„პუბლიკა” გთავაზობთ ამონარიდებს დაცვის მხარის არგუმენტებიდან:
არგუმენტი N1
დაცვის მხარემ პირველ არგუმენტად მიუთითა ის, თუ რას მოჰყვა პროტესტი. მათი თქმით, სამართალი ითხოვს თავიდან დაიწყოს ანალიზი – რა მოხდა. მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელი საზომია.
„და დავიწყებ თავიდან, რა მოხდა? რისთვის დააკავეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა განსასჯელები?
2025 წლის 28 ნოემბერს ცნობილი განცხადების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო!
ამ საპროტესტო აქციებში ასეულობით ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საჯარო მოხელებიც, დიპლომატებიც, მოსამართლეების ოჯახის წევრებიც, უცნობნი თუ ნაცნობნი…
რა იყო ეს განცხადება, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლას? ირაკლი კობახიძის განცხადება – ,,მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაჩერებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.”
ეს თქვა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, რამაც გამოიწვია ეს დიდი პროტესტი…
ნიშნავდა თუ არა ეს განცხადება კონსტიტუციიის დარღვევას? დიახ ნიშნავდა.
რა ქნეს საქართველოს მოქალაქეებმა – ქუჩაში გამოსვლით გამოხატეს პროტესტი. საქართველოს კონსტიტუციით ხალხი არის ხელისუფლების წყარო. სწორედ მათ ხელშია ძალაუფლება, ამიტომაც ხალხის პროტესტი უნდა იყოს მთავარი ნებისმიიერი ხელისუფლებისთვის, იმოქმედოს იმგვარად, როგორც საკუთარი მოქალაქეები მიიჩნევენ. როდესაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის, უნდა დაუგდო ყური, მოუსმინო და შეცდომა გამოასწორო…”, – აღნიშნავს დაცვის მხარე.
არგუმენტი N2
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ბრალზე და შემდეგ აღნიშნავს:
„რა შუაშია ზვიად ცეცხლაძის ან სხვა პირთა ქმედებები აქ ამ პირებთან? რა კავშირი დაადგინეთ? სად არის ერთი მტკიცებულება მაინც მათ შორის რაიმე კავშირის?
არც მათი ბრალეულობაა დადგენილი, მაგრამ საერთოდ რაიმე კავშირი პირდაპირი, ირიბი სად ნახეთ? არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს!”, – აცხადებენ ადვოკატები.
არგუმენტი N3
მომდევნო არგუმენტში დაცვის მხარე მიმოიხილავს პროცესზე დაკითხულ მოწმეებს და ამბობს, რომ პროკურორებმა წარმოადგინეს ბრალდების მოწმეები, რომლებიც თავიანთი ჩვენებით რეალურად გახდა დაცვის მტკიცებულება. ყველა მოწმე იყო დაცვის სასარგებლო მოწმე.
არგუმენტი N4
მომდევნო არგუმენტში ადვოკატები საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებას აანალიზებენ.
„…ანდრო ჭიჭინაძის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით გამომძიებელი სასამართლოში საუბრობდა ვარაუდებით. მას არც კი უცდია არც ამ საქმეზე და არც არასდროს, რომ ექსპერტიზა დაეჩქარებინა, ბიუროსთვის წერილით მიემართა, მაგრამ ამის მიუხედავად, ამტკიცებდა რომ დაჩქარება შეუძლებელია და მსგავი რამ არ ხდება.
არსენ ხუნაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ გამოძიების განმავლობაში მისთვის ცნობილია, რომ არ არსებობს არცერთი პიროვნება, რომელიც ანდრო ჭიჭინაძეზე ამბობდა, რომ მან უკანონო მოქმედება განახორციელა, ამ უკანონო მოქმედების შედეგად კი რომელიმე სამართალდამცავი დაზიანდა ან საფრთხე შეექმნა”, – აცხადებენ ისინი.
