ეზოს დიზაინი 2026 წელს კიდევ უფრო მეტად ბუნებრივი, ცოცხალი, მსუნთქავია. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა სწორად მოწყობილი საწყავი სისტემაა, „ცოცხალი ღობე“ და ისე მოპირკეთება, რომ ეზო იყოს კომფორტული, მყუდრო, ინდივიდუალური.
ბუნებრივი, „ცოცხალი“ ღობე, არ გეგონოს ნაკლებად გიცავდეს უცხო თვალისგან, პირიქით, თუ სწორად დაგეგმავ, საუკეთესო დაცვაა, ხმაურსაც მეტად ამცირებს და რაც ყველაზე მთავარია – ყველაზე ფერადია.
დღეს მოგიყვები 9 მცენარეზე – ისინი საუკეთესოენი არიან თავისი გამძლეობით, სიმწვანით, სიცოცხლისუნარიანობით.
1. ტუია სმარაგდა – ე.წ. “ოქროს სტანდარტი” ცოცხალი ღობისთვის
იზრდება პირამიდისებრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად საჭიროებს კრეჭას. ზრდის ტემპი წელიწადში 30 სანტიმეტრამდე.
ინარჩუნებს მწვანე ფერს ზამთარშიც.
გაფრთხილება – მგრძნობიარეა ძლიერი სიცხეები მიმართ; სჭირდება რეგულარული მორწყვა პირველ წლებში.
2. ლეილანდის კვიპაროსი
პრაქტიკულად კედელია. თუ დიდი, მასიური კედელი გსურდა ღობედ – მაშინ სწორედ ეს მცენარე უნდა აირჩიო.
ძალიან სწრაფი იზრდება, წელიწადში 90 სანტიმეტრით. სწორედ ამიტომ, მოკლე დროში ქმნის გაუმჭვირვალე, მაღალ კედელს. საუკეთესო, ბუნებრივი თავდაცვაა ქარისგან და ხმაურისგან.
გაფრთხილება – თუ წელიწადში ორჯერ არ გაკრეჭს და გადაბელავს სპეციალისტი, ის უკონტროლო გახდება და ღობის ნაცვლად, გიგანტურ ხეებს მიიღებ.
3. ლავრო ალუბალი – ფოთლოვანი მარადმწვანე მცენარე
სწრაფად იზრდება, წელიწადში 50 სანტიმეტრით, აქვს დიდი, პრიალა ფოთლები, კარგად ახშობს ხმას. მისი თვისებებიდან გამორჩეული და მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ ნიადაგს იტანს, ჩრდილსაც კი.
გაფრთხილება – მისი ფოთლები და კენკრა ტოქსიკურია, თუ შინაური ცხოველები გყავს, ყურადღებით უნდა იყო, რათა არ შეჭამონ.
4. ფოტინია რედ რობინი
ეს არის მცენარე, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყურებოდა დეკორატიულად. ზომიერი სისწრაფით იზრდება, მისი მთავარი „ღირსება“, ალბათ, მაინც ისაა, რომ გაზაფხულზე ის ღობეცაა და ბაღიც ერთდროულადაა, მისი ახალი ფოთლები გაზაფხულზე მკვეთრი წითელია.
გაითვალისწინე, მას სჭირდება მზიანი ადგილი.
5. ბზა
ყველაზე სიმეტრიული, ყველაზე „ზუსტი“. ოღონდ, ის იდეალურია მხოლოდ დაბალი ღობეებისთვის. იგი ნელა იზრდება, წელიწადში 10–15 სანტიმეტრს მხოლოდ.
მისგან შეგიძლია პროფესიონალს შეუკვეთო, ნებისმიერი ფიგურის ფორმა, ბზა ამისთვის საუკეთესოა.
გაითვალისწინე – მას სჭირდება პროფილაქტიუკური შეწამვლა, რათა არ დაავადდეს, ამიტომ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მიმართო პროფესიონალს.
6. პირაკანტა
ეკლიანი მცველი. მისი ეკლები საუკეთესო ბარიერია. იგი სწრაფად იზრდება, გაზაფხულზე თეთრი ყვავილებით გეგებება, შემოდგომას კი ფერადი კენკრით „გიგემრიელებს“.
გაფრთხილება – სწორედ მისი ეკლების გამო, ნუ ეცდები პირადად გაკრიჭო, პროფესიონალს მიმართე.
7. ბამბუკი
ჯერ ისევ ეგზოტიკური და თანაც უკვე თანამედროვე. ის ძალიან სწრაფად იზრდება, ქმნის მსუბუქ, ერთი შეხედვით მოძრავ კედელს, რომელიც ქარის მიმართულების ირხევა და სასიამოვნო ხმას გამოსცემს რხევისას. ის მცირე ადგილს იკავებს სიგანეში და ეს კიდევ უფრო მოქნილს ხდის მის გამოყენებას ღობედ.
გაფრთხილება – აარჩევინე პროფესიონალს და მხოლოდ ბუჩქოვანი ჯიშის ბამბუკი დარგე, სხვა შემთხვევაში, მისი ფესვები მთელს ეზოს დაიკავებს.
