ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 სინდისის პატიმრის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს, რომელიც სათათბიროდ 27 აგვისტოს გავიდა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
სინდისის პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულების ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ დევს.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები