ანი დვალიშვილი
იცით, თუ არა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა… 2024 წელს მოგვცენ?! სწორედ ამ თარიღს უმიზნებს ხელისუფლება და ასაბუთებს კიდეც – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ დაამარცხებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე ადგილზე სხვა პარტია გავა, რომელთან საერთო ენის გამონახვა მმართველ გუნდს არ გაუჭირდება და პოლიტიკური პოლარიზაციაც დასრულდება. ჰოდა, პოლარიზაციის დასრულების გარდა, „ოცნება“ ყველა რეკომენდაციას შეასრულებს და ევროკავშირსაც სხვა გზა არ დარჩებაო. შესაძლოა, ეს ყველაფერი ხუმრობა გეგონოთ, მაგრამ ვაი, რომ მწარე რეალობაა. აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილეს მმართველი გუნდის შეკრებაზე და „ოცნების“ ლიდერები დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ ყველაფერი სწორედ ასე იქნება. იმავე შეხვედრაზე, მკაფიოდ ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებენ, რომ პრეზიდენტი არ კვდება და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, როცა მიშა საავადმყოფოდან სპეციალურად გაუპარსავი და დაუვარცხნელი ჩაერთო. ჰო, „ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად მოხდა, მაგრამ მათზე ეფექტი ვერ მოახდინა.
ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მართლა იმდენ ხანს იშიმშილეს, სანამ არ მოშივდათ და ამასაც ეფექტი არ ჰქონდა. პარალელურად, დაბნეულია ნაციონალების ამომრჩეველიც, რადგან არ იციან, ვის მხარეს დადგნენ, ხაბეიშვილს უკმიონ გუნდრუკი თუ მელიას. რასაც ახლა დავწერთ, ჯერ არსად თქმულა, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ ახალ წელს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები „ვივამედის“ წინ შეხვდებიან და სააკაშვილს ასე მიულოცავენ ახალ წელს. ახლა მთავარი ის არის, მელია დაასწრებს მილოცვას თუ ხაბეიშვილი და რომელს ჩართავენ ღამის 12 საათზე ოპოზიციური არხები პირდაპირ ეთერში. ზუსტად ერთ თვეში, ნაციონალური მოძრაობა ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და ყველა კანდიდატი იმუქრება, მთავარი მიზანი მიშას დახსნაა და ამ მიმართულებით, რადიკალურები ვიქნებითო. ვერ გეტყვით, ახლა ვინ უშლის რადიკალიზმს, მაგრამ… ცხადად გამოჩნდა, რომ სააკაშვილის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ უსუსურ პარტიად გარდაიქმნა და ზუსტად ასე იქნება „ოცნების“ საქმეც, როცა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდება თავის პარტიას. ერთ ადამიანზე დამოკიდებულ-ჩამოკიდებული პარტიების მთელი წყება გვაქვს საქართველოში და ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის სახელი იციან, ჰყავთ თუ არა პარტიაში სხვა წევრები, წარმოდგენა არავის აქვს.














კომენტარები