პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ტაბლიაშვილი.
ტაბლიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისაგან საზოგადოება მსგავსი დადებითი განცხადებების შემდეგ, იმედგაცრუებას მიეჩვია.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილს როცა ვუწონებთ სიტყვასაა თუ ქმედებას, მეოთხე დღეს ისეთს “ჩახევს” ხოლმე, რომ მერე თავში ხელს ვიშენთ.
აქამდე, ვთქვათ ასე – 2021 წლის მიწურულამდე, საერთოდ არაფერს აკეთებდა შესაქს. მერე რაც გააკეთა, მესამე დღეს “ჩააფლავა”… ახლა, აკი გითხარით, ოთხ დღეზეა ასული,“- წერს ანალიტიკოსი და ზურაბიშვილის განცხადებიდან რამდენიმე საკვანძო ფრაგმენტს შეახსენებს საზოგადოებას.
„ეს მისი პოლონეთის პრეზიდენტისათვის ნათქვამი სიტყვებია:
“ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გავცვალოთ ინფორმაციები იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც დღეს არის უკრაიანის მიმართ აგრესიის სახით გამოხატული რუსეთის მხრიდან…”
“აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს…”
“ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მე მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს, რეალურად არის საფრთხეები, რომელიც ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება…”
ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს კიევში წასვლისა და უკრაინისათვის ღია მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
„ჩემი ბოლო სიტყვა:
თვითმფრინავის ბილეთი აიღეთ პრეზიდენტო…
კიევში ჩადით. სიტყვები, სამწუხაროდ, აღარ კმარა…
და აღარ კმარა იმიტომ, რომ იმ საქართველოს წარმოადგენთ, რომლის ხელისუფლებაც იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც თქვენ თქვით,“- წერს ტაბლიაშვილი.
ცნობისათვის, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვიერი, რადგან ეს არის სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და დღესაც განიცდის ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან.














კომენტარები