ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი ავალიანი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიმიტრი ავალიანი იყო ტელეკომპანია იმედის საერთაშორისო ამბების განყოფილების ანალიტიკოსი, გაზეთ 24 საათის პოლიტიკური მიმომხილველი. მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში, საინფორმაციო სააგენტოებში და რადიოში. იყო რუსული ნოვაია გაზეტას კორესპონდენტი საქართველოში.
ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძოდა. დიმიტრი ავალიანი ცოტა ხნის წინ სადაზღვევო კომპანია ალდაგს სასამართლში უჩიოდა. აი, რას წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე:
„რატომ არ უნდა ენდოთ სადაზღვევო კომპანია ალდაგს ? ცოტა გრძლად მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი – როგორ სასწაულებრივად გადავრჩი ჩეხი ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით და როგორ დამსაჯა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, იმისთვის, რომ არ მოვკვდი და ინვალიდობას გადავურჩი.
ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ გავიკეთე ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია (კარცინომა ცხვირში) პრაღაში, მოტოლის ჰოსპიტალში. თუმცა ცოტამ იცის დეტალურად, თუ რა გართულება მოჰყვა ოპერაციას და რას გადავურჩი.
ოპერაცია 2 ივნისს გამიკეთეს, გამოვფხიზლდი უკვე პალატაში, თავს ვგრძნობდი ნორმალურად – რამდენადაც მსგავსი ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ბოლო, რაც მახსოვს – უკვე ღამე მოულოდნელად დამეწყო ციება და კანკალი. გამოძახებულმა ექთანმა დამიდასტურა, რომ წნევა ძალიან მაღალი მქონდა.
როგორც შემდეგ აღვადგინე მოვლენების მსვლელობა – ავადმყოფობის ისტორიიდან, ექთნების მონაყოლიდან, მეუღლის მიერ გადმოცემული ექიმების ნაამბობიდან – დილის 5 საათზე თურმე შევჩივლე თავის ძლიერი ტკივილების გამო. დილის 7 საათზე მოსული ექიმი ჩემთან დაკონტაქტებას შეეცადა, თუმცა ვერაფერი გამაგებინა. ვერც ინგლისურად, ვერც რუსულად. შემდეგ სცადეს რაღაც მანიპულაციების ჩატარება და წინააღმდეგობა გამიწევია.
სწორედ მაშინ მიხვდა ექიმი, რომ საქმე ცუდადაა და როგორც ჩანს ტვინში რაღაც ინფექცია შემეჭრა. გათიშული გამაქანეს რეანიმაციაში, შემაერთეს ჟანგბადზე. საქმეში ჩაერთო ნევროლოგი, რეანიმატოლიგი, კარდიოლოგი, მოკლედ ყველა ვისაც ჩემი შველა შეეძლო. სასწრაფოდ დაიწყეს ანტიბიოტიკების შეყვანა.
მეუღლისთვის თავდაპირელად არ უთქვამთ რა ინფექციაზეა საუბარი – ექიმები მხოლოდ “ინფექციას”, მოგვიანებით კი “ნეიროლოგიურ ინფექციას” ახსენებდნენ. მას უთხრეს, რომ სამ დღეში მოვიდოდი გონს.
თუმცა, მეორე დღესვე გამოვფხიზლდი. მაგრამ არ მესმოდა რა ხდებოდა – რატომ აღმოვჩნდი სხვა პალატაში, რატომ მიყურებენ ექიმები გაკვირვებული სახეებით და ასჯერ მეკითხებიან ერთ და იგივეს – მართლა არაფერი მტკივა? საერთოდ არაფერი მაწუხებს? უბრალოდ სუსტად ვიყავი და შეკითხვების დასმის თავი არ მქონდა.
მალე გადამიყვანეს ინტენსიურ თერაპიაში, იზოლირებულ პალატაში. შემდეგ – ჩვეულებრივ პალატაში, ოღონდ იქაც მარტო. ინტენსიურის პალატაში მალევე მოვედი აზრზე – დავიწყე დამოუკიდებლად სიარული, ჭამა, წნევაც დასტაბილურდა, ტკივილები არ მქონია. მთელი ამ დროის განმავლობში გადასხმებით ვიღებდი ანტიბიოტიკებს.
თუმცა გამომწერეს მხოლოდ 19 ივნისს – მას შემდეგ, რაც ანალიზმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ინფექცია აღარ მაქვს.
გამოწერის შემდეგ გამოგვატანეს ფურცელი, სადაც პირველად წავიკითხეთ ჩემი ზუსტი დიაგნოზი – ბაქტერიული მენინგიტი. და მაშინ მივხვდი რას გადავურჩი – ეჭვი მაქვს, მსგავს სიტუაციაში საქართველოში ვერ გადავრჩებოდი.
ფაქტია – არა მხოლოდ გადავრჩი, არამედ ამ ძალზე საშიშმა ინფექციამ რაიმე ცუდი შედეგი არ დამიტოვა!
ჰო და რა შუაშია აქ ალდაგი?
