ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წარდგენილ “ზავის პირობებზე” ყველას მიუნხენის 1938 წლის შეთანხმება გაახსენდა.
მე კი გამახსენდა ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი სომხესბითვის ბევრად მახლობელი სცენარები ისტორიიდან.
1917 წელს მოხდა ბოლშევიკური გადატრიალება. 1919 წელს დიდმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო სამართლის პრინციპებად აღიარეს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, პატარა სახელმწიფოთა არსებობის უფლება. ერთი სიტყვით, გამოცხადდა ახალი სისტემა – უილსონური ლიბერალური ინტერნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს გამყარდა უილსონისვე თოთხმეტი პუნქტით და ერთა ლიგის შექმნით.
აი ამ პრინციპებს უნდა დაეცვა პატარა ერები, მათ შორის საქართველო.
ამ სისტემას ომი გამოუცხადეს ანტისისტემურმა ძალებმა – ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა.
ჩვენს ისტორიოგრაფიაში და კოლექტიურ მეხსიერებაში გაბატონებულია უცოდინრობით გამოწვეული მითი, თითქოს, დასავლეთმა საქართველო “გაყიდა”, “ლენინს აჩუქა” და სხვ.
1921 წლამდე არც ერთ (!) დასავლურ დოკუმენტს არ უღიარებია რუსეთის ან თურქეთის გავლენა კავკასიის რესპუბლიკებზე.
უფრო მეტიც, 1917 წლიდან საბჭოთა რუსეთი იყო ტოტალური ბლოკადის ქვეშ, რომელთან შედარებით სვიფტის გათიშვა კეთილ ზღაპარს ჰგავს.
კიდევ უფრო მეტიც, 1917 და 1918 წლებში საბჭოთა რუსეთთან ნებისმიერ საკითზე მოლაპარაკება და საუბარი იყო წარმოუდგენელი – ანათემა.
1919 წლის მიწურულს დაიწყო ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის მოლაპარაკებები ტყვეთა გაცვლაზე. სულ ეს იყო.
ამის პარალელურად, დასავლეთი ეხმარებოდა ანტიბოლშევიკურ მოძრაობებს.
1920 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა სევრის ზავს, რომელმაც დაშალა ოსმალეთის იმპერია. აღმოსავლეთ ანატოლია სომხებს გადასცა, დასავლეთი – ბერძნებს. ჩვენც გვერგო ართვინი და ჩრდილოეთ არდაგანი (არტაანი).
არც ერთ ეტაპზე (!), 1922 წლამდე, დასავლეთს ეჭვქვეშ არ დაუყენებია სევრის ზავის პირობები.
უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტ უილსონს ანტანტის უმაღლესმა საბჭომ დაავალა განესაზღვრა სომხეთის საზღვრები. უილსონმა ეს 1920 წლის ოქტომბერში გააკეთა და სომხეთს მიაკუთვნა აღმოსავლეთ ანატოლიის მსუყე ტერიტორია.
მაგრამ ამ დროს უკვე ერევანში მუსტაფა ქემალის ზარბაზნების ხმა ისმოდა. არავინ სჩანდა სომხეთის დამცველი.
არც 1921 წელს სჩანდა ვინმე საქართველოს დამცველი.
ფაქტი იყო შემდეგი: რუსეთი და თურქეთი მეტის გაკეთებისთვის იყვნენ მზად კავკასიაში, ვიდრე დასავლეთი.
შესაბამისად, დასავლეთის ნებართვის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ ორმა ანტისისტემურმა ძალამ დაიკავა კავკასია. დასავლეთი დააყენეს ფაქტის წინაშე.
დასავლეთმა ფაქტი აღიარა, რადგან რუსეთთან და თურქეთთან არც ომი შეეძლო და ვერც მუდმივი ბლოკადის აზრი დაინახა. ლოზანის ხელშეკრულებით სომხებს თავზე გადაახიეს სევრის მიღწევები. სომხებისგან გაწმენდილი “სომხური ვილაიეთები” დარჩა თურქეთს.
საბჭოთა რუსეთი და შემდეგ საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა ყველამ აღიარა. ამ პროცესს დასაბამი “ანტიიმპერიალისტმა მემარცხენეებმა” მისცეს. შვედეთში, დანიაში, ბრიტანეთში ხელისუფლებაში მოსულმა მემარცხენეებმა ანტიიმპერიალიზმი დაინახეს სსრკ-ში.
ჰოდა რატომ გამახსენდა ახლა ეს ისტორია: დღეს ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატოსთვის წამოყენებული პირობები, მაგრამ რუსული საფრთხე უზრუნველყოფს ამ პირობების დე ფაქტო არსებობას ბოლო 13 წელია. ხვალ რომ რუსეთმა ისევ ფაქტის წინაშე დააყენოს მსოფლიო და შეუდგეს სსრკ-ს აღდგენას, მზადაა ვინმე წინააღმდეგობისთვის?
სვიფტის [დროებითი] გათიშვა და ნავთობზე ფასის დაგდება არგუმენტი არ არის. 1917-1921 წლებში ბლოკადა ბევრად უფრო მძიმე იყო. ბოლო შვიდი წელია რუსეთი ემზადება და მოემზადა ორივე შესაძლო სცენარისთვის.
