სასტუმრო „რუმსის“ მფლობელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასტუმრო ვალდებულებას გრძნობდა სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, თუმცა ისინი უერთდებიან პროტესტის არსს.
„ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.
ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას.
სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს არ ანიჭებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას.“ – წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა და მისი საქართველოში ყოფნა არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოვლენებს.
რუსი ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოზნერს და მასთან ერთად მყოფ პირებს სამოქალაქო აქტივისტები ჯერ სასტუმრო „ვინოტელთან“ დახვდნენ, შემდეგ კი სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს და კვერცხები დაუშინეს.
კომენტარები