“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო თავის მეგობარ ქვეყანას ძალიან გულშემატკივრობს.
როგორც კობახიძემ გადაცემაში “იმედი ლაივი” საუბრისას აღნიშნა, რეგიონში ძალიან რთული სიტუაცია და სამხედრო ესკალაციის დიდი საფრთხეც არსებობს, ამიტომ, საჭიროა მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვება.
“ძალიან რთული მოვლენებია რეგიონში და ვხედავთ, რომ არის სამხედრო ესკალაციის ძალიან დიდი საფრთხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ამ მოვლენებზე ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ისინი [უკრაინელები] არიან ჩვენი მეგობრები და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხედრო ესკალაცია არ შედგეს. სწორედ ამას ეხება რეზოლუცია, რომელიც დღეს დავაიინიცირეთ. ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა ჩვენთვის და ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
რაც შეეხება, სიტყვებზე გამოკიდებას – ეს არის სპეკულაცია, მეორეხარისხოვან თემებზე აქცენტის გადატანა არასწორია იმ დროს, როდესაც რეზოლუციაში ყველაფერი ნათქვამი, რაც უნდა ყოფილიყო ნათქვამი. საქმე ეხება ესკალაციის საფრთხეს, საქმე ეხება ასევე იმას, რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების შესახებ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით შეხვედრა გაიმართა. თუმცა, მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ შედგა. კერძოდ, “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები, რასაც ოპოზიცია არ დაეთანხმა.














კომენტარები