“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი, ამდენი ხალხი კი საპატიმროებში რჩება. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე… ყველა გამოსული რომ იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. იმ ხალხს ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან ახლა რომ მხნეობა და გამძლეობა ვუსურვო, აზრი არ აქვს — უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რამხელა გამძლეობა აქვთ. ამიტომ, ჯანმრთელობას ვუსურვებ და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად იქნება”, – ეს განცხადება ყოფილმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ გააკეთა ციხის დატოვების შემდეგ.
მან 7-თვიანი პატიმრობა მოიხადა იმის გამო, რომ სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში შექმნილ კომისიაზე არ მივიდა.
“მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ თვეების განმავლობაში მგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი მეუღლეც და შვილებიც ნამდვილად მებრძოლი გოგოები არიან, მაგრამ უთქვენოდ ნამდვილად ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველანი. სხვა მხრივ, ახლა ისეთ, ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ყოფნა, მოგეხსენებათ… [რას ვგულისხმობ?] ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ანუ რომელმაც ამაფეთქა [დარჩო ხეჩუაშვილი. ავტ]. იქით, სადღაც გვერდზე, იჯდა ადამიანი, რომელიც თავის დროზე სუს-იდან ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას ახდენდა. შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ… ხომ იცით, ეს რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ [ჯუანშერ ბურჭულაძე], მერე ლილო… [გრიგოლ ლილუაშვილი] საბოლოო ჯამში, მეზობელმაც [ირაკლი ღარიბაშვილი] ნახეთ, ვერ მოითმინა, მაინც გული რა არის… თებერვლამდე შეეძლო მოეცადა, მაგრამ ჩემთან სიახლოვე რომ ეგრძნო, ცოტა ხნით მაინც შემომიმეზობლდა აქაც. დიდი ხანი ერთ სივრცეში არ გვაჩერებენ, მაგრამ არა უშავს — ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხედავს თუ არა თავს პოლიტიკაში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და სად?
“ამ ბრძოლაში ჩემს თავს ვხედავ ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო ვიქნები და ამისთვის აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. ახლა მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან წლების განმავლობაში მქონდა შანსი, მოვხვედრილიყავი ან რუსულ, ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის. ამასთან შედარება არ არის აქაურობა. ამიტომ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ უკეთეს ფორმაში ვყოფილიყავი ფიზიკურადაც და მორალურადაც.
ვინაიდან ამჟამად არცერთ პარტიულ ხელმძღვანელობას არ წარმოვადგენ და ასეთი სეგმენტი არ მაქვს, კონსულტაციებში ჩემს იდეებს მივაწვდი. აი, ზურასთან [ჯაფარიძე] უკვე შევთანხმდით, რომ გავუზიარებ… ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ ზურა ცოტა ადრე გამოვიდა, ყველაფერი ნანახი აქვს, იცის და მასთან დალაპარაკება ადვილია. იქიდან, მართლა ობობას ველაპარაკებოდი შვიდი თვე და ამიტომ ახლა ვერავის ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ. ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება…”, – აცხადებს თარგამაძე.
ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს, აღერა მისი 7-თვიანი პატიმრობა.
“ეს არის ფასი თავისუფლებისთვის ბრძოლისა და რთულია, არ არის ასე მარტივი. ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ფასი, რასაც ახლა ვიხდით, არ არის გამოუსწორებელი — გინდაც ორწლიანი, ერთწლიანი, რამდენიმეთვიანი თუ რამდენიმედღიანი პატიმრობა იყოს. ახლა ფასი ეს არის. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ამ ფასის გადახდაზე ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება. იმიტომ, რომ თუ ახლა გაჩერდები, მაშინ ეს ფასი ავტომატურად აიწევს და ავა იმ ნიშნულზე, რასაც ახლა ირანში და კიდევ უფრო მეტად უკრაინაში ვაკვირდებით. ამიტომ, ეს ფასი გადასახდელია, სამწუხაროდ, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს.