არგუმენტი N5
დაცვის მხარე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძისგან ჩხრეკის დროს ამოღებულია მხოლოდ მობილური ტელეფონი, რომელზედაც დანიშნულია ექსპერტიზა და დღემდე არ მოსულა პასუხი.
„ტელეფონით, როგორც ამოღებული მტკიცებულებით, ხომ უნდა დაგედგინათ, რასაც აბრალებთ ანდრო ჭიჭინაძეს და სხვებს ანუ ჯგუფის კავშირი? ორგანიზება, როლების განაწილება? ამას როგორ ახდენდნენ? რატომ ვერ გვითხარით, რა ფორმით ხდებოდა ეს შეთანხმება – რაიმე ტელეპატიური, შავი მაგიის გამოყენებით თუ მტრედებით ხდებოდა ამ კავშირებიის დამყარება?
ან უკრაინის მოქალაქეებს რომელ ენაზე ესაუბრებოდნენ ეს მაინც ვინმემ დაადგინა?
ირონიის გარეშე, ეს ხომ მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამავე დროს ადასტურებს, რომ ვერაფერი იპოვეთ”, – აცხადებენ ისინი.
არგუმენტი N6
არ არის ჩატარებული სახლის ჩხრეკა. დაცვის მხარის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიების ორგანომ იცოდა, რომ ანდრო ჭიჭინაძის სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ინახებოდა.
არგუმენტი N7
საქმეში არსებული ვიდეოები, რომლებიც არის გამოთხოვილი ორჯერ, არცერთზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა – დამონტაჟებული ხომ არ არის.
„ცალკე ობიექტური გამოძიებისთვის პრობლემაა, რა ხანგრძლივობით არის გამოთხოვილი ისინი, როცა ეს ვიდეოები ადასტურებს, რომ სამართალდამცავები, ვინც ჩანან ამ კადრებში, არღვევენ კანონს პოლიციის შესახებ, იმუქრებიან და საშინელი სიტყვებით მიმართავენ აქციის მონაწილეებს. არის გაუპატიურების მუქარაც. ამ პირთა მიმართ რამე ღონისძიება გაატარა გამოძიების რომელიმე ორგანომ? არა!”, – აცხადებენ ადვოკატები.
არგუმენტი N8
არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდება, რა ნივთი ისროლა ანდრო ჭიჭინაძემ, მძიმეა ის თუ მსუბუქი, რა მიმართულებით ისროლა და ა.შ.
არგუმენტი N9
არცერთი ნივთი პროკურატურას სასამართლოში არ წარმოუდგენია და არ გამოუკვლევია, რომელიც ანდრო ჭიჭინაძეს ეკუთვნოდა. არცერთი ნივთი ანდრო ჭიჭინაძეს არ უკავშირდება.
„ისევ განვმეორდებით, ერთადერთი ნივთი, რაც გამოძიებამ მოიპოვა, არის ანდრო ჭიჭინაძის მობილური ტელეფონი, რომელიც სასამართლოსაც ისევე არ უნახავს, როგორც ჩვენ…”, – მიუთითებენ ადვოკატები.
არგუმენტი N10
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე რეალურად თავს იცავდა თავმდასხმებისგან, ამ თავდასხმებს 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაზიანება მოჰყვა.
„ამიტომაც ვერავინ ამოიცნეს დაზარალებულებმა. სინამდვილეში მათ ქვებს თუ საგნებს, რითიც დაზიანება მიიღეს, დაქირავებულმა პროვოკატორებმა მიაყენეს. სხვა შემთხვევაში, ადგილებში, სადაც ყველგან იყო კამერები, მოხდებოდა იდენტიფიცირება”, – აღნიშნავენ ისინი.
არგუმენტი N11
დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები:
„ყველა მათგანის ჩვენების მიხედვით: ანდრო ჭიჭინაძე მათთან ერთად იყო აქციების განმავლობაში. ისინი ძირითადად პირველ სკოლასთან იკრიბებოდნენ. არცერთს არ დაუნახავს ანდროს რაიმე უკანონო მოქმედება.
