ამერიკული მედია AXIOS-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აპირებენ, რადგან სხვა გზა არ აქვთ.
“უნდა შევიდეთ. მოლაპარაკება არ შეგვიძლია”. – უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს იმ მაღალჩინოსნის ცნობით, რომელსაც საუბრის შინაარსი გააცნეს და AXIOS-ს ელაპარაკა.
AXIOS-ის წყაროს ინფორმაციით, ჯო ბაიდენს ნეთანიაჰუს გადარწმუნება არ უცდია.
ამას გარდა, წყაროს ინფორმაციით, ზარის დროს ბაიდენმა ისაუბრა მოვლენების თეორიულ განვითარებაზე, თუ ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლა მეორე ფრონტს გაუხსნის. ამ საკითხთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნის ცნობით, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მათთვის ლიბანის საზღვარი მართლაც შეშფოთების საგანია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს არ აქვს სხვა გზა, ღაზაში დიდი ძალის დემონსტრირების გარდა.
აქამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ჰამასთან ომი “ხანგრძლივი და რთული” იქნება.
ისრაელს 300 000 რეზერვისტი ჰყავს მობილიზებული. ეს ათწლეულების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
წყარო: ,,ტაბულა”
კომენტარები