სხვა მხრივ, რაღაც საფრთხეების გამო ბრძოლაზე უარის თქმა — ეგ არის მარცხი მაშინვე და ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. გარწმუნებთ, რომ ეს რეჟიმი ბევრად მოწყვლადია. აი, რას ვხედავდი და ამას ვხედავდი იქაც, ციხეში — მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. სხვათა შორის, იმ „ქოცებს“ მინდა უფასო რჩევა მივცე, ახლა ვინც [დაჭერის] რიგში არიან (შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ არიან): სანამ დრო აქვთ, მიხედონ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს; მერე მრავალი წლის მანძილზე, ცხელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში, ჩემი მადლიერი იქნებიან ამ რჩევისთვის. იმიტომ, რომ ამ ციხეში, პრინციპში, წყალია პრობლემა, ისიც ზაფხულში უფრო სხვაგვარად იგრძნობა; ნახავენ თვითონაც და დარწმუნდებიან. ისე, მინდა გითხრათ, უკვე გააქტიურდნენ, ციხეს დაეტყო პოპულაციის ზრდა, რადგან დერეფნებში რაღაც განათებები გამოცვალეს. საჭმლის შეტანა რომ არ შეიძლებოდა, ახლა, 3 დღის წინ გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება, თვეში ორჯერაც შეიძლება. ანუ, მოუვლიან მაგ ხალხს. საერთოდ, ალბათ უკვე დროა, რომ ამჟამინდელ ტრენდზე გადაიყვანონ ეს სისტემაც. ხომ არის ასე: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, „ერთი უბანი – ერთი სუპერმარკეტი“, ჰოდა იყოს ასე — „ერთი პარტია – ერთი ციხე“, – აცხადებს თარგამაძე.
გივი თარგამაძემ, რომელიც ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქმის ერთ-ერთი მოწმეა, ასევე შეაფასა რამდენად ადეკვატური იყო მისი დაბარება წულუკიანის კომისიაზე თუნდაც 2008 წლის ომის კონტექსტში.
“ზუსტად მაგას ვუსვამდი ხაზს. მე სად უნდა მივსულიყავი იმ კომისიაზე? ზუსტად პირიქით, რეალურად მთავარი მოწმე ვარ, იქ უნდა მიმეცა ჩვენება თუ რა უნდა მექნა, არ ვიცი. ცინიკური არის ყველაფერი. ახლა ჩემს მკვლელთან ერთად რომ ვზივარ, ეგ არ არის ცინიკური? ან რა განსხვავება მაქვს აქ ვიქნები თუ იქ? ეს ერთი მკვლელი აქ ზის, დანარჩენები გარეთ არიან, არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, რომ კიდევ სცადონ, ვთქვათ… მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩემი დღის წესრიგი არც არასდროს შემდგარა და არც შედგება. მართლა გეუბნებით, აი, 27 წელია, რაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვარ და სულ მქონდა საფრთხე, რომ ან მომკლავდნენ, ან დამიჭერდნენ. იგორ გიორგაძიდან დაწყებული, მერე ასლან აბაშიძე, შევარდნაძის ყველა ნათესავი მინისტრი, კახა თარგამაძე… ნარჩემაშვილიც კი მიჭერდა 7 წლის წინ. მერე უკვე პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი, ქურდები, მერე ლუკაშენკო, მერე პუტინი… და ფოკუსი იცით რა არის? რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, აგერ ვდგავარ თქვენს წინაშე სავსებით ცოცხალიც და თავისუფალიც. ამიტომ, ასე გავაგრძელებ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, როგორც იყო ყოველთვის”, – განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების რეზონანსული საქმე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა ენმ-ს ოფისთან. გივი თარგამაძე, რომელიც იმ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი იყო, პარტიის ოფისიდან გამოვიდა და თავის ავტომობილში (Skoda) მძღოლთან ერთად ჩაჯდა. მანქანის დაძვრიდან რამდენიმე წამში, უკანა ნაწილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს.
გივი თარგამაძე და მისი მძღოლი სასწაულებრივად გადარჩნენ. მათ მხოლოდ კონტუზია და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რადგან აფეთქების ტალღა ძირითადად მანქანის უკანა ნაწილზე გადანაწილდა.
დაშავდნენ გამვლელები: აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 5 გამვლელი, მათ შორის ერთი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
აფეთქებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადეს.
გამოძიების ვერსიით, აფეთქების უშუალო შემსრულებელი იყო შსს-ს ყოფილი თანამშრომელი (სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი) დარჩო ხეჩუაშვილი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაუსწრებლად მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანდა, როგორ უთვალთვალებდა ხეჩუაშვილი თარგამაძეს.
ბორის ჩაგუნავა: ხეჩუაშვილის თანამზრახველობისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს მისი ნათესავი ბორის ჩაგუნავა (მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა).














კომენტარები