„ოპოზიციას, რომ არ იცნობდე შეიძლება გაგკვირვებოდა ადამიანებს რა არ მოსწონთ ამ რეზოლუციაშიო, მაგრამ სწორედაც, რომ იცნობ არ გიკვირს, თუმცა რაღაცის ახსნა მაინც აუცილებელია,”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.
ასე ეხმაურება ანალიტიკოსი უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს და მის გარშემო არსებულ დაპირისპირებას.
ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ რეზოლუცია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაშია და მცირე განმარტებას აკეთებს.
„პირველ ყოვლისა,რეზოლუცია, ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს ასეთ რეზოლუციაში, მაინც მცირე განმარტება აუცილებლად მიმაჩნია. რეზოლუციაში:
დაფიქსირებულია შეშფოთება უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო;
დაფიქსირებულია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;
საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში,”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი და გაუგებრად მიაჩნია მიზეზები, რის გამოც ოპოზიციისათვის რეზოლუციის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა.
„მოკლედ, რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით;
რის გამო, არ მოსწონს და არ ეთანხმება ოპოზიციას რეზოლუციას? რომ პირდაპირ ომს არ ვუცხადებთ რუსეთს, არ მოვითხოვთ პუტინის დაპატიმრებას, უფრო მეტიც არ ვაგზავნით შეიარაღებას და ჯარს უკრაინაში (თუნდაც ხვალ ჩვენ, რომ დაგვჭირდეს მაინც ყველაფერი იქ უნდა გავაგზავნოთ-ისე ნატოს ქვეყნებს თუ ვედრებით,ისინი ნატოს წევრები არიან და არც უპირებს რუსეთი არაფერს).
კარგი იქნებოდა ისე ოპოზიციას, ის რეზოლუციები გახსენებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს, ნაცმოძრაობის წევრების ხელმოწერით რომ დააბრალეთ და არც ის დაგავიწყდეთ ცხინვალის დაბომბვას კასეტური ბობებით, რომ იჩემებდით.
და ბოლოს, შემოიხვიეთ შარფებად დროშები, დაიჭირეთ ხელში ბუშტები, დაეწყვეთ ოცეულებად ან ასეულებად და წაბრძანდით უკრაინაში, ვაი და მართლა ომი, რომ დაიწყოს, უკრაინას თქვენი პოპულისტურ-პროვოკაციული რეზოლუციები კი არ დაჭირდება არამედ ცოცხალი ძალა- წინ ფრონტის ხაზზე, თან რუსეთთან ომისა და გამარჯვების გამოცდილება თქვენ, რომ გაქვთ, სწორედ ასეთი უნდა,”- წერს ლევენ ნიკოლეიშვილი.
ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი მოამზადა.
დოკუმენტი „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტს “ქართულმა ოცნებამ“ გუშინ წარუდგინა და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
ოპოზიცია და მმართველი პარტია ტექსტის შინაარსზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რეზოლუციის თავდაპირველი ტექსტი, რომელზეც პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო, მოგვიანებით შეცვალა და რეზოლუციის ახლანდელ ტექსტში სიტყვა “რუსეთი” ნახსენები არ არის.














კომენტარები