტები კითხვებზე პასუხს ზეპირად ვიმახსოვრებთ და არ ვიწერთ. უცნობია, რას მეტყოდა, რომ არ მეთქვა, საუბარს ვიწერ. უცნობია, მამამისივით, ეზეკი ჭრელაშვილივით, სურდა, თუ არა, გათიშვამდე ეთქვა: „ტყვილი“, ყველაფერი „ტყვილი“.
დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია ის ფაქტი, რომ ციცინო მოსიძე 1997 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა ბაღდათში სხვადასხვა თანამდებობებზე, არც თუ ისე დაბალ თანამდებობებზე, იყო საკრებულოს თანამშრომელიც, იყო მოსამართლეც ბაღდათის, მისი მეუღლე – ეზეკი, ამჟამადაც ბაღდათში მუშაობს, სოფელ დიმში ე.წ. გამგებელია, მერიის წარმომადგენელი.
საქმე ისაა, რომ თ, კბილაშვილის, იმ პირის, ვისი საქმის მოსამართლეც იყო ციცინო მოსიძე, მამა, ნოდარ კბილაშვილი ბაღდათიდანაა. მეტიც, რეესტრის მიხედვით, მხოლოდ 2020–2023 წლებში, ბაღდათში, სოფელ დიმში, 4 უძრავი ქონება დაირეგისტრირა. ბაღდათის სოფელ დიმში აქვს დარეგისტრირებული, შპს საბურველი, აი, „ბაღდათის გზა“ ბაღდათშია რეგისტრირებული, ხოლო „ოთხი სეზონი“ – ქუთაისში.
არ ვიცი, რამდენად წარმატებულ ბიზნესმენად ითვლება ბაღდათში, მაგრამ შპს–მ, ბაღდათის გზა, რომლის 50 პროცენტიან წილს კუბლაშვილების ოჯახი ფლობს, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებიდან 3 მილიონ 775 ათას ლარზე მეტი მიიღო.
გვიყვებიან რომ კბილაშვილების ოჯახს, ნოდარ კბილაშვილს და მის შვილებს, თ. კბილაშვილს მათ შორის, გავლენიანი მეგობრები შსს–შიც ჰყავთ და არაერთხელ დახმარებიან სხვადასხვა საკითხში, ეს დაუდგენელი ინფორმაციია და მე ვერ გეტყვით, რამდენად მართალია. კვამლი რომ ცეცხლისგან ჩნდება, ძველი, ხალხური, ტრადიციული გამონათქვამია და ქართული ოცნების მოსამართლეებს, ხომ ისევ გიყვართ ტრადიციები და ხალხური გამონათქვამები, ხომ არ გადაგიყვარებიათ?
ბიზნესმენი ბაღდათიდან, ყოფილი ჩინოვნიკი ბაღდათიდან, მოქმედი ჩინოვნიკი ბაღდათიდან, ერთმანეთს არ იცნობენ? არც იციან ერთმანეთის შესახებ? – მოსამართლე ურთმელიძემ კი თქვა, დედა ოჯახის წევრი არააო, მაგრამ მეორე მხრივ, კობახიძეს რომ ვკითხოთ, დედა დედაა და მამა – მამა, ხოლო იგივე ივანიშვილის პრემიერის, გახარიასთავის რომ გვეკითხა პრემიერობისას, გვეტყოდა, რომ „ქართულ-ჯიგრული პონტი“ მთავარია.
არ ვიცი, ამჟამინდელი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან თუ არა და იპოვიან, ან გამორიცხავენ, თუ არა მოსამართლე მოსიძესა და მის პროცესზე ადვოკატებს შორის ურთიერთკავშირს. არაერთი ადამიანი წერს, რომ ვინც ქართული ოცნების დროს ფული იშოვა, მას ამ ფულის მიტანას სთხოვენ უკან, ვერც ამას დავადასტურებ ან ვუარჰყოფ, ვერც იმას გეტყვით, რომელი აზრი მეტად შეიძლება „მოეწონოს“ პროკურატურას, ან სუსს, მაგრამ იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ობიექტური გამოძიება და სამართლიანი სასამართლო გვექნება ოდესმე, ცხადია, მაქვს.
ბოლოს კი, მოსამართლე მოსიძეს, ვეტყვი, რომ ჩვენ, პატიოსან მოქალაქეებს, ყველას გვაქვს ის, მეორე ხმა, რომელზედაც, მუსიკოსმა, მომღერალმა ნინო ქათამაძემ გესაუბრათ, სანამ 5 000 ლარით დააჯარიმებდით.
ნინო ქათამაძე:
„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა. რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი მეორე ხმა ეკუთვნის 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს, ჩემი ხმა ეკუთვნის აფხაზ მეგობრებს, რომელსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის განმავლობაში წამებაში ამოხადეს ჩვენს დებს და ძმებს სული, ბოლოს ამ ტკივილის შემდეგ ადამიანმა დაიწვა თავი…
ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს, ჩემი გასტროლების დროს მე მინახავს დედები რომლებსაც 20 წელი შვილი არ უნახავთ… ჩემი ხმა ეკუთვნის იმ დედებს რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები… ჩემი ხმა იქნება იქ და იმ ადამიანებთან ვისი ხმაც არავის არ ესმის…
ჩვენ გადავამოწმეთ იურისტებთან და გვეგონა რომ არ იყო ეს ის დანაშაული, რომელიც აქ შეგვყრიდა და ასეთ სიტუაციაში აღმოგვაჩენდა, მაგრამ მზიას რომელიც იმ დღეს 14 დღე შიმშილობდა მას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გვეგულებოდა რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“
თამო კეშელავა
ალია
კომენტარები