ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას ეხმაურებიან და თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას მიმართავენ:
“ბატონო ჯაბა, 2026 წლის 29 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის საჯარო განცხადებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია აკადემიური საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის გადაწყვეტილება, ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმებული იყო მხოლოდ უნივერსიტეტის მმართველობის ერთ რგოლთან – რექტორთან, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კოლექტიურ ხასიათს.საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია: აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. აღნიშნული ნორმა გამორიცხავს უნივერსიტეტის სტრუქტურული ტრანსფორმაციის საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის თვითმმართველობის, შიდა დემოკრატიული მმართველობისა და აკადემიური საზოგადოების ჩართულობის პრინციპების დაცვას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ შემდეგი მოთხოვნებით:ა) გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი განმარტება იმ პროცესისა და საფუძვლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაწყვეტილების შეთანხმება უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე, კოლექტიური მმართველი ორგანოების ჩართულობის გარეშე;ბ) მოვითხოვთ, შეჩერდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი, როგორც უნივერსიტეტის ავტონომიის შემლახველი პრაქტიკა და დაიწყოს ფართო, ღია და ინკლუზიური დისკუსია განათლების სისტემაში დაანონსებულ ე.წ. „რეფორმასთან“ დაკავშირებით, აკადემიური პერსონალის, მოწვეული ლექტორებისა და სტუდენტების სრულფასოვანი მონაწილეობით.
მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტის მომავლის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიღებული დახურულ რეჟიმში და საჭიროებს აკადემიური საზოგადოების ნდობაზე, პროფესიულ მსჯელობასა და კონსტიტუციურ პრინციპებზე დაფუძნებულ პროცესს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 700-მდე პროფესორი, მოწვეული ლექტორი, კურსდამთავრებული და სტუდენტი აწერს














კომენტარები