• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

ალია ავტორი - ალია
22:01 02-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

„ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, –
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება“.

მუხრან მაჭავარიანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსალოდნელმა გაერთიანებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ორივე უნივერსიტეტი აპროტესტებს, ორივე წინააღმდეგია, თუმცა, პუტჩისტი გია კობახიძის შვილმა, პრემიერადწოდებულმა ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამდენად, ორივე უნივერსიტეტმა იცის, რომ ერთი გადასანსლავს მეორეს, გადამსანსვლელი ვერ გაქაჩავს გადასასანსლულის საინჟინრო პროგრამების განვითარებას და ასე ჩაიძირება ქართული ტექნიკური სკოლა, რომელიც, კი ამბობენ, რომ 104 წლისაა, მაგრამ რეალურად, 109 წელს ითვლის.

ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთ კვირაზე მეტია ქუჩაში არინ და 2 თებერვლამდე მათ არავინ შეხვდა. 2 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ხოლო 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასავლებლებს, როგორც იქნა, პატივი დასდო გივი მიქანაძის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და შეხვდა.

როგორც „ალიას“ წყარო უყვება, ეს იყო „პაემანი“„ბოლის გამოსაშვებად“ და პროფესორ-მასწავლებლების დაშინების მცდელობა. ზვიად გაბისონიამ შეხვედრის დაწყებისთანავე „გაუიასნა“ კოლეგებს, რომ ის მათ კითხვებს პასუხებს ვერ გასცემდა, კომპეტენტური კი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, დაინტერესებულ პირთათვის კონკრეტული, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, მის უფლება-მოვალეობებს სცდებოდა. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელმა, არც „ჩათრევა მოინდომა და არც ჩაყოლა“ და შეხვედრა დატოვა. მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი, მთავარია ის, რომ ზვიად გაბისონიამ მშვენივრად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. გამოიყენა პროფესორ-მასწავლებლების ემოციური ფონი და გამგებს გასაგებად გააგებინა – ყველაფერს ვკითხულობთ [რასაც სოცქსელებში წერთ], ყველაფერს ვისმენთ(ყველას გისმენთ), ყველაფერი ვიცით და კარგი იქნება, თავს თუ შეიკავებთო. გამგებებმა გაიგეს და შეხვედრიდან გამოსულებმა შერბილებული ტონით გააკეთეს კომენტარები.

რა ინფორმაცია მიაწოდეს პროფესორ-მასწავლებლებმა ზვიად გაბისონიას, რომელმაც განაცხადა, რომ ის იქნებოდა გივი მიქანაძესთან „ენის მიმტანი“.

ზვიად გაბისონია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის ღია უნივერსიტეტის, ლექტორიც იყო. მეტიც, ზვიად გაბისონია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობას იკავდებდა კომერციული და კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის რანგში. ამდენად მისთვის გადასაყლაპი უნივერსიტეტი მშობლიური თუ არა, მამინაცვალი მაინცაა, მაგრამ როცა ითხოვს პარტია, ზვიად გაბისონია მზადაა მამინაცვალს მახვილი ჩასცეს… ზურგში. დიდი ამბავი, მამინაცვალი კი არა, პავლიკა მოროზოვმა საკუთარი დედ-მამა დაასამარა. მიქანაძის მოადგილეს კოლეგებმა გააგებინეს, რომ ტექნიკური მიმართულებების ფაკულტეტები თსუ-ს რომ შეერწყას, საჭიროა შესაბამისი ცვლილებები პროგრამებში, რაც სულ ცოტა რამდენიმეწლიანი “პესნიაა”, ასევე მათ აუხსნეს მინისტრის მოადგილეს, რომ სტუ-ს აქვს ექსკლუზიური ფაკულტეტები, რომლებიც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ტექნიკური მიმართულებებით ამინდს ქმნიან და ეს თუ საქართველოში მასებმა არ იციან, წესით სამინისტრომ უნდა იცოდეს, რაზედაც, სხვათაშორის, გაბისონიამ პროფესორებს კვერი დაუკრა.

სხვა გამოსავალი არ იყო და სწორედ ამიტომ ზვიად გაბისონიამ პროფესორ-მასწავლებლებს მოზომილად, დიდი ალბათობით იმ წამებში ტვინში სპონტანურად წამოტივტივებული „იდეა” „შეუგდო” – ჯერ არაა გადაწყვეტილი და შესაძლებელია, ტექნიკურ უნივერსიტეტს ტექნიკური მიმართულებები დარჩეს და შეუნარჩუნდეს ავტონომია, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებები გადაეცეს თსუ-სო. სწორედ ეს იყო ნელფეთქებადი ბომბი, რომლის არსს პროფესორები ვერ ჩაწვდნენ. ალბათ, ემოციური ფონის გამო.

