“ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სრულიად ალოგიკურ გამწვავებაზე წავიდა რუსეთი. აშშ ელჩი ჯონ სალივანი დაიბარეს საგარეოში და გადასცეს რუსეთის ოფიციალური რეაქცია ამერიკის პასუხზე რუსეთ-აშშ უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების პროექტზე. თითქოს და დიპლომატიური რუტინაა, მაგრამ როცა ტექსტს წაიკითხავ (მე მხოლოდ ძირითადი პუნქტები წავიკითხე 11 გვერდიანი დოკუმენტიდან) ადვილად მიხვდები, რომ რუსეთი ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. ესეც არ იკმარეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე რუსეთიდან გააძევეს ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი. ყველა ჩემი პროგნოზი ლოგიკას და საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობოდა, მაგრამ ამათმა მგონი მართლა გააფრინეს !“ – წერს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, დღეს დილით უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სტანიცა ლუგანსკა, რა დროსაც საარტილერიო ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი აღმზრდელი. გამოცემა „უკრაინფორმი“ ავრცელებს ცნობებს, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად დასახლება ტარამჩუკში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოქალაქეებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე ჭურვი ჩამოვარდა დასახლება მარინკაში, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს. შედეგად დაიჭრა პენსიონერი ქალი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 29-ჯერ დაირღვა.
კომენტარები