ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.
– ამერიკელმა სენატორებმა გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. პრაქტიკულად, დაიმუქრნენ, რომ თუ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, საქართველოს არც ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს ამერიკამ და პარტნიორულ ურთიერთობასაც უნდა გადახედოს. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?
– სენატის საგარეო კომიტეტის გავლენიანმა დეპუტატებმა გააკეთეს ეს განცხადებები. რაც ითქვა, ის დოკუმენტად დაიწერება და რეკომენდაციის სახით გადაეცემა სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტს, რომლებიც ამერიკის საგარეო პოლიტიკას ანხორციელებენ. ამერიკის ფულით აქ ბევრი გაკეთდა. თავდაცვა, სპეცსამსახურები, პოლიცია, ფინანსური ინსტიტუტები ამერიკული ფულით დადგა ფეხზე. იმას აღარ ვამბობ, რამდენი ვალი ჩამოგვაწერეს მსოფლიო ბანკმა, სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ამ ვალს ამერიკა გვაწერდა რეალურად, რადგან მათი მთავარი დამფინანსებელი ქვეყანაა. ბევრს დავკარგავთ, თუ ამერიკა ფინანსურ დახმარებებს შეგვიწყვეტს და უფრო მეტს, თუ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს იტყვის. სხვა გზას არ ვუტოვებთ ამერიკას, რომ ეს გააკეთოს. რუსეთს ებრძვის ამერიკა, ჩვენ რუსეთისკენ ვიქაჩებით. ირანში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, ლამის რევოლუციაა და საქართველომ გაერო-ში არ დაგმო ირანის ხელისუფლების ქმედებები, ხმა არ მისცა რეზოლუციას ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ამ დროს ირანი ამერიკის მტერი ქვეყანაა. ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა ირანი ამერიკამ. რატომ არ მისცა საქართველომ ხმა ირანის წინააღმდეგ? იმიტომ, რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა უკრაინასთან ომში, რუსეთს არ აწყენინეს. რუსეთის დიდი მოკავშირეც არ არის, მაგრამ კამიკაძე „დრონები“ მიჰყიდა ირანმა და ამ „დრონებით“ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახოცა უკრაინაში რუსეთმა. სხვა ფაქტორებიც არის, მაგრამ ეს არ კმარა? რა გამოდის, ახლა. საქართველო ამერიკის ერთ მტერთან, რუსეთთან მეგობრობს და მეორე მტრის, ირანის არაადამიანური სისასტიკის დამგმობ რეზოლუციას ხმას არ აძლევს. ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მეგობარი ვერ იქნება. ეს პრინციპიც ამუშავდა ამერიკაში და ესეც იყო სენატორთა განცხადების საფუძველი. ვერც გაამტყუნებ. რა ვიცი, ამ ჩვენს რუსეთუმეებს როდესაც უნდათ, იმას გაჰყვირიან, რომ ირანი საქართველოს ისტორიული მტერია და სულ იმას აპროტესტებენ, ირანელებმა დიდძალი უძრავი ქონება იყიდეს საქართველოში, უთოფოდ გვიპყრობენო. ახლა დგანან და ხელისუფლების ამ უგუნურ უმოქმედობას „აპრავებენ“. მაინც მგონია, რომ ამერიკა არც ფინანსურ დახმარებას შეგვიწყვეტს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეწყდება. შეიძლება ამერიკის მხრიდან გატარდეს რაიმე სახის ღონისძიებები, ჩვენი ხელისუფლების ჭკუაზე მოსაყვანად. ამერიკა საბოლოოდ ხელს არ გვკრავს იმიტომ, რომ მერე „ქართულმა ოცნებამ“ არ თქვას, რუსეთთან პარტნიორობის გარდა, სხვა გზა აღარ დაგვიტოვესო. ასევე მოიქცევა ევროკავშირი. გაგვკიცხავს, გაგვკიცხავს, მაგრამ საბოლოოდ იმავე მიზეზით, ზურგს არ შეგვაქცევს. მეტიც, მე არ გამიკვირდება, რომ 2023 წელს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის იმ 12 მოთხოვნიდან ბევრი არ იქნება შესასრულებული. ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლებელი. ესეც ევროპელების პოლიტიკაა, რომ სულ არ გარიყონ საქართველო. ევროპელებიც მაგას ფიქრობენ, რომ რუსეთს არ მიეკედლოს საქართველო. უხეშად ვიტყვი, ამერიკელებსაც და ევროპელებსაც უნდათ, ჩანგალზე ვყავდეთ, ხან დაგვტუქსავენ, ხან დახმარებას შეგვიწყვეტენ, ხან პირიქით, პოლიტიკურად, ფინანსურად, სხვა სახის დახმარებით წაგვახალისებენ. ევროპული დიპლომატია ნაკლებად ხისტია, უფრო მეტი ლავირებით გამოირჩევა. ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთის სატელიტად არ ვიქცეთ. 5 და 10 წელი, ეს ჩვენთვის, ხალხისთვის არის ბევრი, თორემ პოლიტიკაში ეს დრო არაფერია. ევროპელები შორს იხედებიან, შორეული გათვლები აქვთ. ჯერ ერთი, ეს ხელისუფლება საქართველოში მუდამ არ იქნება, შეიცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. მეორეც, რუსეთის მარცხი უკრაინაში დააჩქარებს ხელისუფლების ცვლილებას და ქვეყნის სათავეში მოვლენ პოლიტიკური ძალები, გვეყოლება კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ევროპისკენ, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისკენ წაიყვანენ ქვეყანას.
– „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფეხქვეშ გაიგდეს ამერიკელი სენატორები, უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენო. ირაკლი ზარქუამ, ჩათლხიაო ჯინ შაჰინიო…
– ირაკლი ზარქუას ფუნქცია ეგ არის პარლამენტში – ვინც ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას გააკრიტიკებს, პასუხი უნდა გასცეს. ზარქუა ხომ პოლიტიკოსი არ არის, პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი კაცია. ჯინ შაჰინი ამჟამად ყველაზე წონიანი „დემოკრატი“ ქალი პოლიტიკოსია ამერიკაში. პირველი ქალი სენატორია ნიუ-ჰემფშირიდან და პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელიც გუბერნატორიც იყო და სენატორიც. ამ ფაქტით, ჯინ შაჰინი უკვე ამერიკის ისტორიაშია შესული. ზარქუამ შაჰინს შეაგინა და რამდენიმე დღე ტრიალებდა ტელევიზიებში. მუდამ ასეა. ზარქუებს შაჰინებით უდგათ სული, რაც უფრო ცნობილ და გავლენიან პიროვნებას გალანძღავ, მით უფრო მეტი უფასო რეკლამა გაქვს. ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს, როგორც პოლიტიკოსებს, ჯიბეში ჩაისვამს.
კომენტარები