საბოლოო ჯამში თსუ-სა და სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა დელეგაციამ გაიგო, რომ შესაძლებელია რეფორმის შესახებ ირაკლი კობახიძე და გივი მიქანაძე შეხვდნენ. მეორე დღეს, 3 თებერვალს გაბისონიამ განაცხადა – „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერანაირად გადავხედავ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“.

,,გაუმჭირვალედ, მალულად და არაფორმალურად მიღებული გადაწყვეტილებებით, ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით,  საკონტროლო ტყვია დაახალეს ილია ჭავჭავაძეს, პეტრე მელიქიშვილს, მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკოლოზ მუსხელიშვილს და მათ თანამოაზრეებს. გამოიწვიეს სოციალური აშლილობა და ქაოსი ქართველ ერში.

ყოველ საღამოს ვფიქრობ, რა ახალი სიგიჟით გაიხსნება დილა, კიდევ რითი დაუპირისპირდებიან ქართველები ერთმანეთს.

რომელ ქვეყნებში არ არის ტექნიკური უნივერსიტეტი:

სურინამი, გაიანა, გამბია, ნაურუ, ტუვალუ, სეიშელები, კამბო-ვერდე, მონაკო, ლიხტენშტეინი, სან-მარინო, ანდორა, ვატიკანი.

ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში და ამერიკაში განსხვავებული მიდგომებია.

მხოლოდ პრესტიჟულ დიპლომიანი ბუღალტრებით და იურისტებით რას დათვლით მომავალში, იმასაც ვნახავთ.

ტუვალუს დედაქალაქ  ფუნაფუტში შეხვედრამდე!” – ამას  სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ამბობს.

სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჯანიკაშვილი კი სოცქსელში წერს: „გუშინ ტელეკომპანია „ობიექტივიდან“ გავიგეთ შოკისმომგვრელი ინფორმაცია ბატ. ზვიად გაბისონიასა შესახებ – ეს ის კაცია, რომელმაც 2024 წელს, მაშინ, როდესაც რუსთაველზე ბომბებს და მაშხალებს ისროდნენ, მიშა სააკაშვილის დედის უნივერსიტეტისგან 60 000 ლარი აიღო!!!

გუშინ ჩვენ შევხვდით მინისტრის მოადგილე ბატ. ზვიად გაბისონიას, რომელმაც მოთმინებით მოისმინა 4 საათიანი ჩვენი ემოციური გამოსვლები და აღნიშნა, რომ შესაძლებელია რეფორმის 3 სხადასხვა მოდელის განხილვა, მათ შორის, სტუ-ს და თსუ-ს ავტონომიურობის შენარჩუნება, რომელმაც იმედი გააჩინა და …… უცებ დღეს გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის გაერთიანების, სინამდვილეში, გაუქმების შესახებ უკვე მიღებულია და 6 თვეში მოხდება მისი აღსრულება. პარლამენტში საკითხი გააქვს ბატ. ზვიად გაბისონიას, რომელმაც ვერ წარმოადგინა გაერთიანების დოკუმენტური ვარიანტი, იმიტომ რომ საერთოდ დოკუმენტი, სადაც გაწერილია როფორმის მიმდინარეობა დროში , სივრცეში და, შესაბამისად, დაზღვევის მექანიზმები – არ არსებობს!!!

პარლამენტში საკითხი გააქვს კაცს, რომელმაც 2024 წელს, მაშინ, როდესაც რუსთაველზე ბომბებს და მაშხალებს ისროდნენ, მიშა სააკაშვილის დედის უნივერსიტეტისგან 60 000 ლარი აიღო!!!“

3 თებერვალს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაზუსტებით გაიგო, რომ უქმდება. რეფორმა-რეორგანიზაციის ფარგლებში სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ყველა ატრიბუტი, მათ შორის საბანკო ანგარისი თსუ-სი რჩება, სტუ უქმდება!

აქსიომაა – როდესაც ორი განსხვავებული ორგანიზმი „ერთიანდება” ისე, რომ ერთი უფრო ძლიერია ადმინისტრაციულად და პოლიტიკურად, ამას სინთეზი კი არა, მონელება ჰქვია.

ვინ ატარებს განათლების რეფორმას?!

კანონში შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფომ უნივერსიტეტს შეუძლია შეუჩეროს აკრედიტაცია თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამ „წვრილმანზე“ არ შევჩერდებით და არ ჩავშლით, უბრალოდ გეტყვით, რომ კანონში ჩამოთვლილ მიზეზთაგან არც ერთი არ დაუსახელებია ხელისუფლებას სტუ-ის გაუქმების მიზეზად. ხელისუფლებამ თქვა, ვატარებ რეფორმასო და რეფორმას დაარქვა  რეორგანიზაცია, რაც თავის თავში მოიაზრებს საკადრო პოლიტიკას.

