ცოტა ხნის წინ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, ევროკომისიის ანგარიში სახელწოდებით – „ერთობლივი ინფორმაცია ევროპარლამენტის და ევროპული საჭოსათვის ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობაზე“ წარადგინა. ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობის განახლების პერსპექტივა ძალიან შორეულია და დაამატა, რომ ორგანიზაცია მოსკოვს წინ უნდა აღუდგეს: „რუსეთის მხრიდან ჩვენს ურთიერთობებში ბზარის შეტანის მცდელობების მიუხედავად, ევროკავშირმა მსოფლიოს ერთიანობის მაგალითი არაერთხელ უჩვენა. ეს ერთიანობა ჩვენი ყველაზე დიდი იარაღია და ის კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს“, აღნიშნა ბორელმა.
ევროკომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაცია რუსეთის პრივილეგირებული ინტერესების არსებობასა და მოსკოვის პრეტენზიებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კატეგორიულად უარყოფს. „აღმოსავლეთ პარტნიორებს სრული და სუვერენული უფლება აქვთ თავად აირჩიონ თუ როგორი ურთიერთობა ექნებათ ევროკავშირთან ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო მოთამაშესთან“- ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია რუსეთის მთავრობის მიერ კონფრონტაციული პოლიტიკისა და გავლენის გასავრცელებლად რბილი და ძლიერი ძალის გამოყენებაზე საუბრობს. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორებს ორმხრივი შეთანხმებების საშუალებით, მედეგობის გაძლიერებაში დახმარების პირობას აძლევს. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია ორგანიზაციის მზაობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკონომიკის, სამართლის და ციფრული ტრანსფორმაციებისთვის აუცილებელი რეფორმების გასატარებლად მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიოს.„
ბორელის მიერ რუსეთის შესახებ წარდგენილ მკაცრ ანგარიშთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ევროკავშირის უარი პუტინთან ერთობლივი სამიტის გამართვის შეთავაზებაზე. სამიტის იდეა საფრანგეთმა და გერმანიამ წამოაყენეს, თუმცა ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის და რუმინეთის სახით გადაულახავ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. ქვეყნებმა უარის მიზეზად მოსკოვის აგრესია დაასახელეს. ევროკავშირისა და რუსეთის ერთობლივი სამიტები 2014 წლის მარტში პუტინის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა, რა დროსაც ოფიციალურ მოსკოვს დასავლეთმა სანქციებიც დაუწესა.
სამიტის მოწინააღმდეგე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განცხადებებიც გააკეთეს. პოლონეთის პრემიერმა მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ჰიბრიდული შეტევების პირობებში უმაღლეს დონეზე საუბრის დაწყება წარმოუდგენელია. ესტონეთის პრემიერმა კაია კალლასმა კოლეგებს შეახსენა, რომ სერგეი ლავროვთან ჟოზეპ ბორელის შეხვედრამ კატასტროფულად ჩაიარა.
ლატვიის პრემიერმა არტურს კარინშსმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის პირობებში, საუბარი წარმოუდგენელია. ფინეთის პრემიერმა სანნა მარინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომისა და ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილ მოქმედებებზე პრინციპული პოზიციის ქონა რუსეთთან უმაღლეს დონეზე საუბარს გამორიცხავს. ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტტემ კი დაამატა, რომ პუტინთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას არ აპირებს.
მოგვიანებით ევროკავშირის ლიდერებმა განცხადება გაავრცელეს და რუსეთი დეზინფორმაციის, კიბერშეტევების და კავშირის საქმეებში ჩარევის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებითი სანქციების შესახებ გააფრთხილეს.
რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშად დარღვევას აგრძელებს. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაცია“ საქართველოს მოქალაქეებს სახლების დატოვებას აიძულებს. რუსეთის საოკუპაციო ძალები მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მანკიერ პრაქტიკასაც აგრძელებენ და მათ თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავენ. რუსეთი უკრაინას „არარსებულ სახელმწიფოს“ ეძახის და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მილიტარიზაციას უკანონოდ ახდენს. რამდენიმე კვირის წინ პოლონეთი რუსეთიდან განხორციელებული მასიური კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. გერმანია მოახლოებული არჩევნების ფონზე მოსკოვის შესაძლო ჩარევაზე ალაპარაკდა. პუტინი აგრესიულ საგარეო პოლიტიკას განაგრძობს და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს კრემლის გავლენის სფეროდ მოიხსენიებს. რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.
გიორგი ლომია
კომენტარები