„სამწუხაროდ საქართველოში ახალი არაფერი ხდება. ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ არაფერი დარჩენია გარდა საპროტესტო აქციებისა, რაც არ მიმაჩნია საუკეთესო გამოსავლად,“- განაცხადა ექსპერტმა, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად.“
კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რომ მიტინგებითა და საპროტესტო აქციებით რეალობის შეცვლის არანაირი პირობა არ არსებობს.
“ზამთარში და გვიან შემოდგომაზე, თუ არ არის განსაკუთრებული მოვლენა, ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ამას ემატება პანდემია. ხელისუფლებამ რომ არ განახორციელოს შეზღუდვები, საზოგადოების ნაწილისთვის, მაინც მიუღებელია პანდემიის პირობებში თავშეყრები და მიტინგები…. ამიტომ არანაირი პირობა არ არსებობს, რომ მიტინგებით და პროტესტით მოხდეს რამის შეცვლა.
ამასთან, ხელისუფლება საკმაოდ უტიფარია და ცინიკურია. მან იმიტომ არ გაიმარჯვა იმ ფორმებით, როგორც გაიმარჯვა, რომ ახლა ასე პროტესტების წინაშე აღიაროს დამარცხება. რა თქმა უნდა პროტესტის, მით უმეტეს მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მის ეფექტურობაში, მე ეჭვი მეპარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად გათვლილი სტრატეგია. ამით ვერაფერს მიაღწევენ,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ პირველ რიგში, 2024 წლის არჩევნებისათვის მზადება უნდა დაიწყოს და განსხვავებული დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს საზოგადოებას.
„მე ვფიქრობ, ჯობია პირველ რიგში მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისათვის. თუ რამე მოხდა განსაკუთრებული საქართველოში, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს რელევანტური, კი ბატონო, მაგრამ ახლა საჭიროა მუშაობა სხვა მიმართულებით.
ოპოზიციას სულ სხვა ამოცანები უნდა ჰქონდეს დღის წესრიგში და არა მიტინგები და პროტრესტები… მე ვერ ვხედავ ამ პერსპექტივას და კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თითქოს შეუძლებელია „ქართული ოცნების“ გასტუმრება არჩევნებით. ეს დაამტკიცა პირველმა ტურებმა. კონკრეტულად, მეორე ტურების სიმრავლემ დიდ ქალაქებში. მაგალითად სამეგრელოში, მოტივაცია ჰქონდა ხალხს, მოტივაცია, შეიძლება ჩემთვის იყოს მიუღებელი, მაგრამ აქ იმუშავა რამდენიმე ფაქტორმა – სააკაშვილის ფაქტორი, ანაკლიის ფაქტორი, გახარიას ფაქტორი… ამ ფაქტორებმა შეუქმნა ხალხს მოტივაცია და მივიდნენ და მისცეს ხმა „ოცნების“ წინააღმდეგ…
თურმე ძალიან ადვილი ყოფილა დაამარცხო “ქართული ოცნება,” ივანიშვილის ფულის და ყველაფრის მიუხედავად, თუ შენ გაქვს მოტივაცია. ოპოზიციამ ვერ შეუქმნა ასეთი მოტივაცია სხვა რეგიონებს. ამიტომ საჭიროა მოტივაციაზე მუშაობა და არა მუდმივად რევოლუციაზე საუბარი, რომელიც დაანგრევს ქვეყანას. თუ „ქართული ოცნება“ წავიდა რევოლუციით, ეს ახი იქნება მასზე, ის ამას დაიმსახურებს, მაგრამ ქვეყანა არ იმსახურებს ამას. ძალიან ღრმად გადავვარდებით უკან,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.














კომენტარები