ეკონომისტი რომან გოცირიძე 7 არგუმენტს ასახელებს, რის გამოც, მისი მტკიცებით, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ კანონი სასწრაფოდაა შესაცვლელი:
,,ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შესახებ კანონი სასწრაფოდაა შესაცვლელი, რადგან ისეთ, ზოგ შემთხვევაში აბსურდულ დებულებებს შეიცავს, რომ მისი აღსრულება ან შეუძლებელია ან ხელისუფლებას აძლევს ინტერპრეტირების შესაძლებლობას და შეიძლება იგი შერჩევითი რეპრესიებისათვის იქნას გამოყენებული.
აქ მხოლოდ იმ კურიოზებს თუ უაზრობებს ჩამოვთვლი, რომელიც ბევრმა არც კი იცის.
1. დავიწყოთ იმით, რომ იბეგრება ოჯახის წევრების შემოსავლების ჯამი და არა მხოლოდ ოჯახის ცალკე წევრის შემოსავალი. იბეგრება ყველა ოჯახი თუ პირი, ვისი წლიური შემოსავალიც დაბეგვრამდე აღემატება 40 ათას ლარს, ანუ ხელზე იღებს 32 ათას ლარს. სინამდვილეში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია, რადგან დაქირავებულ პირს დამატებით უკავდება 2 პროცენტი საპენსიო ფონდისათვის. ვინაიდან ყველა შემოსავალი ამ ორი პროცენტით არ იბეგრება და არც საშემოსავლო 20 პროცენტიანი გადასახადით იბეგრება ყველა სახის შემოსავალი( მაგალითად, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფული), ზედმეტ დეტალებში შესვლა ახლა აქ არაა საჭირო.
2. შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი ( გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ). ფულადი საჩუქარიც შემოსავალში ითვლება. მაგალითად, თუ 5 ათასი ლარი შეუგროვეს ადამიანს, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა ქუჩის გადაკეტვისათვის, მან ეს ფული უნდა დაამატოს თავის სხვა შემოსავალს. გაგეცინათ, მაგრამ ასეა. დაჯარიმებული პირი ამ “ნაზარდის” გამო ქონების გადასახადის გადამხდელი შეიძლება გახდეს.
3. საქართველოში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღებს ხელფასს დაქირავებით, ნახევარ მილიონამდე არის თვითდასაქმებული( გლეხებიც შედის), დაახლოებით 200-300 ათასი ოჯახი იღებს უცხოეთიდან ნათესავების მიერ გადმორიცხულ ფულს( არავინ იცის ზუსტად ეს რიცხვი)-ყველა ეს შემოსავალი ჯამდება და თუ 40 ათას ლარს გადააჭარბა, იბეგრება მისი უძრავი და მოძრავი ქონება.
4. რაც თითქმის არავინ იცის-ემიგრანტების გადმორიცხვებიც შემოსავალში ითვლება. ერთი ოჯახი უხეში დათვლით დაახლოებით 400-600 დოლარს იღებს საშუალოდ თვეში უცხოეთიდან, რაც ერთი შეხედვით არაა საკმარისი, რომ მისი ჯამი წლიურ 40 ათასს მიუახლოვდეს, მაგრამ ძაღლის თავი იმიტომაა აქ დამარხული, რომ ეს ფული სხვა შემოსავლებს ემატება. მაგალითად, თუ ოჯახის წევრების ჯამური ხელფასი 40 ათას ლარზე ნაკლებია და ჰგონიათ, რომ არ არიან ქონების გადასახადის გადამხდელები, სინამდვილეში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულიც უნდა იქნას დამატებული. ამას არავინ აკეთებს.
5. კიდევ ერთი დიდი კურიოზი თუ აბსურდი: პირი თვითონ აფასებს დასაბეგრი საკუთარი ქონების ღურებულებას. თუ ეს არ მოეწონა მთავრობას, დაგაჯარიმებს.
ერთ კორპუსში, ერთ სართულზე მცხოვრებმა ორმა პირმა შეიძლება ერთნაირი ფართის ბინის ღირებულება განსხვავებულად შეაფასოს. ერთ ქუჩაზე მდგომი ერთნაირი სახლი ერთმა შეიძლება მეტად შეაფასოს და მეორემ ნაკლებად. ასე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქონების შეფასებისაას( სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი, მანქანა, ნახატები, და ა. შ.).
ქვეყანაში უძრავი ქონების ფასები საშინლადაა გაზრდილი, განსაკუთრებით ბინების ( უკრაინაში ომის დაწყებიდან ასი ათასზე მეტი მიგრანტის შემოსვლის გამო), რაც შეუძლებელს ხდის საბაზრო ფასებით ქონების გადასახადის გადახდას დაბალშემოსავლიანების მხრიდან.
6. შემდეგი კურიოზი ისაა, რომ როცა ეს კანონი შემოიღეს, ზუსტად ოცი წლის წინ, მაშინ მოქალაქეთა 99 პროცენტი მას არ იხდიდა. ის ეტაპორივად უნდა შესულიყო მოქმედებაში შემოსავლების( სიმდიდრის) ზრდასთან ერთად. მაშინ საშუალო ხელფასი იყო დაახლოდბით 200 ლარი, ახლა არის 2000 ლარამდე, ოღონდ ნომინალური და არა რეალური. იმ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა დაახლოდბით 3-ჯერ. ქონების გადასახადის გადამხდელი გახდა ლამის ყოველი მეორე ოჯახი( საქართველოში დაახლოებით ერთი მილიონი ოჯახია), თუმცა მისმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის ამ გადასახადის არსებობის შესახებ. იმიტომ კი არ გაიზარდა გადამხდელთა რიცხვი, რომ ხალხი გამდიდრდა, არამედ იმიტომ, რომ ფასები და შემოსავლები გაიზარდა და 40 ათსიანმა ზღვარმა ფაქტობრივად აზრი დაკარგა.
7. ბოლო კურიოზი ( გაგრძელება კიდევ შეიძლება)-ხელისუფლება თვალს ხუჭავს და ამ გადასახადის ამოღება თვითდინებაზე და თვითინიციატივაზე აქვს მიშვებული, რადგან ამდენი ხარვეზის შემდეგ ისედაც ღარიბი მოსახლეობის დამატებითი დაბეგვრა ერთის მხრივ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება( აღრიცხვაც), მეორეს მხრივ, სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. რევოლუციას ოპოზიცია კი არა, საკუთარი მომხრეები მოუწყობენ.
წლებია ცდილობენ რაღაც გააკეთონ, მაგრამ თავს ვერ აბამენ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ უნდათ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წესის ცვლილება დაუკავშირონ იურიდიული პირების ( საწარმოების) ქონების დაბეგვრის წესის ცვლილებას. ეს შეცდომაა. ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან არა აქვს არავითარი კავშირი. საწარმოთა ქონების დაბეგვრის წესს არ სჭირდება შეცვლა, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი.
ბოლოთქმა: რატომ გახდა ეს საკითხი ახლა აქტუალური? იმიტომ, რომ ამ თვის ბოლომდე არის ჩასაბარებელი ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. აგრეთვე იმიტომაც, რომ უამრავ ადამიანს უწევს უკვე მისი გადახდა, ამის საშუალება კი არა აქვს.














კომენტარები