უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, ამომრჩევლების მასობრივ მოსყიდვაში ადანაშაულებენ — ამის შესახებ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება იუწყება, რომელიც ექვსმა ორგანიზაციამ ერთობლივად ჩაატარა.
გამოძიების მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში სოფელ-სოფელ გადაადგილდებიან და ამომრჩევლებს თითო ხმაში დაახლოებით 150 დოლარს სთავაზობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს სთხოვენ, საარჩევნო უბნებზე თავი წერა-კითხვის უცოდინრად წარმოაჩინონ.
მედიის ცნობით, მოსყიდვის პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის მერები არიან ჩართულნი — ამომრჩევლებს სთავაზობენ ფულად დახმარებას, მედიკამენტებსა და ნახევარგანაკვეთურ სამუშაოს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზეც. ერთ-ერთ ოლქში ოპოზიციონერმა კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც, მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან შვილების წართმევითა და თავშესაფარში გადაყვანით დაემუქრნენ.
პარალელურად, მედია ავრცელებს ქალაქ გიორში გადაღებულ კადრებს, სადაც საარჩევნო შეხვედრაზე ვიქტორ ორბანს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ, რამაც პრემიერის გაღიზიანება გამოიწვია.














კომენტარები