გასული წლის ნოემბერში დავაზღვიე მანქანა ალდაგში, სადაც წლების განმავლობში ვაზღვევთ ყველაფერს – ბინას, მანქანებს და ა. შ. აგენტმა შემომთავაზა ახალი პროდუქტი – სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა. დავთანხმდი, მით უმეტეს, რომ სამსახურიდან დაზღვევა არ მქონდა, სახელმწიფო კი მაღალშემოსავლიანად მთვლის და საყოველთაო დაზღვევით საერთოდ არაფერი მეკუთვნის.
თან პირობები იყო მარტივი – შესაბამისი დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე ვიღებდი ერთჯერად თანხას – 50 ათას ლარს, რომელსაც ჩემი სურვილისამებრ დავხარჯავდი. – წერს გამოცემა ჯემნიუსის რედაქტორი დიმიტრი ავალიანი
მეთქი ასე უფრო მშვიდად ვიქნები, რამე სერიოზული რომ დამემართოს.
დამემართა – მარტში ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, აპრილში გავიკეთე პოლიპის ოპერაცია და, ექიმის თქმით, ეს პოლიპი არ აღმოჩნდა. ცხვირში იმ რაღაცამ ისევ სწრაფი ზრდა დაიწყო. 13 მაისს გადმომცეს ჰისტოლოგიის პასუხი – კარცინომა.
უკვე 17 მაისს შევხვდი პრაღაში ექიმ იან ბოუჩეკს, რომელმაც მითხრა რომ აუცილებელია ოპერაცია, თან რაც შეიძლება მალე.
ვიფიქრე დაზღვევით სარგებლობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სიმსივნეს აქვს მოცდის პერიოდი 6 თვე, რომელიც მაისის ბოლოს გადიოდა. ანუ ვერ ვისარგებლებდი, თუმცა სულ რაღაც ორკვირანახევარი დამაკლდა.
ოპერაციის და თერაპიისთვის საჭირო სოლიდური თანხის მობილიზება ოჯახის და ახლობლების დახმარებით მოვახერხე.
თუმცა ჩემი რეანიმაციის ღონისძიებები და მენინგიტის მკურნალობა, რასაკვირველია, დამატებითი თანხები დაჯდა – ჰოსპიტალმა ამაში დამატებით 14 ათასი ევროს ანგარიში წარმოგვიდგინა.
მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი დაზღვევის ჩამონათვალში ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობა აღმოჩნდა, თანაც ყოველგვარი მოცდის პერიოდის გარეშე.
იმ იმედით, რომ კუთვნილ თანხას მალე მივიღებდით და საავადმყოფოს ანგარიშს გავუსწორებდით, მივმართეთ ალდაგს.
დაარეგისტრირეს შემთხვევა, მოითხოვეს საბუთები. მოლაპარაკებებს ჩემი მეუღლე აწარმებდა, როგორც დისტანციურად, ისე პირადად.
თუმცა, თავიდანვე შეგვექმნა შთაბეჭდილება რომ ალდაგში საბაბს ეძებდნენ, რომ თანხის მოცემზე უარი ეთქვათ.
განსაუთრებით დაჟინებით ხელშეკრულების იმ აბზაცს ჩაეჭიდნენ, სადაც აღნიშნულია, რომ მენინგიტმა შესაძლოა (ანუ შესაძლოა და არა აუცილებელი პირობა!) გამოიწვიოს ლოგინად ჩავარდნა და ამ შემთხვევაში (!) საჭიროა სამთვიანი უწყვეტი სამედიცინო ჩანაწერების წარმოდგენა.
დიაგნოზი მაქვს, მაგრამ ლოგინად არ ჩავწოლილვარ, გამოვჯანმრთელდი. შესაბამისად, თუ ქართულად დაწერილ ტექსტს სწორად წავიკითხავთ, სამთვიანი ჩანაწერის არანაირი ვალდებულება არ მეკისრება.
თუმცა, დაახლოებით ერთთვიანი წვალების შემდეგ, ალდაგიდან საბოლოოდ ტელეფონით გვაცნობეს, რომ გადამზღვევი კომპანიის (?) გადაწყვეტილებით მე არ ვაკმაყოფილებ კრიტერიუმს და თანხის გამოყოფაზე უარი მეთქვა.
მიზეზი – ის, რომ არ ჩავწოლილვარ 3 თვის განმავლობაში. რომ განვიკურნე და არ მოვკვდი.
ველოდები ოფიციალურ პასუხს და აუცილებლად ვაპირებ დავას ყველა სამართლებრივი საშუალებით. ამავე დროს, ძალიან არაეთიკურად და ამორალურად მიმაჩნია ეს ვაჭრობა ონკოლოგიურ ავადმყოფთან, რომელსაც ჯერ თერაპიის კურსი არ დაუსრულებია და სრულყოფილ ცხოვრებას არ დაბრუნებია.
მინდა რომ ალდაგის ყველა კლიენტმა, განსაუთრებით კი “სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების” პოლისის მფლობელებმა იცოდნენ, რომ როდესაც მათ გაუჭირდებათ, ალდაგი სწორედ ასე დაიწყებს მიზეზების ძებნას, დროის წელვას, აბსურდული არგუმენტების მოყვანას და დიდი ალბათობით კუთვნილ თანხას არ მოგცემთ.”
კომენტარები