საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში იყო მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამასთან, აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ. მისივე თქმით, ისინი პირდაპირ კავშირზე არიან უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.
„რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ. იცით, რომ გუშინ შევხვდი საქართველოში უკრაინის ელჩს და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ ყველას, პირველი – საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიციის ნაწილმა ხმა არ მისცა. მეორე – საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვდასხვა ფორმატს იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა, სადაც საბოლოო ჯამში, გავრცელდა განცხადება, რომელშიც მხარს უჭერს ევრონესტი უკრაინას. აქედან გამომდინარე, მხარდამჭერი განცხადებაც გაავრცელა. მესამე – უკრაინაში საქართველოს ელჩი და უკრაინაში საქართველოს კონსული დღემდე იმყოფებიან კიევში და არიან პირდაპირ კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან უკრაინაში. ხაზს ვუსვამ, დღემდე ჩვენს ელჩს და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.














კომენტარები