თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2024 წლის დასასრულამდე შემოვა.
როგორც კალაძე განმარტავს, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “თეგეტა მოტორსმა” გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის 15 ივნისს გაფორმდა.
მისივე ცნობით, ავტობუსების მოწოდება ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე თბილისში 50 ერთეული ავტობუსი შემოვა.
“თქვენ იცით რომ ტენდერი გამოცხადებული იყო. გვყავს გამარჯვებული კომპანია, “თეგეტა მოტორსი”. 2023 წლის 15 ივნისს უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი Man-ის მარკის ავტობუსები მიეწოდება დედაქალაქს.
ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე, შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა 2024 წლის ბოლომდე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის რომ უფრო ხელმისაწვდომი და უფრო კომფორტული გახდეს ავტობუსით გადაადგილება, რა თქმა უნდა იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში,” – ამბობს კახა კალაძე.
მისივე ცნობით, ახალი ავტობუსები 162 მგზავრზე იქნება გათვლილი. იქნება 43 დასაჯდომი ადგილი და ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.














კომენტარები