თსუ პირველი ქართული უნივერსიტეტია და მის გაუქმებას ვერც ივანიშვილის ხელისუფლება შეძლებს და ვერც ვერავინ. სტუ მართალია ამიერკავკასიაში უძველესი უმაღლესი ტექნიკური სკოლაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ადვილად ხელწამოსაკრავი. საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტს აკრედიტაცია იმიტომ შეუჩერა რომ გიული ალასანიას „გეპეის“ კორპუსები შეეძინა. მაშინ პროფესორები და ხალხი, სტუდენტები, მათი მშობლები და ჟურნალისტები ერთ მხარეს დადგნენ და უნივერსიტეტი გადაარჩინეს. მისი სახელი ვერ გააქრო სააკაშვილმა, ივანიშვილი კი, მიქანაძე კი ერთი ხელის მოსმით აუქმებს და სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ჟურნალისტები, სამწუხაროდ ერთ მხარეს არ დგანან.

დღეს ,,განათლების რეფორმების მამა” აცხადებს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ გადადგა მინისტრის მოადგილის პოსტიდან,. ამ დროს ბიოგრაფიაში ( http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000331/ ) უწერია – 25.10.2005-20.01.2008 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე. ესე იგი, გივი მიქანაძე იყო ჯერ ზურაბ ადეიშვილის, შემდეგ ნიკა გვარამიას მოადგილე და საბოლოოდ გვარამიამ პანჩური ამოჰკრა.

„არც მრცხვენია და ვამბობ, რომ ვიყავი და ვასრულებდი ჩემს საქმეს. თუმცა ის არ ახსოვს, რომ სწორედ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ წამოვედი იმ სამინისტროდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ გასული წლის ოქტომბერში.

„მე გავათავისუფლე ის [გივი მიქანაძე] როგორც მოადგილე. ის დამხვდა, როგორც წინა მინისტრის მოადგილე და მე ის აღარ დავამტკიცე ჩემს მოადგილედ. სრული სისულელე და აბსოლუტური აბსურდია, რომ [თანამდებობა პროტესტის ნიშნად] დატოვა. გივი მიქანაძე დამხვდა როგორც მოადგილე, მე მას შევხვდი და ვუთხარი, რომ ის ვეღარ გააგრძელებდა თავის უფლებამოსილებას. ზუსტად ასე იყო და არავითარი პროტესტის ნიშნად [წასვლა] არ ყოფილა. თუ არადა, ამოვიღოთ დოკუმენტაცია და ვნახოთ. მე ის არ წარმიდგენია ჩემს მოადგილედ პრემიერ-მინისტრისთვის“, – საპასუხოდ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საინტერესო „წვრილმანია“, არა?!

დაბოლოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სხვადასხვა დროს დაამთავრეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდის ამომავალმა ვარსკვლავებმა, რომელთაგან დღეს ზოგიერთი ,,ჩასულია”, ზოგი კიდევ ამოვა გარემოების გათვალისწინებით. მოკლედ, სტუ-ს დიპლომები აიღეს:

რიმა ბერიზემ, ირაკლი ზარქუამ, გია ცაგარეიშვილმა (სტუ-ში კითხულობს დღემდე ლექციებს), ალუდა ღუდუშაურმა, ნინო წილოსანმა და მისმა ბიძაშვილმა, ოთარ ფარცხალაძემ, გრიგოლ ლილუაშვილმა (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), სოსო გოგაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, გია ბარამიძემ, ფატი ხალვაშმა. სტუ-ში სწავლობდნენ კახა კახიშვილი, ენძელა მაჭავარიანი და სხვები.

პ.ს. სტატია უკვე მზად იყო, როდესაც „ალიას“ ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა, რომ რეფორმის ფარგლებში ქართული ოცნება აპირებს – თსუ-ს მაღლივი კორპუსის სტუ-ს კორპუსებში გადმოტანას, მაღლივის ადგილზე კი კორპუსების გაშენებასო . ცოტა ხნის წინ კი კობახიძე აცხადებდა, რომ თსუ-ს აქვს „პატარ-პატარა კორპუსები, რომელიც გაიყიდება“. მოკლედ, ვაკის კორპუსებს მაღლივი კორპუსი დაემატა. კი, ნამდვილად ღირს რეფორმა-რეორგანიზაციის ჩატარება, რომელიც გარდა იმისა, რომ ასობით ადამიანს უმუშევარს დატოვებს, მიწისაგან პირისა აღგვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, როგორც ბრენდს და როგორც ამიერკავკასიაში ერთ-ერთ უძველეს ტექნიკურ სკოლას.

,,ალია”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved