სისხლის სამართლის საქმის წარმოუდგენელი გაყალბების ისტორია – ასე შეაფასა ხატია დეკანოიძემ, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლექსო რაფავას საქმეში აღმოჩენილი ახალი ვიდეომტკიცებულებები.
ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ხელში ჩაუვარდათ ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაფავას იარაღი ჩაუდეს, ასევე კარგად ჩანს, როგორ აყალბებენ პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნები ყოფილი კოლეგის საქმეს.
დეკანოიძის თქმით, მაშინ, როცა საქმის მასალების მიხედვით, დაკავების დღეს, პოლიციელები იყვნენ ლექსო რაფავასა სახლში და ატარებდნენ ჩხრეკას, რეალურად ეს ასე არ ყოფილა და იმ დროს იქ არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ვიდეომტკიცებულებაა ისიც, რომ , პოლიციის სამორიგეოში, პოლიციელები თავის უშუალო უფროსებთან ერთად, ადგენენ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს:
“პოლიციის სამორიგეოში ყალბდება ის ოქმი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს, ლექსო რაფავას სახლში, ანუ დაკავების ადგილზე.” განაცხადა დეკანოიძემ.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიდეომტკიცებულებები – 46 გვერდიანი დასაბუთებული წერილით, გადაეცა პროკურატურას, თუმცა საგამოძიებო უწყებას რეაგირება არ ჰქონია, ხოლო სასამართლომ დასაშვებად არ სცნო.
დეკანოიძის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებები მედიას გადაეცემა და გასაჯაროვდება.
შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ლექსო რაფავა ხობში დააკავეს.














კომენტარები