14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ახლობლებისთვის ცნობილი გახდა 23 წლის მამაკაცთან სქესობრივი კავშირის შესახებ.
მამაკაცი ნ.ტ. პოლიციამ წუხელ დააკავა. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს.
ბრალდებულის ადვოკატი ირაკლი შავაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. მისი თქმით, გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, ოჯახის მხრიდან ზეწოლა გახდა, ახლა კი პოლიცია ცდილობს ხელი ნ.ტ.-ს შეაწმინდოს.
ადვოკატის ინფორმაციით, იძულებაზე, ან რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი ვერ იქნებოდა თავად გოგონას მიერ მიცემულ ჩვენებაშიც, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ ამ ჩვენების საფუძველზე საქმე არა გაუპატიურების, არამედ „არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების“ მუხლით აღიძრა.
„როდესაც გამოძიება დაიწყო, არავითარ ძალადობრივ ქმედებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ედავებოდნენ, არც ფსიქოლოგიურს, არც ფიზიკურს, არც სექსუალურს. ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი, როგორც მინიმუმ, შემაკავებელ ორდერს ხომ გამოუწერდნენ?! ახლა პოლიცია ცდილობს ხელი შეაწმინდოს უდანაშაულო ადამიანს.
გასარკვევია, ეს ბავშვი სინამდვილეში ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი, რაც არის სრული აბსურდი. დაინტერესდით და გაარკვიეთ, რატომ წავიდა ამ ბავშვის დედა სახლიდან? ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში ძალადობას?
რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მან თავის დროზე ნებაყოფლობით ჩააბარა ნიმუშები ექსპერტიზისთვის. ეს დასკვნა ჯერ არ მოსულა და მაინტერესებს რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება, რა მტკიცებულება აქვს გამოძიებას. თუ ახლა, ასეთი ტრაგედია რომ დატრიალდა და საწყალმა ბავშვმა თავი მოიკლა, უნდათ ხელი შეაწმინდონ ამ ადამიანს?
ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, მანამდეც და მის შემდეგაც. ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის ახლობლებმა. ბევრ რამეზე არ მინდა ახლა საუბარი. ფაქტი ისაა, რომ ბავშვი იყო ოჯახში ზეწოლის და ძალადობის მსხვერპლი, მასთან არ მუშაობდა არც ფსიქოლოგი, არც სოციალური მუშაკი და ამ დროს აკავებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი ამ გოგოსთან, ესეც დასადგენია და ამას სჭირდება მტკიცებულებები“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაცვლილი ბავშვის მამიდა ამბობს, რომ გოგოს სახლში მომხდარის გამო უსაყვედურეს – „ასეთი რამ არ უნდა გაგეკეთებინაო“, თუმცა განსხვავებულ ვერსიას ყვება გარდაცვლილის ბაბუა.
„ბავშვი ატირებული ამოვიდა. ბაბუა, ასე და ასე მიქნა, იძალადა კიდევ და მომატყუაო. რამ მიიყვანა ამ ზომამდე და თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე, ერთი ჩამოვიდა, მეორე არ ჩამოვიდა. გუშინ მითხრეს, რომ [ბრალდებული მამაკაცი] დაკავებულია“
კომენტარები