ზუსტად აღწერდნენ ძალადობრივ მოქმედებებს პოლიციელების მხრიდან.
ზუსტად და დეტალურად საუბრობდნენ შიშზე, რომელიც მათ, როგორც რიგით მოქალაქეებს ჰქონდათ. შიშზე, რომელიც ეუფლებოდათ ნიღბიანი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობების შემდგომ. იმის გააზრების შემდგომ, რომ ისინი იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან დაუცველები და ყოველ დღე განხორციელებულ ძალადობას შემდგომ დღეებში უარესი მოჰყვებოდა. დასჯილი კი არ იყო არავინ”, – ამბობენ ისინი.
არგუმენტი N12
პროკურატურამ უდავოდ ცნო დაცვის მხარის ერთი მოწმის – მარიამ ბუხულეიშვილის ჩვენება, რომელიც ადასტურებდა ანდრო ჭიჭინაძის მშვიდობიან მონაწილეობას აქციაზე. მარიამი დეტალურად აღწერდა და იხსენებდა, როგორი იყო მშვიდობიანი მოქალაქე ანდრო ჭიჭინაძე აქციის განმავლობაში.
არგუმენტი N13
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – დათვალიერების ოქმი და ვიდეო, რომელიც აქციებზეა გადაღებული, სადაც ჩანს, აქციაზე როგორ გამოჰყავს ხალხი ანდრო ჭიჭინაძეს სამართალდამცავების თავდასხმის დროს და როგორ ცდილობს მათ დაცვას.
„ვიდეოში ასევე ჩანს, ზურგით მდგომ ანდროს როგორ ურტყამს სამართალდამცავი ფარს, მაგრამ მაშინაც კი ანდრო სიმშვიდისკენ მოუწოდებს ყველას, მათ შორის, იმ სამართალდამცავს”, – აცხადებს დაცვის მხარე.
არგუმენტი N14
სასამართლო მეგობრის პოზიცია, რომელიც ადასტურებს, რომ წარდგენილი ბრალდება ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის არც ერთი ნიშანი არ არსებობს ამ საქმეში.
არგუმენტი N15
დაცვის მხარის თქმით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც აძლევდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ანდრო ჭიჭინაძე და სხვები ასრულდებდნენ, რომ მათ გაცნოებიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.
„ხომ გამოჩნდა ამ 8 თვის მანძილზე, რომ ეს პროკურორებმა ვერ დაადასტურეს”, – აღნიშნავენ ისინი.
ადვოკატები ამბობენ, რომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში არსებითად მნიშვნელოვანია შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს ბრალდებულების განზრახვა.
„სწორედ ამიტომ მიმოვიხილეთ, რა გახდა მიზეზი ათასობით ადამიანის პროტესტის”, – აღნიშნავენ ისინი.
არგუმენტი N16
დაცვის მხარე მიმოიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას და ამბობს:
„აი, ამ სტანდარტით შეხედეთ ახლა ამ საქმეს – უძლებს კი თქვენი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ უტუარობის მაღალ სტანდარტს? ვერ უძლებს!
მინიმალურ სტანდარტსაც ვერ უძლებს”, – აღნიშნავენ ადვოკატები.
არგუმენტი N17
გამოხატვის თავისუფლება [მასალა განახლდება];
არგუმენტი N18
გამოძიება არ მიმდინარეობდა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.
მათი თქმით, საპროცესო დარღვევები, რომელიც მნიშვნელოვანია საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისთვის.
