საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა. ის დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაანონსებულ აქციას შეუერთდება.
მარია ბარაბაში ამბობს, რომ უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, ყველა ბრალდება, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებობს პოლიტიკურია და მას მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია აღიარებს.
“მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცოდი, რომ ის საქართველოში ჩამოდიოდა. სამი დღით ადრე შეგვკრიბა და გვითხრა, რომ მოდიოდა. ძალიან კარგად იცოდა, რომ არსებობდა მისი დაკავების დიდი ალბათობა და ამ ნაბიჯზე ის გაცნობიერებულად წავიდა. ჩვენ, როგორც უკრაინული მხარე, მოვითხოვთ უკრაინის მოქალაქის დაბრუნებას. ამის შესახებ გუშინ ჩვენმა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მოქალაქის დასაბრუნებლად. ეს შესაძლებელია და იმედი გვაქვს, ასეც მოხდება. იმედი გვაქვს, ქართული მხარეც ჩაერთვება ამ პროცესში და პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლებული იქნება”, – თქვა მარია ბარაბაშმა.
მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში უკრაინაში, საქართველოს საელჩოს შენობასთან დიდი აქციაა დაანონსებული, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
კომენტარები