წლებია რუსეთის პროპაგანდისტული არხები მოსახლეობას ამზადებენ დიდი ომისთვის, რომლისთვისაც დასავლეთი მზად არ არის.
2017 წელს ახლანდელმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, მაშინ ექსპერტის რანგში, თქვა: რუსეთი მუდამ გვიგებს, რადგან ყოველთვის ცხადია, რომ უშუალო სამშობლოში ის მეტისთვის არის მზად, ვიდრე ჩვენო. ესე იგი მიხვდა ჭეშმარიტებას, მაგრამ გამოსავალი არ დაუსახელებია. არც ახლა ეტყობა რომ გამოსავალი იცოდეს. იგივე დიაგნოზი იყო 1920-21 წლებში.
გეოპოლიტიკის საუკეთესო სპეციალისტი, პროფესორი სტივენ კოტკინი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა ვერასდროს იქნება თუ რუსეთი პოსტნაცისტური გერმანიასავით არ ტრანსფორმირდა ან თუ აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკა მასთან არ შეთანხმდაო.
რუსეთის ტრანსფორმაცია ქიმერაა. რუსეთი თვლის, რომ 1992 წლიდან ის მოატყუეს, ისარგებლეს მისი სისუსტით და მისი აღმოსავლეთ ევროპული გავლენის ზონები, ბალტიის ჩათვლით, დასავლეთმა მოიპარა.
სსრკ-ის დანგრევა რომ ტრაგედია იყო, ეს კიდევ ერთხელ განაცხადეს უმაღლეს დონეზე.
ეს ყველაფერი დაიყვანება ორ შესაძლო სცენარამდე:
1. დასავლეთი რუსეთს უარს ეტყვის გავლენის სფეროების დაკანონებაზე. რუსეთი ძალისმიერად დააყენებს ყველას ფაქტის წინაშე, მაგრამ დასავლეთი წარმატებით გაუძალიანდება და არ მისცემს ამის საშუალებას;
2. დასავლეთი რუსეთს უარს ეტყვის გავლენის სფეროების დაკანონებაზე. რუსეთი ძალისმიერად დააყენებს ყველას ფაქტის წინაშე, დასავლეთს ძალა და გამბედაობა არ ეყოფა ამას სათანადოდ წინ აღუდგეს. დროთა განმავლობაში დასავლეთის სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მოვლენ ძალები, რომლებიც არაფრისმომცემად დაინახავენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუჭ დაპირებას და რუსეთთან დათბობის სურვილით ფორმალურადაც ჩახსნიან ამ თემას, ჩახსნიან ეკონომიკურად ყველასთვის საზიანო და არსაით მიმავალ სანქციებსაც. აბა ტყუილად ხომ არ აფინანსებს გაზპრომი ამდენ ევროპულ პარტიას?!
თუ რომელი სცენარი უფრო რეალისტურია, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია. სულ მცირე, რუსეთის თამამი განაცხადი საღლიცინო თემა ნამდვილად არ არის. They mean it.
არც დასავლეთის იმედად არხეინად ყოფნა გამოგვადგება.
თუ დააკვირდით, რუსეთის აგრესია რომ იქნება, ეგ ცვლადებში არ მიწერია, რადგან აუცილებლად იქნება. ოღონდ ჯერ არა, რადგან რუსეთს არ ეჩქარება. ვვპ 2036 წლამდე პრეზიდენტია, ხოლო საერთაშორისო დინამიკა დასავლეთის შემდეგი დასუსტებისა და რუსეთის გაძლიერების მიმართულებით მიდის. წინ უმძიმესი ათწლეული გველის.
სად იქნება ეს დარტყმა? იმედია რომ საქართველოში არა.
ამიტომ არის რომ ნაწილობრივ პრეტენზია არ მაქვს ოცნების ფრთხილ საგარეო პოლიტიკასთან. ნაწილობრივთქო იმიტომ ვამბობ, რომ ამათ ეს საგარეო პოლიტიკა დასავლეთელი მეგობრების ლანძღვაში გადაეზარდათ. ანაკლიის პორტზე უარის თქმა და რუსული პოლიტიკური ფულის ქვეყანაში დაშვება (ალტინფოები, შავრაზმული ჯგუფები, გავლენები საპატრიარქოში) სცდება ფრთხილ საგარეო პოლიტიკას და ყმობაში გადადის.
ამათანავე, თუ ცივი ომის დროს ფინეთმა მშვიდობა გამოიყენა ქვეყნისა და საზოგადოების მოდერნიზაციისთვის, ჩვენს შემთხვევაში ფინლანდიზაციის ნაცვლად სახეზე გვაქვს არმენიზაცია (ქოჩარიან-სარგსიანის პერიოდის). 2013 წელს, ინტერვიუში, ივანიშვილმა სომხეთი პირდაპირ მოიყვანა საუკეთესო მაგალითად. მაშინ ბევრს გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ ეს უცოდინრობით გამოწვეული წამოცდენა იყო, მაგრამ ახლა შედეგები სახეზე გვაქვს.
ნეპოტიზმი, უნიჭობა, რეტროგრადია, მდარე პოპულიზმი და დემოკრატიის საფუძვლების მოშლაა უცვლელი კურსი. ქვეყნის ასეთი განვითარება რუსულ აგრესიაზე არანაკლები საფრთხის მატარებელია.”
კომენტარები