8. უთხოვარი
ღობეების დედოფალი. ის ნელა იზრდება, სამაგიეროდ ცოცხლობს ასობით წელი, იტანს ჩრდილს, ხშირ და თუნდაც ძლიერ გადაბელვას, აქვს მუქი მწვანე ფერი.
გაფრთხილება – მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია.
9. ლიგუსტრუმი
გამძლე და ეკონომიური. სხვათა შორის, წინა მცენარე, უთხოვარი საკმაოდ ძვირადღირებულია, თანაც ნელა იზრდება, ამიტომ, თუ მისი ფასი არ მოგეწონება, აქვეა ლიგუსტრუმი, იაფადღირებული და სწრაფად მზარდი. იგი იმითაცაა გამორჩეული, რომ დაბინძურებულ და რთულ ბუნებრივ პირობებშიც კი ხარობს.
გაფრთხილება – თუ გინდა ფორმა არ დაკარგოს, ხშირად უნდა გაიკრიჭოს.
და მაინც, რომელი ავირჩიო? – ფიქრობ, ალბათ და თუ გგონია, ამდენი ახალი ინფორმაციით კიდევ მეტი საფიქრალი გაგიჩნდა. არადა, მარტივია, მოდი, შევაჯამოთ და თავად მიხვდები:
თუ გსურს სწრაფი შედეგი: ლეილანდი ან ბამბუკი.
თუ გსურს მინიმალური მოვლა: ტუია სმარაგდი.
თუ გაქვს ჩრდილიანი ეზო: უთხოვარი ან ლავრო ალუბალი.
თუ გსურს ფერადი ეზო: ფოტინია ან პირაკანტა.
თუ გსურს ფიგურები მწვანე ბუჩქებისგან – ბზა.
თუ გსურს ბიუჯეტურად გამოხვიდე – ლიგუსტრუმი.
ცოცხალი ღობის დარგვა და მოვლა საკმაოდ შრომატევადი, თუმცა, შედეგი იმდენად მაგარია, იმდენად მოგეწონება „ჯანსაღი“ ბუნებრივი კედელი, რომ ეს ნამდვილად ღირს ამად.
ცხადია, დარგვა, მოვლა, ნიადაგის შესაბამისი მცენარეების შერჩევა, თუ ნიადაგის მომზადება, სჯობს მიანდო სპეციალისტს, მაგრამ თუ მაინც თავად აკეთებ, რამდენიმე რჩევას მოგცემ:
მომზადება
ნუ გათხრი ცალკეულ ორმოებს თითოეული ბუჩქისთვის. უკეთესია გათხარო ერთიანი თხრილი, ეს უზრუნველყოფს ფესვების თანაბარ განვითარებას და მცენარეების ერთ ხაზზე განლაგებას.
ნიადაგი
თუ მიწა თიხნარია, თხრილის პირველ ფენად დაყარე ცოტა ხრეში დრენაჟისთვის, რათა ფესვები არ დალპეს.
საუკეთესო დრო დასარგავად
ეს უკვე მცენარეზეა დამოკიდებული და სჯობს, თითოეულის შემთხვვაში, პროფესიონალს მიმართო, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ წიწვოვანი მცენარეებისთვის (ტუია, კვიპაროსი) იდეალურია ადრეული გაზაფხული ან გვიანი შემოდგომა.
დაშორება მცენარეებს შორის
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, ალბათ, რადგან დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, ნიადაგზე და კიდევ არაერთ დეტალზე. მაგალითად, ტუიას დაშორება ღეროებს შორის უნდა იყოს 50–60 სანტიმეტრი, რადგან ის იზრდება მჭიდრო სვეტებად, ლეილანდის კვიპაროსის 70–90 სანტიმეტრი, რადგან ძალიან სწრაფად იზრდება და საკმაოდ მაღალ კედელს ქმნის.
ბზის ნერგებს შორის დაშორება არ უნდა იყოს 30 სანტიმეტრზე დიდი, ხოლო ლავროს ალუბალს, მისი განიერი ფოთლების გამო, დაშორება სჭირდება 75 სანტიმეტრამდე.
დარგვა
თხრილი როგორ გაამზადო უკვე იცი, გაჭიმე თხრილის გასწვრივ თოკი, რათა ღობე იდეალურად სწორი გამოვიდეს. მცენარე უნდა დაირგას იმავე სიღრმეზე, რა სიღრმეზეც ქოთანში იყო ჩარგული. ფესვის ყელი, ანუ ის ადგილი, სადაც ფესვიდან ღერო იწყება, არ უნდა ჩაიმარხოს მიწის ქვეშ. დარგვისთანავე უხვად მორწყე, რათა მიწა ფესვების გარშემო ჩაიბეკნოს და ჰაერის ბუშტები გამოიდევნოს.
