საფრთხის გამო, უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. ინფორმაციას უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
“მივმართავ ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება: გთხოვთ, იყავით მომთმენი”, – თქვა ვერეშჩუკმა.
გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის სამი დასახლებული პუნქტიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა სცადა, თუმცა იმის გამო, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს, დერეფნების გახსნა ვერ მოხერხდა.
ჰუმანიტარულმა დერეფანმა არ იმუშავა მარიუპოლშიც. აგრესორებმა ის ტერიტორია დაბომბეს, სადაც ევაკუაციისთვის მოქალაქეები იკრიბებოდნენ, ამიტომ დერეფანი დაიხურა.
36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ გუშინ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მარიუპოლიდან ევაკუაციაში დახმარებას სთხოვა. უკრაინელი მეთაურის თქმით, გერმანიას ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების უსაფრთხო გაყვანა შეუძლია.
კომენტარები