„გამომძიებელმა დაკავების ოქმში არ შეიტანა ინფორმაცია დაზიანების თაობაზე იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც ანდრო ჭიჭინაძე კარნახობდა მას. არ გამოიძიეს სად და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ანდრო ჭიჭინაძემ. გამომძიებელი თვითნებურად იღებდა გადაწყვეტილებებს და არ აძლევდა დაკავებულს საშუალებას საკუთარი უფლებების რეალიზება განეხორციელებინა. შემდგომში კი, როგორც არსენ ხუნაშვილის სასამართლოში დაკითხვის დროს გაირკვა, რომ დამკვებელმა, საქმის მთავარ გამომძიებელს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძე ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე უარს ამბობდა”, – ამბობენ ისინი.
არგუმენტი N19
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში არაერთხელ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული მუხლები.
„კერძოდ, არ იყო პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და სასამართლომ კანონიერი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ ბრალის ფორმულირების საფუძველზე დააპატიმრა ანდრო ჭიჭინაძე”.
არგუმენტი N20
სასამართლო განხილვების დროს დაიხურა მედიიისთვის პროცესის მიმდიინარეობა, რაც ადასტურებს შიშს, რომ პოლიტიკურ მმართველ ძალას არ აწყობდა ამ პროცების გაშუქება.
არგუმენტი N21
დაცვის უფლების დარღვევა
„მოსამართლემ დაუნიშნა სავალდებულო წესით ადვოკატი თერთმეტივე ბრალდებულს. ეს იყო კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლად ადვოკატების აცილებასა და თვითაცილებასთან დაკავშირებით. არ არსებობდა არცერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც გაამართლებდა ანდრო ჭიჭინაძისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას.
არგუმენტი N22
უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა – დაცვის მხარემ სხდომაზე მოიყვანა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები და აღნიშნული უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევად შეაფასა.
„ეს არის პირდაპირი ზეწოლის მადასტურებელი განცხადებები სასამართლოზე”, – ამბობენ ისინი.
არგუმენტი N23
ამ განაჩენზე ბევრად დამოკიდებულია საქართველოს ევროპული, დემოკრატიული გზა.
არგუმენტი N24
„გინდათ გაჩვენოთ რა არის ორგანიზებულად, შეთანხმებულად ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები?” – ამის შემდეგ დაცვის მხარემ პროცესზე ფოტოები წარადგინა:
„ვინ აგო პასუხი ამაზე?
სად არიან დამნაშავეები?
არ ფიქრობთ რა საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, შვილებს მოძაალადებს რომ სამართალდამცველებს უწოდებთ და მომავლის მცველებს – მოძალადეებს?”, – გააჟღერეს მათ რიტორიკული შეკითხვა.
არგუმენტი N25
ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე? – ამონარიდები მისი ბიოგრაფიიდან.
არგუმენტი N26
დაცვის მხარემ პროცესზე წაიკითხა ლექსიც, რომელიც, მათი განმარტებით, „სიცილით თერაპიის” ფარგლებშია მომზადებული.
„ანდრო ჭიჭინაძის საზრუნავი ყველაზე პატარა, ანგელოზივით სუფთა ბავშვების და ხანდაზმულების ხმა:
იმათზეც ვინც ეს სათქმელი დამაბარა თქვენთან:
ანდრო ჭიჭინაძის საზრუნავი ყველაზე პატარა, ანგელოზივით სუფთა ბავშვების და ხანდაზმულების ხმა.
ანდრო ჭიჭინაძეს
გააღეთ საკანი. ის გველოდება.
სეანსი გვაქვს ჩანიშნული.
კურნავს სიცილით.
მე ლიზი ვარ, რვა წლის, დიაგნოზით – ლეიკემია.
მან ჩემი თეთრი უჯრედები ამოავსოს უნდა სიცილით.
მე მელისა ვარ, შვიდი წლის, მან დამაჯერა, რომ
სიცილი დაამარცხებს დაავადებას.
მართა ბებო ვარ, მოხუცებულთა თავშესაფრიდან.
ჩვენს მარტოობას ანუგეშებს მისი სიცილი.
გააღეთ კარი. მელოდებიან.
მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,
პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,
ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი
ერთხმად დათანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.
სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
არ დამარცხდება.
კომენტარები