“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:
მე-11 კლასელი შვილი მყავს. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში სწავლობს და უცებ სახელმწიფო მეუბნება – მომავალი წლიდან მე-12 კლასს მოვუხსნით სკოლასო.
ვთქვათ, არც იმხელა შემოსავალი მაქვს, რომ კერძო სკოლაში ვასწავლო და არც საოცარი მიღწევები აქვს, რომ უცხოეთში დაფინანსება მოიპოვოს.
გარდა ამისა, მთავრობა მეუბნება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებს ვამცირებ და ფასს ვზრდიო. ბუნებრივია, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება ფასი, კერძოც გაზრდის.
რა დასკვნას გავაკეთებ: 2027 წელს ერთდროულად დაამთავრებს საჯარო სკოლებს მოსწავლეების ორი ნაკადი – ანუ სტანდარტული 40000-ის ნაცვლად 80000. ესე იგი, რა გამოდის – ჩემი შვილი ორმაგ კონკურენციაში უნდა შევიდეს, თან შემცირებულ პროგრამებზე? უნივერსიტეტებს ერთი წლით გაუორმაგებენ აკრედიტებულ პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობას? კვოტებს გაუზრდიან დროებით?
ჰოდა, რა მაჩერებს მშვიდად?
მართლა რომ ვიყო ამ მდგომარეობაში, მე რას გავაკეთებდი:
1) პირველ რიგში, მე-10 და მე-11 კლასის მშობლებს შევკრებდი საკუთარ სკოლაში და შევხვდებოდით დირექტორს პასუხების მისაღებად;
2) გავაკეთებდი ფეისბუქ გვერდს და დავუკავშირდებოდი სხვა სკოლების იმავე კლასის მშობლებს და მოვითხოვდით დეტალურ პასუხებს განათლების მინისტრისგან.
ამჟამად საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასებში სწავლობს თითქმის 80000 მოსწავლე. ვთქვათ, დარჩენილიდან ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება უნდა 80%-ს. 64000 ბავშვის მშობელი რამხელა ძალაა, წარმოგიდგენიათ? როგორ უნდა გიბედავდეთ ასეთ გაურკვევლობას მთავრობა?














კომენტარები