და ბოლოს, ამას არასოდეს გირჩევდი ადრე, პირადად რომ არ მქონდეს ნანახი, – შეამოწმე ფესვები, ხომ არ აქვს მას მოხვეული სველი სალფეთქი. სამწუხაროდ, იმისთვის, რომ ფესვები დიდხანს იყოს ნოტიო და გაყიდვამდე კარგად გამოიყურებოდეს, ზოგი, თანაც საკმაოდ ცნობილი კომპანია, ამ ბოლოს მცენარეებს ამ მდგმარეობაში ყიდის. დარწმუნდი რომ არ აქვს მოხვეული და თუ აქვს, ფრთხილად მოაშორე. თუ მიკრულია, ნელთბილ, არაძლიერად გამდინარე წყალს შეუშვირე მცენარის ფესვები და გაგიადვილდება მოშორება.
კრეჭა
ბევრს ჰგონია, რომ ჯერ უნდა გაიზარდოს სასურველ სიმაღლემდე და მხოლოდ მერე გაიკრიჭოს, ეს შეცდომაა, გვერდები უნდა შეიკრიჭოს დარგვიდან პირველივე წელს. რაც შეეხება ფორმას, ამ ბოლოს უფრო და უფრო მოდაშია, ტრაპეცია, ქვემოთ ოდნავ განიერი და ზემოთ – ვიწრო. მოდაზე მეტად კი, მცენარეს სწორედ ასეთი ფორმა სჭირდება ყველაზე მეტად, რადგან ასეთ დროს მზის შუქი მცენარის ქვედა ტოტებამდეც აღწევს და ღობე ქვედა მხრიდან არ შიშვლდება.
რაც შეეხება მცენარეების მოვლას და კვებას, ეს ინდივიდუალურია, თუმცა, არსებობს მზა რეცეპტიც, მაგალითად, ნახერხი, ან ხის დაქუცმაცებული ქერქსი, ეს უნარჩუნებს ტენიანობას და ასევე, ხელს უშლის სარეველების გაზრდას. გაზაფხულზე გამოიყენე აზოტით მდიდარი სასუქი სიმწვანისთვის, მხოლო შემოდგომაზე, კალიუმით და ფოსფორით მდიდარი სასუქი, რათა მცენარემ ზამთარს კარგად გაუძლოს.
რაც მთავარია, წინასწარ უნდა დაიგეგმოს, ეზოს რომელ ნაწილში, რომელი მცენარე უნდა დაირგოს, რომ სწორედ ის პირობები ჰქონდეს, რაც მისი გაზრდისა და გახარებისთვისაა საჭირო.
როცა მცენარეების დარგვას მორჩები, ამის შემდეგ, უკვე ეზოს სივრცის, მდებარეობის, ფორმის მიხედვით, უნდა გადაწყვიტო მოპირკეთებაში ქვის გამოყენება სჯობს, ფილების, თუ ხის? თუ ქვის, რომელი ბუნებრივი ქვები სჯობს გამოიყენო? თუ ფილების, რომელია ყველაზე პოპულარული და რომელია ყველაზე პრაქტიკული? თუ ხის, რა პლიუსები და მინუსები აქვს? როგორ უნდა დაიგოს რა სივრცეში და რა პრობლემები დაგხვდება გამოყენებისას, თუ არასწორად დაიგო?
ასევე, დასაგეგმია, სად მოეწყოს მოსასვენებლი სივრცე, ამისთვის, ჯერ ის უნდა გაირკვეს, შენთვის რას ნიშნავს დასვენება – ვარჯიშს, თუ წამოწოლას, რუჯის მიღებას, თუ ჩრდილში წიგნის კითხვას? იქნებ, საბავშვო, უსაფრთხო კუთხეს?
და რაც ყველაზე მთავარია, ჭკვიანი სარწყავი სისტემა არ უნდა დაგავიწყდეს, რადგან ის თავიდან აგარიდებს, როგორც ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვას, ასევე, ზედმეტი ფინანსების დახარჯვას შემდგომში, რადგან, მაგალითად, იცის, რომ თუ წვიმაა მოსალოდნელი, ავტომატურად უნდა გააუქმოს მორწყვა, რათა ფესვები ზედმეტმა წყალმა არ დაალპოს. ასევე, იცის, რომელ ზონაში, რომელ მცენარეს რა ოდენობის წყალი სჭირდება და ა.შ.
შესაძლოა, ცოცხალი ღობე მოაწყო როგორღაც დამოუკიდებლად, მაგრამ დანარჩენი დეტალების დასაგეგმად, უკვე გჭირდება ეზოს დიზაინის სპეცილისტი. რადგან არ არსებობს რჩვები, რომლებიც საკმარისი იქნება შენს ეზოზე მორგებული დიზაინის დასაგეგმად. დამატებით ბონუსად, გიტოვებ ეზოს დიზაინის სპეციალისტთა ბაზას, ისე რომ სახლიდან, თუ ეზოდან არც კი გახვიდე, დარეკავ, შეარჩევ, შეუთანხმდები – მოელაპარაკები ფასზე, თუ პირობებზე. მთავარი არ დაგავიწყდეს – ნახე კომენტარები, აქ რეალური ადამიანების მიერ გაცემული რეკომენდაციებია, იმათი, ვინც უკვე ისარგებლა მათი მომსახურებით.
(R)
















კომენტარები