ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ დასკვნა თავად არ მოუმზადებიათ და მას ხელი თანხის სანაცვლოდ მოაწერეს.
ბასილაიას თქმით, აღნიშნული დასკვნა თავად პროკურატურამ მოამზადა, ვინაიდან მთლიანად ემთხვევა პროკურატურის დადგენილებას ბრალდების შესახებ.
საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ლაშა ცქვიტარიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და ტელეიმედის საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარის სტანდარტს ქმნიდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
“მათ იპოვეს პენსიაზე გასული ადვოკატები, კი, გარკვეულ გამოცდილების ხალხი, მაგრამ გადაუხადეს ჰონორარი და ათქმევინეს რაღაც. მაგრამ, ეს არის სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი და არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
მეორე: ეს საქმეები არის 200 ტომამდე. ეს მასალები ნათარგმნი არის.
2014-2015 წლებში, როცა ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, მასალების გაცნობის 2-კვირიან ვადაზე იყო ლაპარაკი. საუბარია 200 ტომ საქმეზე. ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ პროკურატურის მიწოდებული მასალებით.
ასევე, პროკურატურის დადგენილება ბრალდების შესახებ დაკოპირებულია ექსპერტების დასკვნაში“. – ამბობს ბექა ბასილაია.
მისივე თქმით, თუ მისი ეს მოსაზრებები მცდარია, თავად ამ ექსპერტების მიერ უნდა გაქარწყლდეს სასამართლო პროცესზე მიცემული განმარტებებით.
“8 წლის მანძილზე არც ერთი მათგანი სასამართლო პროცესზე არა თუ არ ყოფილა, პროკურატურას მათი გამოძახება არც კი მოუთხოვია“. – თქვა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე – ჯერ არა.
სანდრო გირგვლიანის საქმე – პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.
სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) – პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.
კომენტარები